კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის ტაშის დასაკვრელად ყვარელში ხალხი სხვადასხვა რაიონებიდან ორგანიზებულად ჩაიყვანეს

18 ნოემბერი, 2011

ყვარელში ილიას ტბისა და დასასვენელი კომპლექსის გახსნის დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად საჯარო მოსამსახურეები და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან ჩაიყვანეს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიაშვილმა განუცხადა, თელავიდან ყვარელში დაახლოებით 400 ადამიანი წაიყვანეს.

„ერეკლეს მოედნის წინ გაჩერებული იყო ოთხი ყვითელი ავტობუსი, 15-მდე სამარშრუტო ტაქსი და კიდევ პატარა მანქანები. მოძრაობა შეფერხებული იყო. ხალხში თელავის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი მიხეილ დაღუნდარიძე, კულტურის სახლის დირექტორი ზაქრო რაზმაძე და ბიზნესმენი ნიკო ჭინჭარაშვილიც შევნიშნე. დანარჩენები „ტაშის მკვრელები“ იყვნენ, რომლებიც ყველგან დაჰყავთ ხოლმე. ზოგიერთს  ხელში ფურცლებიც ეკავა და აღნიშნავდნენ ვინ მიდიოდა. საერთო ჯამში 400-მდე ადამიანი იყო“, - აღნიშნა მოსიაშვილმა.

ყვარელში პრეზიდენტის დასახვედრად საჯარო მოსამსახურეები და სახელისუფლებო პარტიის აქტივისტები ლაგოდეხიდანაც წაიყვანეს.

„რვა მიკროავტობუსი გაავსეს ხალხით. ვკითხე, სად მიდიხართ მეთქი და არ მითხრეს. მერე გავიგე, რომ ყვარელში სააკაშვილი ჩამოდის და იქ უნდა დახვდნენ. იტყვიან, აი რამდენი ხალხი შეიკრიბა და როგორ გაუხარდათ ილიას ტბის გახსნა, რომ წინ მივდივართ და ა.შ. აბა, ამ სიცივეში ტბაზე თავისით არავინ მივა და შოუ ხომ უნდა მოაწყონ“, - განაცხადა ლაგოდეხის მკვიდრმა თამარ თავაძემ.

ამავე დროს, სააკაშვილის დასახვედრად, დედოფლისწყაროს, თელავის, გურჯაანის და ყვარლის საჯარო სკოლებიდან ილიას ტბის ტერიტორიაზე 4 ათასამდე მოსწავლე ჩაიყვანეს.

„ყვარლის რაიონიდან პრეზიდენტის დასახვედრად 2400 მოსწავლე წავიყვანეთ. ბავშვები არაჩევეულებრივ სანახაობას ნახავენ. მასწავლებლები არცერთი არ წაგვიყვანია. თქვენთვის არ მცალია, ილიას ტბის გახსნას ვესწრები და თუ გინდათ ხვალ დამირეკეთ“, - განუცხადა კახეთი საინფორმაციო ცენტრს ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ქეთევან ჭიპაშვილმა.

ყვარელში, ილიას ტბის და დასასვენებელი კომპლექსის საზეიმო გახსნას საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები