კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისში პრესის გავრცელების 40-ზე მეტი ჯიხური აიღეს

14 დეკემბერი, 2011

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა თბილისში განთავსებული პრესის გავრცელების 40-ზე მეტი ჯიხური აიღო. აქედან 29 ჯიხური სადისტრიბუციო კომპანია „მაცნეს“, 9 „პლანეტა ფორტეს“, ერთი „ელვა სერვისს“, რამდენიმე კი კომპანია „ომეგას“ ეკუთვნოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ელვასერვისის“ ხელმძღვანელმა, რამაზ თეთრუაშვილმა განუცხადა, 14 დეკემბერს დღის განმავლობაში ქალაქიდან კომპანიის საკუთრებაში არსებულ კიდევ სამ ჯიხურს გაიტანენ.

„დოლიძის ქუჩიდან უკვე აიღეს ჩვენი ერთი ჯიხური. 13 დეკემბერს უწყება კიდევ სამ ჯიხურზე მოგვივიდა, რომლებსაც გაგარინის მოედნიდან, ყაზბეგის გამზირიდან და სამგორის ტერიტორიიდან დღეს გაიტანენ. ამის შემდეგ „ელვასერვისს“ თბილისში პრესის გავრცელების 18 ჯიხური დარჩება“, - აღნიშნა თეთრუაშვილმა.

„მაცნეს“ მთავარი ბუღალტრის, თინათინ ხარბედიას განმარტებით კი, მათი სადისტრიბუციო კომპანიის კუთვნილი ჯიხურების აღება ოქტომბერში დაიწყო.

„პირველი 3 ჯიხური აღმაშენებლის გამზირიდან, გამზირის რეკონსტრუქციის გამო გაიტანეს. 26 ნოემბერს ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან კიდევ 13 ჯიხური აიღეს, 13 დეკემბერს კი კიდევ 13 ჯიხურის გატანის თაობაზე მივიღეთ შეტყობინება. ამ დროისთვის "მაცნეს" ჯიხურები მხოლოდ თბილისის გარეუბნებში რჩება, ის ჯიხურები კი, რომლებიც კომპანიისთვის კლიმატს ქმნიდნენ აღარ არსებობს. მერიის გადაწყვეტილების გამო, თანამშრომლების მიზერულ რაოდენობამდე შემცირება მოგვიწევს და ვინაიდან არ არის გარანტირებული, რომ ჯიხურების აღების კამპანია არ გაგრძელდება, „მაცნე“ ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა“, - აღნიშნა თინათინ ხარბედიამ.

რაც შეეხება „პლანეტა ფორტეს“, კომპანიის ხელმძღვანელ მერაბ ჩანჩალაშვილის განმარტებით, ორი კვირის წინ აიღეს მათი 6 ჯიხური, წუხელ კი - სამი.

„წუხელ გაიტანეს გლდანის ტერიტორიაზე, საბურთალოსა და სანზონაში განთავსებული ჯიხურები. როგორც ვიცი, ისინი დაცულ ტერიტორიაზე გადააქვთ. ამ დროისთვის „პლანეტა ფორტეს“ თბილისში 28 ჯიხური რჩება, თავდაპირველად 50-მდე გვქონდა. ყოველ 4-5 თვეში 2-3 ჯიხურის აღება გვიწევს. ბოლოს ალბათ დავიხურებით“, - აღნიშნა ჩანჩალაშვილმა.

კომპანია „ომეგაში“ კი აცხადებენ, რომ თბილისის სხვადასხვა უბნიდან მათი რამდენიმე ჯიხურიც გაიტანეს, მათ შორის მხოლოდ წუხელ ორი აიღეს.

პრესის გავრცელების ჯიხურების აღება მერიის პროექტ „1000 ჯიხურის“ გამო ხდება, რომლის ფარგლებშიც თბილისში ახალი სავაჭრო ჯიხურები ჩაიდგმება. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, თუმცა აქამდე ჩატარებულ აუქციონებში არსებული ინფორმაციით, ძირითადად გაიმარჯვეს კომპანიებმა „კოდა“, „კუმისი XXI“, „იოლი“, „ნუგეში“.

„საქართველოს პრესის ასოციაცია“ და ჟურნალისტები მერიის ახალ პროექტს პრესის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აფასებენ და  საპროტესტო აქციებიც გამართეს.

გარდა ამისა, კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისთვის“ აუქციონებში მონაწილეობის მსურველ პირებს მიმართა, რომ „გამოიჩინონ მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი პოზიცია, არ მიიღონ მონაწილეობა თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში, უარი თქვან აუქციონებში მონაწილეობაზე იმ ადგილებზე, სადაც ამჟამად ან მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე იდგა პრესის გავრცელების ჯიხურები, ასეთი კი თბილისში სულ 150 ადგილია“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები