კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეფორმები, რომელიც ევროპას გვაშორებს

24 ნოემბერი, 2011

თეა თოფურია

რა უფრო მნიშვნელოვანია - სიმდიდრე თუ კეთილდღეობა? ევროპამ ამ კითხვას წლების წინ უპასუხა და განაცხადა, რომ სიმდიდრე კეთილდღეობას არ ნიშნავს. ევროპის მდგრადი განვითარების სტრატეგია სწორედ ამ პრინციპს ემყარება - განვითარდი ნელა, მაგრამ უსაფრთხოდ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ აქვს გეზი აღებული, მისი რეალური ქმედებები მაინც ეწინააღმდეგება ევროპის პოლიტიკას.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით საქართველომ მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავების ვალდებულება აიღო. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ დღემდე ეს პროცესი არც კი დაწყებულა.

შოთა მურღულია, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის კვლევებისა და რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი: „ყველაფერს სწორად აკეთებენ, რეფორმები გადმოაქვთ, სისტემას აწყობენ, მაგრამ ყველგან თითო ჭანჭიკია მოშვებული, რომ ამ სისტემამ არ იმუშაოს“.

დღეს კეთილდღეობის, ცხოვრების ხარისხის ევროპული ცნება, გარდა წმინდა ეკონომიკური მახასიათებლებისა (მთლიანი შიდა პროდუქტი და მისი დინამიკა) მოიცავს ადამიანის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, ღირსეული მუშაობის და სრულფასოვანი დასვენების შესაძლებლობას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას, კომფორტულ და უსაფრთხო სოციალურ გარემოს, და აგრეთვე თაობათა სოლიდარობას - უზრუნველყოფილ სიბერეს მოხუცებისთვის და დღეს არსებულ ან უკეთეს ფიზიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს მომავალი თაობებისთვის. ყოველივე ამას ევროპელები ცხოვრების ხარისხს უწოდებენ.

საპირისპირო ვითარებაა საქართველოში. პენსია მნიშვნელოვნად ნაკლებია საარსებო მინიმუმზე (დღესდღეობით პენსია 100 ლარია თვეში, საარსებო მინიმუმი კი 137.8 ლარია). ასევე ძალზე მწირია განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე ჯგუფების დახმარება.

რაც შეეხება უმუშევრობას, ევროპისგან განსხვავებით, საჯარო უწყება, რომელიც ადამიანებს სამუშაოს ძებნაში მოეხმარებოდა, საქართველოში არ არსებობს. ამასთან დაუსაქმებელია უფროსი თაობა (50-60 წლის ადამიანები). მაშინ როცა ევროპარლამენტმა 2012 წელი ”აქტიური სიბერის და თაობების შორის სოლიდარობის” წლად გამოაცხადა. იგივე მდგომარეობაა სურსათის უვნებლობის, ჯანდაცვის და სხვა ევროპისთვის პრიორიტეტულ სფეროებში.

რაც შეეხება ბუნებრივ რესურსებს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ხმაური გამოიწვია ტყის რეფორმამ. ხელისუფლება ცდილობს, შეცვალოს ტყის კოდექსი, საქართველოში არსებული ტყეები კი, ავსტრიული მოდელის მიხედვით, წინასწარი აღწერის გარეშე, 49–წლიანი იჯარით გასცეს. თავდაპირველად საუბარი იყო ტყეების სრულად გაცემაზე, მათ შორის უნიკალური, ქალწულებრივი და დეგრადირებული ტყეების, თუმცა ამჯერად ეს საკითხი მაინც განხილვის პროცესშია.

ნათია იორდანიშვილი, ენერგეტიკისა დაბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ტყის მართვის დეპარტამენტი: „2003 წლიდან სატყეო სექტორში გამუდმებით ცვლილებებია. თუმცა, ვერც ერთმა შედეგი ვერ მოიტანა. სწორედ ამიტომ გახდა ეს რეფორმა საჭირო. ტყის აღწერა ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ ამას თავად მეიჯარე გააკეთებს. სამინისტრო კი შერჩევის მეთოდით გადაამოწმებს“.

მეიჯარეს შეუძლია, ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ (2 წლის შემდეგ) უარი განაცხადოს აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუკი აღმოაჩენს, რომ მოცემული ტყე ბიზნესის საწარმოებლად მომგებიანი არაა. თუმცა, ამ შემთხვევაში გაურკვეველია, რატომ უნდა დათანხმდეს ინვესტორი საკმაოდ ძვირადღირებული ინვენტარიზაციის ჩატარებას, თუკი შეიძლება, რომ ეს მისთვის წყალში გადაყრილი თანხა აღმოჩნდეს.

ნათია იორდანიშვილის თქმით, არსებობს ძველი აღწერები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია, მეიჯარეს არაზუსტი, მაგრამ მიახლოებითი წარმოდგენა შეექმნას მის მიერ აღებული ტყის ფართობის შესახებ.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აცხადებს, რომ აღნიშნული რეფორმა არათუ  მდგრად განვითარებას  უზრუნველყოფს, არამედ საკმაოდ საშიშიცაა. არ არსებობს მეიჯარის მიერ განხორციელებული საქმიანობის სრულფასოვანი კონტროლის მექანიზმი; იჯარა ითვალისწინებს ტყის სტატუსის შეცვლის შესაძლებლობას და ტყის ტერიტორიის გამოყენებას სხვა დანიშნულებებით; ასევე წყლისა და მინერალური რესურსების ათვისებას; საფრთხე ექმნება ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, რომელიც მსოფლიო ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილების სიაშია; რეფორმა თემებს, მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებს ბუნებრივი რესურსების გარეშე ტოვებს, რამაც მომდევნო 49 წლის განმავლობაში შეიძლება შეაფერხოს რეგიონების განვითარება და, ზოგადად, ქვეყნის დეცენტრალიზაციის პროცესი. სატყეო სექტორის მართვის შემოთავაზებული მოდელი გამორიცხავს ახალი, მათ შორის, გეგმარებითი დაცული ტერიტორიების შექმნას, რაზეც საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო დაფინანსებით წლების განმავლობაში მუშაობდა. ტყეების მართვის სახელმწიფო მონიტორინგი ძირითადად ბაზრის კონტროლით შემოიფარგლება, ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორებისთვის კი, როგორიცაა დაცვითი ტყეების მართვა, ხელისუფლებას კონტროლის შესაძლებლობა და რესურსები არ გააჩნია.

ახალი ამბები