კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტო სააკაშვილო, ნუ მოკლავთ პრესას!

19 დეკემბერი, 2011

ინტერპრესნიუსი

პრეზიდენტო სააკაშვილო, ნუ მოკლავთ პრესას! – საქართველოს პირველი პირისადმი ეს მიმართვა, ქართულ და ინგლისურ ენებზე, თითქმის ყველა გაზეთის დღევანდელი ნომრის პირველ გვერდზეა დაბეჭდილი.

გაზეთები „კვირის პალიტრა“, „რეზონანსი“, „ასავალ-დასავალი“, „ვერსია“, „ახალი თაობა“, „ქრონიკა“ („ქრონიკის“ მიმართვას ასეთი ფორმულირება აქვს - „პრეზიდენტი სააკაშვილი კლავს პრესას“) ამ ფორმით საგაზეთო ჯიხურების აღების კამპანიას აპროტესტებენ და მისი შეჩერების მოთხოვნით პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართავენ.

გაზეთ „კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, თბილისში არსებულ პრესაზე სპეციალიზებული 140-150 ჯიხურიდან დღეისთვის მხოლოდ რამდენიმეღა დარჩა და მათაც სავარაუდოდ წლის ბოლომდე აიღებენ.

„მოდის ცნობები, რომ იმავე მეთოდით ჯიხურების აღება ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც იგეგმება“, - წერს „კვირის პალიტრა“.
 
სტატიის ავტორი ხათუნა პაიჭაძე პრესიის ასოციაციის ხელმძღვანელ ლაშა ტუღუშსა და ექსპერტებსაც ესაუბრა, რომლებიც საგაზეთო ჯიხურების აღების კამპანიას ბეჭდურ მედიაზე ზეწოლად აფასებენ.

„ეს არის აღვირახსნილი ქმედება! ცხადია, ამ ვითარების თავიდათავი ხელისუფლების პოლიტიკური კრიზისია. ასეთი რეაქციული შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე ჯერ არ ყოფილა და ეს პირდაპირ უკავშირდება არჩევნებს“, - აცხადებს ლაშა ტუღუში.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, „მედია სინათლეს ჰგავს. ის საზოგადოებას უნათებს სახელმწიფო ცხოვრების იმ ბნელ კუნჭულებს, რომელთაც ადამიანი ვერ ხედავს. ისევე როგორც ქურდები ამსხვრევენ ღამე ნათურებს, ასევე ცდილობს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა მედიის ჩაქრობას. ეს უნდა იყოს საზოგადოების შფოთვის საგანი“.

ამასთან, გაზეთ „რეზონანსის“ ინფორმაციით, პრესის გამავრცელებელი კომპანიების ნაწილი გაკოტრების საფრთხეზე საუბრობს.

„პრესის გამავრცელებელი კომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი ტენდენციის გათვალისწინებით, რომელიც ქალაქში პრესის ჯიხურების აღებას უკავშირდება, გაკოტრების პირას იმყოფება“, - წერს „რეზონანსი“.

გაზეთ „ვერსიის“ ცნობით კი, ძველი საგაზეთო ჯიხურების აღების პარალელურად, მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონებზე 22 ჯიხური შპს „პოულტრი ჯორჯიამ“ (ყოფილი „კოდა“) შეიძინა, თუმცა მათ შორის პრესის ჯიხური არც ერთი აღარ იქნება.

დედაქალაქში პრესის გავრცელებას უკვე რამდენიმე კვირაა, პრობლემები აქვს. სადისტრიბუციო კომპანია „მაცნეს“ ქსელი კი, შაბათს, პრაქტიკულად, პარალიზებული იყო, რისი მიზეზიც სწორედ თბილისში პრესის გავრცელების ჯიხურების აღება გახდა. არც ერთი გაზეთი „მაცნეს“ შაბათს სარეალიზაციოდ არ გაუტანია.

პრესის გავრცელების ჯიხურებს მერიის პროექტის - „1000 ჯიხურის“ გამო იღებენ, რომლის ფარგლებშიც თბილისში ახალი სავაჭრო ჯიხურები ჩაიდგმება.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, აქამდე ჩატარებულ აუქციონებში კი, არსებული ინფორმაციით, არა მცირე მეწარმეებმა, არამედ ძირითადად გაიმარჯვეს მსხვილმა კომპანიებმა: „პოულტრი ჯორჯიამ“ ( ყოფილი „კოდა“), „კუმისი“, „ნუგეში“, „იოლი“.

პროექტ „1000 ჯიხურის“ ფარგლებში მორიგი აუქციონები 28 დეკემბერს და 4 იანვარს გაიმართება.

ახალი ამბები