კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოთში ჩასახლებული დევნილები თავს მოტყუებულად გრძნობენ

12 დეკემბერი, 2011

ინგა გვასალია, სამეგრელო

რამდენიმე თვეა, ფოთში, მალთაყვის უბანში, დევნილთა ახალი დასახლება გაჩნდა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან აფხაზეთიდან დევნილი 800-ზე მეტი ოჯახი  ჩამოასახლეს. პირველივე დღეებიდანვე დევნილები აქ  უამრავ პრობლემას შეეჯახნენ.

დევნილების ახალ თავსატეხად იქცა დაუმთავრებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ოთახებში დაბზარული კედლები და ალაგ-ალაგ აბერილი თუ აყრილი იატაკი. ახალმოსახლეთა აღშფოთება გამოიწვია კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ მათთვის 30-ლარიანი დავალიანების დარიცხვამ.  გადაუხდელობის შემთხვევაში მათ შუქის გამორთვით დაემუქრნენ, რაც შეასრულეს კიდეც. დევნილები გულისწყრომას ვერ ფარავენ წყლის უსამართლო და არათანაბარი გადასახადის გამოც.  წყალი ახალ რაიონს დღეში ერთხელ მიეწოდება, მხოლოდ ოთხი საათით - დილის რვიდან 12 საათამდე. დევნილთა მტკიცებით, მათ მიერ ამ დროის განმავლობაში გახარჯული წყლის ოდენობა არ  შეესაბამება იმ ტარიფს, რასაც ახდევინებენ.

ახალმოსახლეები ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტის ვიზიტსაც მოუთმენლად ელოდნენ. ეგონათ, ამ ვიზიტის შემდეგ მაინც რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ იმედგაცრუებულნი. როგორც ახალმოსახლეები ამბობენ, პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ მათი მდგომარეობა უფრო გაუარესდა. 

ციური მამარდაშვილი მარტო ცხოვრობს, იღებს 22-ლარიან დევნილობის დახმარებას და მარტოხელობის 30-ლარიან შემწეობას:  „მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. ომში დამეღუპა ერთადერთი შვილი. აქაურ მაცხოვრებლებს ძალიან მძიმედ დაგვაწვა კომუნალური გადასახადებისთვის განკუთვნილი 6-ლარიანი შეღავათის მოხსნა. წყალზე ძალიან ძვირს ვიხდით. მაგალითად, ამ თვეში 3 ლარი და 85 თეთრი გადავიხადე. 13-14 ლარის გაზს ვყიდულობ, გადასახადები არათანაბრად ნაწილდება.  სამსულიანი ოჯახები 5 ლარს იხდიან წყალზე, ზოგიც ნაკლებს, რაც გაუგებარია. დენს მომჭირნედ ვხმარობ, მხოლოდ ტელევიზორს და ნათურას ვრთავ, რომ ბევრი არ დავხარჯო და მაღალი გადასახადი არ მოვიდეს. აქ თითქმის ყველა ასეა. სარდაფები წყლითა და სამშენებლო მასალებითაა სავსე“.

45 წლის ლიაც ახალმოსახლე დევნილია. იგი ხალხის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე საუბრობს: „აქ რომ შემოვედი, სააბაზანო დაუმთავრებელი იყო. ხელოსნები თავად მოვიყვანე. ვიხდით კომუნალურ გადასახადებს, მაგრამ შესაბამის მომსახურებას ვერ ვიღებთ. საათობით გვირთავენ შუქს და როცა დავრეკავთ, უხეშად გვპასუხობენ - რატომ გვაღვიძებთ, ეგ ჩვენ არ გვევალებაო. ვინ გვეტყვის პასუხს, რამდენად სამართლიანია წინასწარ დავალიანების გადახდა დენზე?“

მამუკა მოსიავა, დევნილი: „აქ რაც გადმოგვიყვანეს, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები გაგვიუქმდა. თუმცა, ბევრ დევნილს დღემდე არა აქვს გადამისამართება გაკეთებული და მათზე დარიცხული საშეღავათო თანხები სად მიდის, არავინ იცის. შემოსვლისთანავე შეგვატანინეს ენერგოკომპანიაში 30-30 ლარი დეპოზიტის თანხა. წყალი გრაფიკით მოდის. სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული. როგორ შეიძლება მეტალოპლასტმასის ფანჯრებში წყალი შემოდიოდეს?! ერთი წლის განმავლობაში მაინც უნდა მოეცათ შეღავათები, სანამ ხალხი ადაპტაციის პერიოდს გაივლიდა. ვიღაც „ზევით“, ალბათ, ფიქრობს, რომ ჩვენ აქ შემოსახლებით გავმდიდრდით. ოთხი თვის განმავლობაში ერთხელ დარიგდა დახმარება 5კგ შაქრისა და 5 კგ მარილის სახით, რომლის ასაღებად დევნილები ავტოსადგურში დაიბარეს. არავის გაუთვალისწინებია, რომ ბევრს შეიძლება, იქამდე მისასვლელი სამგზავრო თანხაც არ ჰქონდა. დახმარება ერთ ოჯახზე მოდის, ერთი ნომრით, გადასახადის შემთხვევაში კი ასე არაა. ამ შემთხვევაში, ოჯახები გაყოფილია და ცალ-ცალკე იხდიან გადასახადს, რაც არასამართლიანია. მოუწყობელია ეზოები. ბავშვებს არა აქვთ სათამაშო მოედნები. დასამატებელია სანაგვე ურნები. არა გვაქვს აფთიაქი, რაც აუცილებელია, ასევე - სასურსათო მაღაზია. კარგი იქნებოდა, ამ ხალხისთვის შეღავათიანი კრედიტების მიცემა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად“.

გალელი სვეტა ყოლბაია ფართით არ არის კმაყოფილი: „ოჯახში 5 კაცი ვართ და  2- ოთახიან ბინაში ვცხოვრობთ. დავწერე განცხადება და ვნახოთ, თუ რამეს შემიცვლიან. ზუდგიდიდან გადმოგვიყვანეს. იქ მშვენიერი დიდი ფართი გვქონდა. აქაური პირობებით კმაყოფილი კი ვართ, მაგრამ სივიწროვეა და ამის გამო არ მომწონს“.

ოჩამჩირელები ირმა ბასარია და ემა გითოლენდია საცხოვრებლით კმაყოფილნი არიან, მაგრამ დასაქმების პრობლემა აქვთ და უჭირთ თავის გატანა. კმაყოფილთა რიცხვს არ მიეკუთვნება სოხუმელი მარგუშა გვალია: „ჩხოროწყუში ვცხოვრობდით ბაღის შენობაში. იქ თავი გაგვქონდა. საქონელი, ფრინველი გვყავდა  და საჭმელი არ გვიჭირდა. აქეთ გადმოგვასახლეს და გაგვაყიდინეს საქონელი. იქ ბოსტანიც გვქონდა და არ გვიჭირდა ცხოვრება. აქ ბინა კი მოგვცეს, მაგრამ ოთხ კედელში გამოკეტილებმა თავი როგორ ვირჩინოთ? ავადმყოფი ქალი ვარ, ამ ბინაში ყველაფერი უხარისხოდაა გაკეთებული. პარკეტი აიყარა და თავიდან დავაგებინეთ. შიდა კარები არ იკეტება. აბანოში წყალი არ მოდის და მთლიანობაში, ძალიან უკმაყოფილო ვარ. აქ რა უნდა ვაკეთოთ, თავი რით გავიტანოთ, ამაზე არავინ საუბრობს“.

გულრიფშის რაიონიდან დევნილი ციცინო კალანდიაც უკმაყოფილოა: „უხარისხოდ არის ყველაფერი გაკეთებული. ნესტია და წვიმის დროს ფანჯრიდან წყალი შემოდის. მე თვითონ პენსიონერი ვარ და არა მაქვს საშუალება, რამე გავაკეთო. მყავს შვილი და 3 შვილიშვილი და ერთოთახიანი ბინა მოგვცეს. არ გვყოფნის. რამდენმა ადამიანმა უნდა დავიძინოთ ერთ ოთახში? ჩემები წყალტუბოში დარჩნენ, რადგან აქ ვერ ვეტევით, პოლისი მქონდა, ისიც მომიხსნეს. გათბობა არ არის. ამ ნესტიან სახლში როგორ უნდა ვიყოთ? იქ შეშის ღუმელით ვთბებოდით. იქ გვერჩივნა. პროფესიით პარიკმახერი ვარ. დამასაქმონ და საკუთარ თავს მივხედავ“.

სოხუმელი ნანი ბერულავას  ბინაშიც პარკეტი ამობერილია: „ეს არის საცხოვრებელი სახლი? 3 ოპერაცია მაქვს გაკეთებული და ონკოლოგიურში დავდივარ სამკურნალოდ. არაფრის საშუალება არა მაქვს. შემოგვყარეს აქ! 7 ადამიანი 2 ოთახში ვცხოვრობთ. გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. გარედან ლამაზია შენობა, მაგრამ შიგნით უვარგისია“.

ახალმოსახლე დევნილები საცხოვრებელი ფართების დაკანონების ვადების დარღვევაზე და დაუსაქმებლობაზეც საუბრობენ. როგორც გავარკვიეთ, საკუთრებაში ფართების გადაცემა უახლოესი ერთი წლის განმავლობაში არ იგეგმება. დევნილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ ერთ წელიწადში მოხდება დევნილების ინტეგრაცია ახალ სოციუმში და მხოლოდ ამის შემდეგ  გადასცემენ ფართებს საკუთრებაში. 

დევნილთა გასახლებაში გაზის გაყვანამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო რჩება. უსახსროდ და უმუშევრად დარჩენილი დევნილებისათვის კი ელექტოგამათბობლებზე დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა ძალიან მძიმე ტვირთი აღმოჩნდა. ამის გამო ახალმოსახლეთა უმრავლესობა ელექტროენერგიისა და შესაბამისად, გათბობის გარეშე დარჩა. მსგავსი პრეტენზია და პრობლემა გააჩნია თითქმის ყველა ახალმოსახლე დევნილს. მოგვარდება თუ არა მათი პრობლემები, ამის იმედსაც კი არავინ აძლევს მათ. ის კი არადა, მიცემული ბინების დაკანონებასაც კი არ ჩქარობს ვინმე.

ჩვენ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს რამდენიმე კითხვით მაშინ მივმართეთ, როცა იგი პრობლემებით დატვირთული დევნილების გარემოცვაში იდგა და ჩვეული სიმშვიდით იგერიებდა მათ კითხვებს.

- ბატონო კობა, ბინებში პარკეტი უკვე აყრილია, უხარისხოდ არის უამრავი რამ გაკეთებული...
 
- ამ პროექტებს თვითონ ევროკავშირი უწევდა მონიტორინგს. რაც შეეხება ნესტს, ეს ზოგადად, დასავლეთ საქართველოში ყველგან არის. ხარვეზებს სამშენებლო კომპანია თავისი ვალდებულების ფარგლებში თვითონვე გამოასწორებს. მთავარი ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც აქ ჩამოვასახლეთ, გამოვიყვანეთ ავარიული შენობებიდან, რაც იყო ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ისინი ძალიან ცუდ პირობებში იყვნენ. კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ნაწილს ფართები დავუკანონეთ და მივეცით საკუთრებაში. რისი დაკანონებაც ვერ მოვახერხეთ, რადგან სხვისი იყო ან ავარიული იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, ასეთი საცხოვრისიდან დევნილები გადმოვასახლეთ ფოთში. აქ მათი ძირითადი მოთხოვნაა დასაქმება. უცებ ეს შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ეტაპობრივად დავასაქმებთ. 

- რითი უნდა გათბენ აქ ჩასახლებული დევნილები?

- იანვრის დასაწყისისთვის ამ ახალ რაიონში გაზი ჩაირთვება. მანამდე მოხდება მთლიანად ამ კორპუსების გაზიფიკაცია. ვფიქრობთ, მოვასწრებთ, თუ რამემ ხელი არ შეგვიშალა. თუმცა, დენი ხომ არის და მანადე ცოტა უნდა გავიჭირვოთ. ოთხი წლის წინ, ახლა რასაც ვხედავთ, ამის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო, მაგრამ ახლა ეს რეალობაა. ბევრი რამ დავძლიეთ და მომავალში კიდევ უფრო მეტს დავძლევთ. ხარვეზები აღმოიფხვრება. საკუთარ სახლში რემონტის დროსაც შეიძლება ხარვეზი გაიპაროს. ამხელა პროექტიდან კი, ცხადია, იქნებოდა მინიმალური ხარვეზი, რაც გამოსწორებადია. აფხაზეთში დაბრუნების შემთხვევაში, ეს სახლები დევნილებისთვის დივიდენდი და კაპიტალი იქნება. ხელცარიელი არ იქნებიან.

ახალი ამბები