კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარი აღწერს, როგორ აწამეს

9 დეკემბერი, 2011

გელა მთივლიშვილი

სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურატურას რეაგირებისთვის გადაუგზავნა მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის ახსნა-განმარტება, სადაც პატიმარი აღწერს, როგორ აწამეს N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.

სახალხო დამცველის რწმუნებულები მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილს 2011 წლის 1 დეკემბერს შეხვდნენ. გიორგი ტუღუშს განცხადებით კახაბერ ბარათაშვილის ადვოკატმა მიმართა. იგი აღნიშნავდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შეხვედრისას მოუყვა მის მიმართ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ.

ომბუდსმენის წარმომადგენლებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში პატიმარი განმარტავს, რომ 2011 წლის 27 ნოემბერს, ღამის საათებში, N17 დაწესებულებიდან თირკმლის შეტევით გადაიყვანეს N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მისივე თქმით, 2011 წლის 28 ნოემბერს საღამოს ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები, რის გამოც კონტროლიორს ექიმის მოყვანა სთხოვა.

მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ნახევარი საათის განმავლობაში მასთან არავინ მისულა, მან კვლავ მიმართა კონტროლიორს იმავე თხოვნით, თუმცა - უშედეგოდ.

„გაუსაძლისი ტკივილის გამო, იძულებული გავხდი, დამებრახუნებინა საკნის კარზე, რა დროსაც ჩემთან საკანში შემოვიდა დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც ძირს დამაგდეს და მცემეს. მოგვიანებით კვლავ მქონდა აუტანელი ტკივილები. ასევე თავს ვგრძნობდი შეურაცხყოფილად. მივხოხდი კართან და დავიწყე თავის მირტყმა. ჩემთან კვლავ შემოვიდნენ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები, დამადეს ხელბორკილები და ცემით ჩამიყვანეს მორგში, სადაც დამაგდეს ბეტონის იატაკზე და მცემეს“, - აღნიშნავს პატიმარი.

კახაბერ ბარათაშვილი იქვე განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ იგი დაახლოებით 30 - 40 წუთის მანძილზე ხელებზე ბორკილდადებული მუცლით იწვა მორგის იატაკზე. შემდეგ იგი გადაიყვანეს ფსიქიატრიული განყოფილების N10 საკანში, სადაც თანასაკნელებმა მისცეს ტანსაცმელი. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მას კვლავ გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა. მისი თქმით, შემდეგ იგი ჩაიყვანეს N18 დაწესებულების უსაფრთხოების უფროსის კაბინეტში, სადაც ავსაჯანიშვილმა მუქარითა და გინებით დააწერინა, რომ დაზიანებები, რომლებიც მსჯავრდებულს აღენიშნებოდა, მიეკუთვნებოდა თვითდაზიანებებს და რომ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა.

კახაბერ ბარათაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე განცხადება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც გაავრცელა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 6 დეკემბერს გაავრცელა განცხადება მსჯავრდებულ კახა ბარათაშვილის მიმართ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლის ფაქტზე. აღნიშნული განცხადებით საია ითხოვდა საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულიყო გამოძიება პატიმარ კახაბერ ბარათაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. ასევე, არ დამუქრებოდა საფრთხე მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. რამდენიმე საათის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის მიმართ, რომელსაც ა.წ. 30 ნოემბერს ჩაუტარდა თირკმლის ოპერაცია იმავე დაწესებულებაში, წუხელ ღამით კვლავ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან, ასევე, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ მუქარას მისი ოჯახის წევრების მისამართით“, - აღნიშნეს საია-ში.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებზე გუშინ, პარლამენტში ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს უსაყვედურა.

ლორთქიფანიძის თქმით, მინისტრს ერთი სიტყვაც არ უთქვამს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების ფაქტებზე, რაც სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში არის ნახსენები და რასთან დაკავშირებით საუბრის პირობაც მინისტრმა ერთი წლის წინ დადო.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ ლორთქიფანიძის პასუხად აღნიშნა, რომ კალმახელიძე პარლამენტში ამ საკითხზე სასაუბროდ არ იყო მიწვეული. შესაბამისად, მინისტრს ამაზე ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია.

ახალი ამბები