კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-მ 26 მაისს ჟურნალისტებისთვის ზიანის მიყენების ფაქტები ნაწილობრივ აღიარა

16 დეკემბერი, 2011

გელა მთივლიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნაწილობრივ აღიარა 26 მაისს ჟურნალისტებისთვის ზიანის მიყენების ფაქტები და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება იკისრა.

მოსარჩელეები, „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტები კონსტანტინე სტალინსკი და თამაზ კუპრეიშვილი, გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია, შპს „გაზეთი ბათუმელები“, შპს „ჩოხატაურის მაცნე“, შპს „ახალი ამბები“ და  შპს „რადიოცენტრი პლიუსი“ მოითხოვენ მოპასუხის მიერ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალდებულებას, ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას და ზიანის ანაზღაურებას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 დეკემბერს გამართულ პროცესზე განაცხადეს, რომ ისინი აღიარებენ სარჩელს ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ნაწილში. რაც შეეხება აპარატურის ნაწილში დავას, მათი განცხადებით, პირვანდელი მდგომარეობის სახით ზიანის ანაზღაურება შეუძლებელია, რადგან შსს არა აქვს შესაძლებლობა დააბრუნოს ზუსტად ის ტექნიკა და ის ჩანაწერები, რომლებიც ჟურნალისტებს ჰქონდათ. უფრო კონკრეტულად, სამინისტრომ ცნო ჟურნალისტების კონსტანტინე სტალინსკის, თამაზ კუპრეიშვილის, ნატო გოგელიას სხეულის დაზიანების ფაქტები. ასევე,  დადგენილად მიიჩნია „გაზეთი ბათუმელების“ მოთხოვნა ორი  კამერის  წართმევის გამო და შპს „ახალი ამბების“ სასარჩელო მოთხოვნა ერთ ფლიპ-ჩარტთან დაკავშირებით, რომელიც სამართალდამცავებმა ორგანიზაციის ჟურნალისტს 26 მაისის ღამეს წაართვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ნატო გოგელიას მოთხოვნა ტელეფონის წართმევის გამო მიყენებული ზიანის ნაწილში, ასევე შპს „ჩოხატაურის მაცნესა“ და  შპს „ახალი ამბების“ მოთხოვნა ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თეა თადაშვილი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 26 დეკემბერს 11:00 სათზე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ, 26 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის დარბევისას, მოსარჩელეების გარდა სხვა ჟურნალისტებიც დაზარალდნენ, თუმცა მათ სასამართლოსთვის არ მიუმართავთ. სულ დაზარალდა 18 ქართველი ჟურნალისტი. სპეცრაზმელებმა კორესპონდენტები ალყაში მოაქციეს და ხელკეტებით ცემეს, ზოგიერთმა მათგანმა რეზინის ტყვიებით სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს კიდეც.

სპეცრაზმის წევრებმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს დარეჯან პაატაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტმა სპეცრაზმელებს პრესის წარმომადგენლის დამადასტურებელი მოწმობა აჩვენა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მას მოწმობა ყელიდან ჩამოგლიჯა, მეორემ კი ყელში ხელი წაუჭირა.

ვიდეოკამერა დაუმტვრიეს „პალიტრა TV“-ის ოპერატორს ავთანდილ სურმავას.

სპეცრაზმელებმა სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ კიდევ ერთი კორესპონდენტი მალხაზ ჭკადუა ცემეს, საბუთები წაართვეს, რის შემდეგაც დააკავეს და დიღმის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჟურნალისტი საათნახევრის განმავლობაში დაკავებული იყო და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. „მე და კიდევ ერთი ჟურნალისტი სპეცრაზმელების ალყაში მოვხვდით. თავში ხელკეტებს გვირტყამდნენ. ვყვიროდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მაგრამ მაინც მირტყამდნენ. მერე წაგვიყვანეს დიღმის პოლიციის განყოფილებაში, საიდანაც საათნახევრის შემდეგ გამათავისუფლეს“, - აღნიშნავს მალხაზ ჭკადუა.

დააკავეს საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსის“ ორი კორესპონდენტი: ჟურნალისტი ანა გაბუნია და თენგო ოკუჯავა. ოკუჯავა მალევე, ანა გაბუნია კი მხოლოდ დილით გაათავისუფლეს.

ასევე ცემეს საინფორმაციო სააგენტო „პირWელის“ ორი ჟურნალისტი თელარა გელანტია და ხათუნა გაგნიძე.

სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტს ზაირა მიქატაძეს.

აქციის დაშლის შედეგად დაშავდნენ გაზეთ „ასავალ - დასავალის“ ჟურნალისტები ბექა სივსივაძე და გიორგი მამაცაშვილი. ბექა სივსივაძეს რეზინის ტყვიებით სხეულის მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. „არაერთხელ ვუთხარით, რომ ჟურნალისტები ვიყავით, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ უფრო მეტად გვცემეს. ძირს ვიყავით დაყრილები და ხელკეტებს ისე გვირტყამდნენ. სხეულზე 30-მდე რეზინის ტყვია მომხვდა“, - იხსენებს ბექა სივსივაძე.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ცემეს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი თამაზ კუპრეიშვილიც, რომელსაც ვიდეოკამერაც წაართვეს.

ცრემლსადენი გაზით მოიწამლა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი ნინო კახიშვილი, რომელსაც სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების მანქანაში გაუწიეს, რის შემდეგაც პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ამყოფეს.

„ნეტგაზეთის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს ნესტან ცეცხლაძეს ვიდეოკამერა წაართვეს, ჟურნალისტმა კოტე სტალინსკიმ კი აქციის დაშლისას სხეულის დაზიანებები მიიღო.

სპეცრაზმელებმა წიხლებით ცემეს და ფოტოკამერა წაართვეს გაზეთ „გურია ნიუსის" ჟურნალისტს ნატო გოგელიას. ფაქტის თვითმხილველი Media.Ge-ს თანამშრომელი გახდა.

პოლიციის თანამშრომელი ჯორჯაძის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდა და პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება არ მისცა Media.Ge-ს რედაქტორს დავით მჭედლიძეს.

სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია კავშირ „ობიექტივის“ ჟურნალისტს დიანა ხოფერიას, რომელსაც თავზე რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა.

ახალი ამბები