კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არიან ტომბე: „კონფლიქის მხარეები მოწადინებული არიან, გაუჩინარებული ადამიანების ძებნას ხელი შეუწყონ“

14 დეკემბერი, 2011

ირინა არდაშელია,
საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

1990-იანი წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან 19 წელი გავიდა, თუმცა ამ ომით დაზარალებული ბევრი ადამიანისთვის დაკარგულ ოჯახის წევრთა ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. არაფერი იციან დაკარგული ოჯახის წევრების ადგილსამყოფელის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულებმაც.

აღნიშნულ საკითხზე „პირველი“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში არიან ტომბეს ესაუბრა.

- აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხი დღემდე ძალიან აქტუალურია, რადგან ბევრი ადამიანი დღემდე არ ფლობს ინფორმაციას, რა ბედი ეწია მათ ახლობლებსა და ნათესავებს. რამდენი ხანია, რაც ორგანიზაცია ამ საკითხებზე მუშაობს და როგორია აღნიშნულთან დაკავშირებით აფხაზური მხარის განწყობა?   

- საქართველოში ჩვენი ორგანიზაცია 1992 წლიდან მუშაობს. ჩვენი მანდატი სათავეს ჟენევის კონვენციიდან იღებს და ყველა სახელმწიფო, რომელიც ამ კონვენციის მონაწილეა, გვაძლევს მანდატს, ვიმუშაოთ შეიარაღებული კონფლიქტების ზონებში და ყველა იმ ცხელ წერტილში, სადაც ძალადობა ხორციელდება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში ბევრი ასეთი ცხელი წერტილია. შეიარაღებული კონფლიქტის დროს სხვადასხვა ტიპის მსხვერპლი ჩნდება: იძულებით გადადგილებული პირები, თავისუფლებააღკვეთილი პირები და უგზო-უკლოდ დაკარგულები. ასეთი კატეგორია ნებისმიერ კონფლიქტში გვხვდება. გაუჩინარების მიზეზი შეიძლება, სხვადასხვა იყოს. ჩვენ მოგვმართავენ ორივე კონფლიქტის (1992-93 და 2008) დროს გაუჩინარებულთა ოჯახების წევრები. ისინი გვთხოვენ, ინფორმაციის მოძიებაში დავეხმაროთ. თუმცა მოგეხსენებათ, სანამ უშუალოდ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მოძიების სამუშაოების ჩატარება ძალიან რთულია და როგორც წესი, ეს კონფლიქტის შემდგომ პერიოდში ხდება.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენ ამ საკითხთან შეხება გვქონდა და ვმუშაობდით დიალოგის რეჟიმში, მაგრამ ძალიან კონკრეტული მუშაობა 2009 წლიდან წარიმართა. როდესაც ვსაუბრობთ ამ მუშაობაზე, ორი მიმართულება მინდა გამოვყო: პირველი დიალოგის ხელშეწყობაა. გამომდინარე იქიდან, რომ 1990-იანი წლების კონფლიქტი ქართულ-აფხაზური კონფლიქტი იყო, გასაგებია, რომ დიალოგი უგზოუკლოდ დაკარგულთა თემაზე საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის უნდა წარიმართოს. კონკრეტული შედეგი ამ მიმართულებით 2010 წლის დეკემბერში იქნა მიღწეული. ჩვენი შუამდგომლობით აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისა და საქართველოს მთავრობის მაღალ დონეზე შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრის კონკრეტული შედეგი ის იყო, რომ შეიქმნა ე.წ. საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც 2-3 თვეში მაინც რეგულარულად იკრიბება და ძალიან კონკრეტულ საკითხებზე მუშაობს.

მინდა, გითხრათ, რომ რომ არა ნება ამ მხარეებისა, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა ის მუშაობა, რომელიც ახლა ხორციელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საქმიანობას კონფიდენციალურობის დაცვით ვახორციელებთ და გასაგებია რატომაც. ეს საკმაოდ მყიფე პროცესია და ხელი რომ შევუწყოთ ამ დიალოგის უფრო გაღრმავებას, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურობის დაცვაა აუცილებელი.

- საუბარია უგზო-უკლოდ დაკარგულთა მოძიებასა და მათი ცხედრების ქართული მხარისთვის გადაცემაზე. რა ეტაპზეა მოლაპარაკებები და რა პროცედურებზეა საუბარი?

- ზოგადად უგზო-უკლოდ დაკარგულთა თემატიკაზე მუშაობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ ის მაქსიმალურად სწრაფად წარიმართოს, რათა ოჯახის წევრებმა 20 წლის მერე მაინც მიიღონ რაიმე სახის ინფორმაცია დაკარგულ ახლობლებზე. მართალია, დიდი დრო გავიდა, მაგრამ მათთვის ეს გუშინდელ მოვლენასავითაა და დღემდე სჯერათ, რომ მათი ახლობლები დღესაც ცოცხლები არიან. გვინდა, რომ ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდეს. როცა დადგინდება კონკრეტული სამარხის ადგილმდებარეობა, შემდეგ ხდება ექსჰუმაცია, ნეშტის გადმოსვენება და ექსპერტიზა, და იდენტიფიკაციის შემდეგ იგი გადაეცემა ოჯახს. ეს ყველაფერი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა მოხდეს.

რაც შეეხება აფხაზურ მხარეს, ამ ეტაპზე იქ მონაცემთა შეგროვება ხორციელდება. ამას გარდაცვალების წინარე მონაცემები ეწოდება. კერძოდ, ოჯახის წევრებისგან გროვდება ყველანაირი ინფორმაცია დაკარგულთა შესახებ, რაც მათ სიცოცხლეშივე არსებობდა. იგივე პროცესს საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეების დახმარებით აქაც დავიწყებთ მომავალი წლიდან. ძალიან რთული სათქმელია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლიდან ჩვენ შევძლებთ ექსჰუმაციის დაწყებას. თუმცა, ალბათ, გესმით, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ზუსტი ინფორმაცია გვექნება.

ყველაზე ნაკლებად ახლა ცრუ მოლოდინის შექმნა მინდა იმ ხალხისთვის, ვინც ამ პროცესის შედეგებს ელოდება. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ არსებობს ნება საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა. ორივე მხარე მოწადინებულია, ამ პროცესს ხელი შეუწყოს. ჩვენც ვცდილობთ, ერთგვარად დავაჩქაროთ პროცესი.

რაც შეეხება 2008 წელს დაკარგულთა ხვედრს, ამ პრობლემის მოსაგვარებლად კიდევ ერთი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომლის მუშაობაში საქართველოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საკოორდინაციო მექანიზმი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე წითელი ჯვრის შუამდგომლობით იკრიბება. ორივე მექანიზმის ფარგლებში თავმჯდომარეობას გაწევს ჩვენი ორგანიზაცია, რადგან პროცესი ჩვენი ეგიდით ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები საკმაოდ მგრძნობელობითია, კონკრეტული პროგრესი მაინც არსებობს.

კონკრეტულ შედეგებზე როცა ვსაუბრობთ, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს ექსპერტ-ანთროპოლოგი, რომელიც აპრილის თვეში ცხინვალში გაემგზავრა. იქ იპოვეს მანამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ადამიანის საფლავი, ჩატარდა ნეშტის ექსჰუმაცია, რის შემდეგაც იგი გადმოასვენეს თბილისში, ეროვნული ექსპერტიზის ცენტრში, განხორციელდა იდენტიფიცირება, რის შემდგომაც ნეშტი ოჯახის წევრებს გადაეცათ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სხვა დაკარგულების შემთხვევაშიც მოხერხდება კონკრეტული პასუხების მიღება.

- საიდან ხდება ძირითადად ინფორმაციის მოპოვება და რამდენ უგზო-უკვლოდ დაკარგულზეა საუბარი?

- 2008 წლის კონფლიქტში 40-მდე ადამიანი ითვლება დაკარგულად, აფხაზეთის კონფლიქტის დროს კი - 2000-მდე. ინფორმაციას, პირველ რიგში, ოჯახის წევრები გვაწვდიან, რომლებიც ყველაზე ზუსტად ფლობენ მონაცემებს თავიანთი ოჯახის წევრებზე. არის ასევე ოჯახური გაერთიანებები, ასოციაციები, რომლებშიც დაკარგულთა ოჯახები ერთიანდებიან, ასევე ხელისუფლება, რომელსაც პირველადი პასუხისმგებლობა ეკისრება. ის მექანიზმი, რომელიც არსებობს, სწორედ ამ ინფორმაციის გაცვლას ემსახურება. საბოლოოდ კი მიღებული ინფორმაციის თავმოყრა ჩვენთან ხდება. ბოლო კონფლიქტის შემდეგ ხშირია შემთხვევები, როცა ჩვენ გვიკავშირდებიან პირები, რომელთაც ახსოვთ საკუთარი ხელით გათხრილი საფლავების ადგილმდებარეობა, მაგრამ 20 წლის წინანდელის მოძიება უფრო რთულია.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო წარმატებული თანამშრომლობა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც პროფესიონალი ფსიქოლოგებითაა დაკომპლექტებული. ესენია: GCRT, „ქსენონი“, „ნაბიჯი მომავლისკენ“; ასევე „უგზოუკლოდ დაკარგულთა ასოციაცია „მოლოდინი“ და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, გადამწყვეტ როლს სწორედ ხელისუფლება ასრულებს, რადგან პირველადი ინფორმაციის მოძიება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხდება. ჩვენი როლი ამ შემთხვევაში შეზღუდულია. ჩვენ ვეხმარებით ხელისუფლებას ამ ვალდებულების შესრულებაში. ასე რომ, პირველადი პასუხისმგებლობა ჩვენ არ გვეკისრება. ჩვენ მხოლოდ ნეიტრალური შუამავლის ფუნქცია გვაქვს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანდატიდან გამომდინარე.

ჩვენი საქმიანობის შესახებ ნაკლებადაა ცნობილი. ხშირად საკითხის პოლიტიზება ხდება. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული თვალსაზრისით ვმუშაობთ ამ თემაზე. ვცდილობთ, ამ ყველაფრისადმი ჰუმანიტარული მიდგომა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და ეს პროცესი ყოველგვარი პოლიტიზებისგან დავიცვათ. ჩვენი ამოცანაა, ოჯახის წევრებს რაიმე სასარგებლო ინფორმაცია მივაწოდოთ, დავეხაროთ ნეშტის მიღებაში, რათა შეძლონ, ტრადიციების შესაბამისად დაკრძალონ და ერთგვარად ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა შეძლონ.

ხშირად, როცა ოჯახის წევრებს ვხვდებით, გვეუბნებიან, რომ როცა ეკლესიაში შედიან, არ იციან, სანთელი მოსახსენიებელთან დაანთონ, თუ ცოცხლების სახელზე. მე მქონდა პატივი, პირადად შევხვედროდი უწმინდესსა და უნეტარესს და მესაუბრა ამ პრობლემებზე. პატრიარქმა გვითხრა, რომ ილოცებდა არა მარტო ცოცხალთათვის და გარდაცვლილთათვის, არამედ უგზო-უკლოდ დაკარგულთათვისაც.

- როგორია აღნიშნულის მიმართ აფხაზური მხარის მიდგომა?

- ზუსტად ერთნარი მიდგომაა, რაც ხდება აქეთ, იგივე ხდება იქეთაც. მე გითხარით ოჯახურ ასოციაციაზე ქართულ მხარეს და ასეთივე ოჯახური გაერთიანება არსებობს იქეთაც, გაერთიანება „აფხაზეთის დედები“, ასევე ადგილობრივი ფსიქოლოგი სპეციალისტი, რომელიც ისეთივე დახმარებას უწევს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს, როგორსაც აქეთ ქართულ ოჯახებს უწევენ. იმ 2000 უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანში, რომელიც ვახსენეთ, ორივე მხარის დანაკარგი მოიაზრება.

- არსებობს ვარაუდი, რომ აფხაზეთში დაკარგულთა ნაწილი ამჟამადაც დრანდის ციხეში იმყოფება. გაქვთ თუ არა რაიმე შეხება ამ საკითხთან და თუ გაქვთ, რამდენი ქართველი იმყოფება ამ დროისთვის საპყრობილეში? 

- ერთ-ერთი ჩვენი მიმართულება თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მუშაობაა. ამაში იგულისხმება ციხეში შესვლა და შეფასება, რამდენად შეესაბამება პატიმართა ყოფითი პირობები არსებულ ჰუმანიტარულ სტანდარტებს. ამას გარდა, ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მყოფ დაკავებულთა ოჯახის წევრებს, მეორე მხარს გადავიდნენ, ნათესავებს შეხვდნენ და უკან დაბრუნდნენ. ყველა დაკვირვება, ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ციხეებში ვიზიტის შედეგად ადგენს, კონფიდენციალურია და მხოლოდ შესაბამისი მხარის ხელისუფლებას გადაეცემა, რაც ნდობას უზრუნველყოფს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ შესაბამის სტრუქტურებთან და კონკრეტულად ოჯახის წევრებთან, რომლებიც მოგვმართავენ. ისინი კონკრეტული ინფორმაციის დადგენას გვთხოვენ; ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას მხოლოდ მათ ვაწვდით. პირველ რიგში, როცა მოძიებას ვიწყებთ, პირველ რიგში მოწმდება თავისუფლების აღკვეთის ადგილები. შესაძლებელია, ისინი იქ აღმოჩნდნენ.

- და ბოლოს, თქვენ უშუალოდ ხვდებით ორივე მხარის წარმომადგენლებს, აფხაზებსაც და ოსებსაც. როგორია მათი დამოკიდებულება ქართული მხარის მიმართ?

- ძალიან რთული კითხვაა, რადგან როდესაც ამ ადამიანებმა გამოიარეს ის, რაც გამოიარეს, ყველაფერი გავლენას ახდენს მათ აღქმაზე. გასაგებია, რომ არსებობს გარკვეული დამოკიდებულებები, მაგრამ ეს ინდივიდუალურია იმისდა მიხედვით, რა აქვს კონკრეტულ ადამიანს გამოვლილი.

ახალი ამბები