კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბოდიში, თქვენ გელით... ლიკვიდაცია!

28 დეკემბერი, 2011

ალეკო ცქიტიშვილი

27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალ წესზე ცვლილებათა პროექტი  მეორე მოსმენით მიიღო. ამავე დღეს პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენებით მიიღო სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება, რითაც მკაცრდება სასჯელის ფორმა პოლიტიკური მოსყიდვის შემთხვევებზე.

ექსპერტებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ახალი მკაცრი რეგულაციების შემოღება მმართველ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას ქართული პოლიტიკის ახალი სუბიექტის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გასანეიტრალებლად სჭირდება. ხელისუფლება არც თუ უსაფუძვლოდ შიშობს, რომ ივანიშვილის მილიარდები მომავალ წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გადამწყვეტი იქნება. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის კონტროლქვეშ მყოფი საპარლამენტო უმრავლესობა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით ცდილობს,  შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ოპოზიციის მარცხს უზრუნველყოფს.

არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტები ასახავენ არაერთ ზედმეტად მკაცრ და არაგონივრულ შეზღუდვას, რაც გამოხატვის თავისუფლებასაც ხელყოფს. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობის მიღება და არ დაუშვას დაუბალანსებელი და ტენდენციური ნორმების ამოქმედება, რისი საფრთხეც, მესამე სექტორის წარმომადგენელთა აზრით, აშკარად ჩანს განსახილველი კანონპროექტების ამჟამინდელ ვერსიებში.

პარლამენტისადმი მოწოდების შემცველ ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და კოალიცია „არჩევნის თავისუფლება“. თუმცა, ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების აზრი საპარლამენტო უმრავლესობამ 27 დეკემბერს გამართულ საპარლამენტო სხდომაზე არ გაითვალისწინა.

civil.ge -ს ცნობით, ახალი რეგულაციების ძირითად დებულებებს შორისაა იურიდიული პირებისთვის, მათ შორის ბიზნეს ორგანიზაციებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების აკრძალვა; კერძო პირების მიერ პარტიების ყოველწლიური დაფინანსების ზედა ზღვარის 60 000 ლარამდე გაორმაგება; პარტიის საწევროზე ზედა ზღვარის - 1 200 ლარის ოდენობით, დაწესება; პარტიათა ფინანსური შემოწირულობების კონტროლის პალატის მიერ მონიტორინგი. ახალი რეგულაციები ასევე ითვალისწინებს პარტიების დაფინანსების გამჭირვალობის გაზრდისთვის გარკვეულ ზომებს.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლების ახალი რეგულაციების მიზანია, შეზღუდოს მილიარდერი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობა მისი მოკავშირე ოპოზიციური პარტიები დააფინანსოს. მმართველი პარტიის დეპუტატები კი აცხადებენ, რომ მათი შემოთავაზების ერთ–ერთი მთავარი პრინციპია პარტიის დაფინანსება და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობას „მიაბან“ და არა ერთ, რომელიმე მდიდარ სპონსორს.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის ნოემბერ–დეკემბერში ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც ივანიშვილმა თავის პოლიტიკურ პარტნიორებად დაასახელა – რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატიული პარტია და ხალხის პარტია – შემოწირულობის სახით 4.1 მილიონი ლარი მიიღო, მათ შორის 3.3 მილიონი ლარი ივანიშვილის ორგანიზაციებიდან და კომპანიებიდან; თანხის დანარჩენი ნაწილი, 800 000 ლარი, ამ პარტიებმა ფეხბურთელ კახი კალაძის ორი კომპანიიდან მიიღეს.

ეს შემოწირულობები სულ 12 იურიდიული პირის მიერ განხორციელდა; თითოეულმა პარტიებს 100 000 ლარი - არსებული რეგულაციებით მაქსიმუმალური თანხა - გადაურიცხა.

იურიუდიული პირების მიერ ამგვარი შემოწირულობები უკანონო გახდება მას შემდეგ, რაც ძალაში შევა ცვლილებები კანონში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.

ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლამდე, მხოლოდ მმართველი პარტია იღებდა დიდი ოდენობით დაფინანსებას იურიდიული პირებისგან.

civil.ge -ს ცნობით, ხუთმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა, რომელთაც 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე 5%–იანი ბარიერი გადალახეს, სულ, დაახლოებით, 16 მილიონი ლარი დახარჯეს თავიანთი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თუმცა ამ თანხის 92% მხოლოდ მმართველმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დახარჯა. იმ დროს რესპუბლიკური პარტიასა და „თავისუფალ დემოკრატებს“ (ამჟამად ივანიშვილის მოკავშირეები) „ახალ მემარჯვენეებთან“ ერთად საარჩევნო ბლოკი ჰქონდათ, რომელმაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხოლოდ 136 600 ლარი დახარჯა, რომელშიც ასევე შედიოდა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას კამპანიის სახსრებიც, რომელიც მაშინ თბილისის მერად იყრიდა კენჭს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაახლოებით 23 მილიონი ლარი დახარჯა მეორე ვადით არჩევის კამპანიის ფარგლებში 2007 წლის ბოლოს და 2008 წლის დასაწყისში, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ 2008 წლის იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში, ლევან გაჩეჩილაძემ საარჩევნო კამპანიას 720 000 ლარი მოახმარა.

2011 წლის სექტემბერში, როდესაც მმართველმა პარტიამ ახალი საარჩევნო კოდექსის თავდაპირველი პროექტი წარმოადგინა, ის იურიუდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების ზედა ზღვარის ზრდას ითვალისწინებდა არსებული 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე. თუმცა, ეს გეგმა მოგვიანებით შეიცვალა და ნოემბერში ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები წარმოადგინა, რომელიც იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკრძალავს.

ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც პარლამენტმა 27 დეკემბერს მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფარვის მიზნით 1 მილიონი ლარის დაფინანსებას ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისთვის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ საპარლამენტო არჩევნებზე. ამ თანხიდან 300 000 ლარი სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დაფარვისთვის იქნება გათვალისწინებული.   

27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ასევე პირველი და მეორე მოსმენებით მიიღო სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება, რითაც მკაცრდება სასჯელის ფორმა პოლიტიკური მოსყიდვის შემთხვევებზე.

სისხლის სამართლოს კოდექსში ცვლილების პროექტის თანახმად, „პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების ან მომსახურების, ანდა სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა, გაწევა, ან ასეთის მოთხოვნა ან მიღება, აგრეთვე მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით“, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ანდა ჯარიმით.

ამ დებულებით გათვალისწინებულ უკანონო ქმედებებში ჩართული იურიდიული პირი ისჯება „ლიკვიდაციით“.

როგორც დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა, ლიკვიდაცია შეეხებათ იურიდიულ პირებს, გარდა პოლიტიკური პარტიებისა. თუმცა, ჯერ კიდევ დასადგენია, თუ რა სანქცია იქნება გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მიერ ამ ნორმის დარღვევის შემთხვევაში.

სისხლის სამართლის კოდექსის იგივე დებულების ამჟამად არსებული ფორმულირება მხოლოდ საარჩევნო კამპანიის პერიოდს ეხება და კრძალავს მატერიალური სარგებლის შეთავაზებით და გადაცემით ამომრჩეველთა წაქეზებას, რათა მათ „ხმა მისცენ რომელიმე საარჩევნო სუბიექტს ან თავი შეიკავონ არჩევნებში ხმის მიცემისგან“. არსებული კოდექსით, ამგვარი ქმედებები ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით.

ამ დებულების ახალი ფორმულირებით ასევე დასჯადია „პოლიტიკური მიზნით“ ფულის ან სხვა რაიმე სახის სარგებლის მიღება; ამგვარი ქმედებაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღვეთით ვადით სამ წლამდე.

civil.ge -ს ცნობით, ოპოზიციურმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს ცვლილება და მას „ბუნდოვანი“ უწოდეს, რაც, მათი თქმით, ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა; განსაკუთრებით კი ეს ეხებოდა ჩანაწერს – „პოლიტიკური მიზნით“. საპასუხოდ, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა საპარლამენტო მოსმენისას განაცხადა, რომ მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა, მათ შორის სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა ეს ფორმულირება უფრო კონკრეტული და მკაფიო გახდეს; მისი თქმით, საბოლოო ფორმულირება 28 დეკემბერს პროექტის მესამე და საბოლოო მოსმენით დამტკიცებამდე იქნება მზად.

მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა იმ მაქსიმალური წლიური თანხის დასადგენად, რომლის გაცემაც პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ სხვადასხვა საქმიანობების ფარგლებში, მაგალითად - დღესასწაულების დროს, რაც არ ჩაითვლება პოლიტიკურ კორუფციად.

სისხლის სამართლის კოდექსში შემოთავაზებული ცვლილება რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციამაც გააკრიტიკა.

ერთობლივ განცხადებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ და სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადეს, რომ „კერძო სექტორისთვის დადგენილი შეზღუდვები, გარკვეულწილად, აღნიშნული სექტორის ბუნებისათვის შეუსაბამოა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, არაპროპორციული და ზედმეტად მკაცრი ჩადენილ დარღვევასთან მიმართებაში“.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ „კანონპროექტებით არ ხდება ცალკე სპეციალური მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება ისეთი დარღვევების ჩადენისათვის, როგორებიცაა საჯარო მოხელეების მიერ ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენება“.

ახალი ამბები