კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ივანიშვილის მეურნეობის თანამშრომლებზე პოლიცია ზეწოლას ახდენს

12 დეკემბერი, 2011

წილკნის სათესლე მეურნეობის თანამშრომლებზე პოლიცია ზეწოლას ახდენს. როგორც მეურნეობის ხელმძღვანელმა იოსებ კავსაძემ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მეურნეობა ბიძინა ივანიშვილის კომპანია „აგრო ქართუს“ ეკუთვნის. მისივე თქმით, მეურნეობის თანამშრომლებზე ზეწოლა მას შემდეგ ხორციელდება, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლის შესახებ განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა, ჩვენს თანამშრომლებს მუდმივად ავიწროვებენ. არ ვიცი, კონკრეტულად რომელი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები არიან ეს ადამიანები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თუ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ისინი შსს-ს მცხეთა - მთიანეთის სამხარეო სამმართველოდან არიან“.
 
იოსებ კავსაძის ცნობით, მეურნეობასთან მუდმივად პატრულირებს რამდენიმე მანქანა: „ხან ერთი თანამშრომელი გაჰყავთ დაკითხვაზე და ხან მეორე. რამდენიმე თანამშრომელს  სახლში ღამით მიაკითხეს. დაკითხვა, ძირითადად, ჩვენს საქმიანობას ეხება. რაც მთავარია, ყველას აფრთხილებენ, რომ ამ საუბრის შესახებ არავინ უნდა გაიგოს. იძულებულები გავხდით, გაძლიერებული მორიგეობა დაგვეწესებინა. მეურნეობის ტერიტორიაზე ყოველ ღამით დაცვასთან ერთად, ერთი თანამშრომელიც მორიგეობს“.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მეურნეობის თანამშრომლებს სთხოვა, პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიონ.
 
შპს „აგრო ქართუს“ სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო - საწარმოო ცენტრი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ორგანიზაციაა. „აგრო ქართუს“ კუთვნილი წილკნის სათესლე მეურნეობა 25 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მეურნეობაში, ძირითადად, სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის ჯიშების განახლება - ვირუსებისგან გაწმენდასა და ჰიბრიდული ჯიშების გამოყვანაზე მუშაობენ. წილკნის სათესლე მეურნეობაში 18 სპეციალისტის გარდა, 35-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. ისინი, ძირითადად, მოსავლის დარგვა, მოყვანა, გადახარისხების პროცესში არიან ჩართულები.
 
წილკნის სათესლე მეურნეობის ხელმძღვანელის განცხადებასთან დაკავშირებით მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი შს სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც კომენტარი არ გააკეთეს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები