კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მრავალწლიანი დავაც დასრულდა და ებრაელი ბიზნესმენებიც განთავისუფლდნენ

7 დეკემბერი, 2011

ალექსი ბეჟანიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2 დეკემბერს შეიწყალა. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე, ასევე ჰუმანური მოსაზრებებით, მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყალებინა ებრაელი ბიზნესმენები.

„ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო ასევე ჰუმანური მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ასაკის არიან დაკავებულიები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ რონი ფუქსს 6,5 წლით, ზეევ ფრენკელს კი 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

იმავე დღეს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ დაასრულა მრავალწლიანი საარბიტრაჟო დავა, რომელშიც ასევე ებრაელი ბიზნესმენები ფიგურირებენ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ხანგრძლივი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად 2011 წლის 29 ნოემბერს მიაღწია ქვეყნისთვის ხელსაყრელ შეთანხმებას კომპანია Tramex International Inc-თან. კერძოდ, ქართულმა მხარემ საბოლოოდ დაასრულა მრავალწლიანი საარბიტრაჟო დავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, დავა შეეხებოდა 1992 წლის 3 მარტს საქართველოს მაშინდელი მთავრობის უკანონო გადაწყვეტილებას, რომლითაც სახელმწიფო კომპანია „საქნავთობმა“ გააფორმა კაბალური ხელშეკრულება კომპანია Tramex International Inc-ის წარმომადგენლებთან - რონი ფუქსსა და იოანის კარდასოპულოსთან. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ერთ კომპანიას - Tramex International Inc-ს ეძლეოდა ექსკლუზიური უფლება ქვეყანაში არსებულ გაზისა და ნავთობის ინფრასტუქტურაზე.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ერთ წელიწადში ამავე კომპანიამ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების უკანონო ქმედებების შედეგად, მოიპოვა 30-წლიანი ექსკლუზიური უფლება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და მომავალში გაყვანილ ნავთობსადენებზე. ამ ხელშეკრულებების სანაცვლოდ, კომპანიას საქართველოს სასარგებლოდ არც ერთი თეთრი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, არ შესრულებულა ის მცირედი ვალდებულებები, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით.

1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც შეიქმნა საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია, საქართველოში არსებული ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მართვის სრული უფლება სწორედ ამ კორპორაციამ მიიღო. რის შემდეგაც კომპანია Tramex International Inc-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს დავა მათ მიერ გაფორმებული კონტრაქტების კანონიერების თაობაზე, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში.

საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, Tramex International Inc-ის წილის მფლობელების რონი ფუქსისა და იოანის კარდასოპოლუსის სასარგებლოდ, საქართველოს დაეკისრა 98 მილიონი დოლარის გადახდა, რომელმაც მზარდი პროცენტის გამო 110 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანას თავიდან აეცილებინა მძიმე ფინანსური სანქციები, რომელიც გამოწვეული იყო წინამორბედი ხელისუფლების უკანონო ქმედებებითა და ქვეყანაში იმ დროს არსებული კორუფციით. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებთან ერთად აწარმოა მოლაპარაკებები და მიღწეულია შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დასრულდა მრავალწლიანი დავა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საბოლოოდ, საქართველო გადაიხდის დაკისრებული თანხის მხოლოდ 1/3, შესაბამისად ბიუჯეტიდან დაიზოგა 70 მილიონი აშშ დოლარი, რაც ფინანსური თვალსაზრისით საქართველოსთვის სასარგებლოა.

როგორ გავყიდოთ პარლამენტის შენობა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაციის შეფასებით, ებრაელ ბიზნესმენებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების ქმედებები სწორი იყო და ამას ქართული მხარის მიერ 70 მილიონი დოლარის დაზოგვაც ადასტურებს.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 6 დეკემბერს გამართულ ტრადიცულ ბრიფინგზე ებრაელი ბიზნსმენებისთვის პარლამენტის შენობის მიყიდვის მცდელობის შესახებ ებრაულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

„კონკრეტულ ფაქტზე ვერაფერს გეტყვით. გარიგებით, რომელიც დაიდო, ქართულმა მხარემ 40 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს. ეს არის საქმე, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დანაშაულებრივ-კორუფციული გარიგების შედეგად წარმოიქმნა და ჩვენს სახელმწიფოს დღემდე მძიმე ტვირთად აწვა. შეგახსენებთ იმასაც, რომ სწორედ ამის გამო სახელმწოფოს ჯამური თანხა - 110 მილიონი დოლარი ჰქონდა გადასახდელი და 70 მილიონის დაზოგვა ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი სწორი იყო“,  - განაცხადა მანჯგალაძემ.

ებრაული გამოცემა „იზრუსი“ კი ზეევ ფრენკელის ადვოკატ მორდეხაი ცივინზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ებრაელ ბიზნესმენს გათავისუფლების სანაცვლოდ პარლამენტის შენობის 40 მლნ დოლარად ყიდვას სთავაზობდა.

„დაახლოებით 4 თვის წინ მე სასწრაფოდ გავფრინდი თბილისში დაკავებული ბიზნესმენების ერთ-ერთი მეგობრის თვითმფრინავით, რამდენადაც გვითხრეს, რომ არსებობს „გარღვევა“ და მიხეილ სააკაშვილი გარიგების შესათავაზებლად მზადაა. როგორც გაირკვა, მას სურდა, ებრაულ მხარეს თავდაპირველად საქართველოს პარლამენტის შენობა 140 მლნ დოლარად ეყიდა. გარიგების თანახმად, 100 მლნ ის თანხაა, რომელიც საქართველოს ფუქსისა და ფრენკელის და მათი კომპანიონებისადმი ჰმართებს, კიდევ 40 მლნ კი ებრაელებს ქართველებისთვის უნდა გადაეხადათ. მოგვიანებით სააკაშვილმა შენობის გარემონტება და საქართველოს ხელისუფლებისთვის 30-წლიანი ვადით იჯარით გადაცემა შემოგვთავაზა“, - აცხადებს ცივინი და აქვე დასძენს, რომ ეს გარიგება არ შედგა.

„პირველ რიგში, სააკაშვილმა ძალიან მაღალი ფასი მოითხოვა. გარდა ამისა, გამოცდილებამ აჩვენა, რომ შეიძლებოდა, შენობა ებრაელებისთვის უბრალოდ ჩამოერთვათ და არც იმის გარანტია არსებობდა, რომ ფუქსი და ფრენკელი გათავისუფლდებოდნენ. საბოლოოდ, ბიზნესმენების გათავისუფლება დაახლოებით 70 მლნ დოლარი დაჯდა, რაც პარლამენტის შენობის ყიდვის შემოთავაზების „ნახევარ ფასს“ შეადგენს“, - აღნიშნა ცივინმა.

მისივე თქმით, „ებრაელ ბიზნესმენებთან დაკავშირებით ომი ყველა ფრონტზე მიმდინარეობდა“.

„ჩვენ ამ თემის ევროპარლამენტში აწევას ვაპირებდით, რათა ევროკავშირს საქართველოში ამ საქმის შესამოწმებლად დამკვირვებლები გაეგზავნა, ამასთან დაკავშირებით კი მათ საქმე ძალიან ცუდად აქვთ. მე მსგავსი რამ ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს. ეს იყო ნამდვილი ხანგრძლივი ომი. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის ჩარევის წყალობით, ყველაფერი უფრო სწრაფად გადაწყდა“, - აცხადებს ადვოკატი.

როგორც „იზრუსი“ წერს, „ფუქსისა და ფრენკელის გათავისუფლების საქმეში მეტ-ნაკლებად ჩართულები იყვნენ პრეზიდენტი შიმონ პერესი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი ქლინთონი, აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ბილ ქლინთონი, ამერიკელი სენატორი ჯო ლიბერმანი, თურქეთისა და ჰოლანდიის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ქნესეთის სპიკერი რეუვენ რივლინი და მიხეილ სააკაშვილის ნაცნობი ქართული დიასპორის შეძლებული წარმომადგენლები“.

            
ინტერპრესნიუსისა და საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ მიხედვით

ახალი ამბები