კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

73 მაჟორიტარი და 77 პარტიული სიით არჩეული დეპუტატი 150–წევრიან პარლამენტში

21 დეკემბერი, 2011

სივილ  ჯორჯია

საქართველოს 150–წევრიან პარლამენტში 73 მაჟორიტარი და 77 პარტიული სიით არჩეული დეპუტატი იქნება; არჩევნებში მონაწილეობას ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებიც მიიღებენ; საკონსტიტუციო უმრავლესობა 3/4–ით განისაზღვრება; 5%–იან ბარიერგადალახული პარტია ფრაქციის შესაქმნელად საჭირო 6 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

20 დეკემბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 114 ხმით 1–ის წინააღმდეგ უყარა კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 150–წევრიანი პარლამენტის 73 მაჟორიტარით და 77 პარტიული სიით არჩეული დეპუტატით დაკომპლექტებას ითვალისწინებს. ეს კონფიგურაცია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება.

პროექტი ეყრდნობა იმ შეთანხმებას,  რომელიც მმართველ პარტიასა და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას შორის 19 დეკემბერს იქნა მიღწეული, ზაფხულში მიღწეული იმ ადრინდელი შეთანხმების რევიზირების შედეგად, რომელიც პარლამენტის შემადგენლობის 150–დან 190 დეპუტატამდე გაზრდის სადავო დებულებას ითვალისწინებდა.

მმართველი პარტიის დეპუტატმა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „ვერ მოხერხდა შეთანხმება 190 კაცამდე გაზრდასთან“ დაკავშირებით, მათ შორის ამ წინადადების მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის არსებობის გამო.

ამჟამინდელ პარლამენტში 75 წევრი მაჟორიტარული, ხოლო 75 პროპორციული წესით არის არჩეული. 2 მაჟორიტარული მანდატი, ახალ კონფიგურაციაში, აკლდება მაჟორიტართა კორპუსს და ემატება პროპორციულ ნაწილს იმის გამო, რომ ცხინვალის რეგიონში არსებულ ორ ოლქში – ახალგორსა და ლიახვის ხეობაში – 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარები ვეღარ აირჩევიან. ეს ორი ოლქი საქართველოს კონტროლს მიღმაა დარჩენილი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად. 

ამასთან, ცვლილებების პროექტის თანახმად, ყველა იმ პარტიას, რომელიც პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად გადალახავს 5%–იან ბარიერს, შესაძლებლობა ექნება ექვსი დეპუტატი გაიყვანოს პარლამენტში, რათა მინიმალური ოდენობით ფრაქციის შექმნა გარანტირებულად შეძლოს. ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც დააგროვებენ საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის მანდატების საჭირო რაოდენობაზე ნაკლებს, მანდატები შეევსებათ ექვსამდე იმ ფორმულის მიხედვით, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობით განისაზღვრება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშაული. ასეთად საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომელსაც პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად განიხილავს, აღიარებს ისეთ დანაშაულს, რომლის მაქსიმალურ სასჯელად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას არაუმეტეს 5 წლის ვადით.

2011 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, „საქსტატის“ მონაცემებით, 22 600 ათასი მსჯავრდებულიდან, ნაკლებად მძიმე დანაშაულის გამო 5 686 პატიმარი იხდის სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

მსჯავრდებულებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოში ყოველთვის ეზღუდებოდათ. ამ აკრძალვის წინააღმდეგ გამოდიოდა ვენეციის კომისია, რომლის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მმართველმა პარტიამ მოხსნა აბსოლუტური აკრძალვა პატიმართა ხმის მიცემის უფლებაზე.

კიდევ ერთი ცვლილება კონსტიტუციაში ეხება საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებული კვორუმის აწევას 2/3–დან 3/4–მდე. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო, ნაცვლად ამჟამინდელი 100 დეპუტატისა.

ეს ცვლილება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება, პროექტის თანახმად. ამავე პერიოდიდან ამოქმედდება კონსტიტუციის შეცვლისათვის დაწესებული გართულებული პროცედურა,, რომლის მიხედვითაც შესწორება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას დეპუტატები საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით დაუჭერენ მხარს.

ახალი ამბები