კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მისაღებად მიმართავს

18 ნოემბერი, 2011

სივილ ჯორჯია

17 ნოემბერს ოპოზიციონერმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ადვოკატები საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე უახლოეს დღეებში მიმართავენ პრეზიდენტ სააკაშვილს.

რეგიონული მედია–საშუალებებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ იგი ოფიციალურ განაცხადს პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარასკევს, ან მომდევნო კვირას წარუდგენს.

კანონის თანახმად, გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე პრეზიდენტმა განაცხადის წარდგენიდან მაქსიმუმ სამ თვეში უნდა მიიღოს.

საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე პრეზიდენტმა უარი შეიძლება უთხრას მხოლოდ იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში; ან  სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.

თავდაპირველად ივანიშვილი და მისი გუნდი თავს იკავებდნენმოქალაქეობის აღდგენის მიზნით პრეზიდენტისთვის მიმართვისგან და სანაცვლოდ, სარჩელი შეიტანეს სასამართლოში მოქალაქეობის შეწყვეტისთაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის 11 ოქტომბრის ბრძანებულების გაუქმების თხოვნით.

17 ნოემბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი გეგმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით გარკვეულწილად „წინააღმდეგობაში მოდის“  თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან. თუმცა, მისი თქმით, მან იმის გამო გადაწყვიტა პრეზიდენტისთვის მიემართა, რომ სასამართლო სავარაუდოდ გააჭიანურებს პროცესს.

იგი იმედოვნებს, რომ მისი საქართველოს მოქალაქეობა აღდგება საქართველოს ხელისუფლებაზე ორმაგი ზეწოლის შედეგად – ერთი მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობისგან და მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობისგან.

საქართველოს მოქალაქეობის გარეშე ივანიშვილს არ აქვს უფლება ჩამოაყლიბოს ან დააფინანსოს პოლიტიკური პარტია. თუმცა, მან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი არ აღუდგენს მას მოქალაქეობას, ეს ვერ შეუშლის ხელს მის პოლიტიკურ საქმიანობას. ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ თავისი დაგეგმილი პარტიის პირობით ლიდერად საკუთარ 19 წლის შვილს განიხილავს, რათა დაძლიოს იურიდიული სირთულეები.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა 2004 წელს მიანიჭა და განაცხადა თავის განკარგულებაში, რომ ეს ქმედება „სახელმწიფო ინტერესებში“ შედიოდა. იმ დროს ივანიშვილს რუსული პასპორტი ჰქონდა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეც გახდა, რაც შემდგომ მისი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი გახდა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ივანიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობის შესახებ მილიარდერი ქველმოქმედის პოლიტიკაში წასვლის შესახებ 7 ოქტომბრის განცხადებიდან შეიტყვეს, სადაც იგი აცხადებდა, რომ საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებდა.

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ, ივანიშვილმა რუსული პასპორტის ჩაბარებისთვის საჭირო პროცედურები დაიწყო. თუმცა, საფრანგეთის პასპორტის შენარჩუნება გადაწყვიტა. 17 ნოემბერს ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად მას მხოლოდ ფრანგული პასპორტი აქვს.

ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი პრესკონფერენციაზე,
1 ნოემბერი, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ახალი ამბები