კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის სამსახური კონტროლის პალატაში

10 იანვარი, 2012
სივილ ჯორჯია

კონტროლის პალატაში მუშაობას შეუდგა ახლად შექმნილი სამსახური, რომლის ფუნქციაც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგია.

კონტროლის პალატის ამ ახალი სამსახურის უფროსად ნათია მოგელაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე პროკურორად მუშაობდა. ის იყო ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც შარშან შემოდგომაზე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულ პირველ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს წარმოადგენდა.

მოგელაძემ 4 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი სამსახური მოწოდებულია მჭიდროდ ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას პარტიათა დაფინანსების ახალი რეგულაციებით გათვალისწინებული პირობები.

3 იანვარს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ხელი მოაწერეს  ურთიერთანამშრომლობის  მემორანდუმს, რომელიც, კონტროლის პალატის განცხადებით, მას „პარტიების მიერ წარმოდგენილი მონაცემების სიზუსტის დადგენაში“ დაეხმარება.

პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების ახალი, გამკაცრებული რეგულაციები ძალაში დეკემბრის ბოლოს შევიდა, რომლის მიხედვით იურიდიული პირებს, მათ შორის ბიზნეს ორგანიზაციებს, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალათ; ფიზიკური პირების მიერ პარტიებისთვის ყოველწლიური შემოწირულობის ზედა ზღვარი 60 000 ლარამდე გაორმაგდა; ასევე დაწესდა პარტიის საწევროზე ზედა ზღვარი, წელიწადში 1 200 ლარის ოდენობით.

ის შეზღუდვები, რომელსაც კანონი პოლიტიკურ პარტიებს უწესებს, ასევე ვრცელდება იმ იურიდიულ პირზეც, რომელიც „პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები“. შეზღუდვები ასევე  ვრცელდება „პირზე, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო  მიზნები და ამოცანები“.

5 იანვარს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ განაცხადა, რომ ფინანსური დეკლარაციის წარმოდგენა მილიარდელი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებასაც“ მოუწევს, რადგან მას „გაცხადებული პოლიტიკური მიზნები“ გააჩნია. მოგელაძემ იქვე დასძინა, რომ „ქართულ ოცნებას“ დეკლარაციის წარმოსადგენად „გონივრული ვადა“ მიეცემა.
 
აქამდე პარტიები ვალდებულნი იყვნენ ფინანსური დეკლარაციები ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის წარედგინათ, თუმცა კომისიის უფლებამოსილებები მონიტორინგის კუთხით საკმაოდ შეზღუდული იყო. ახალი რეგულაციების თანახმად, კონტროლის პალატას ამ კუთხით საკმაოდ ფართო უფლებები ენიჭება.

პარტია ვალდებული იქნება, რომ კონტროლის პალატას 3 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოს ინფორმაცია შემოწირულობის შესახებ; ასევე 1 თებერვლამდე წარუდგინოს გასული წლის საფინანსო დეკლარაცია აუდიტორული ფირმის დასკვნასთან ერთად, რომელიც კონტროლის პალატამ ვებ–გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს. რაც შეეხება საარჩევნო პერიოდს, ყველა პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია არჩევნების გამოცხადების დღიდან სამ კვირაში ერთხელ წარუდგინოს კონტროლის პალატას ფინანსური ანგარიში.

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების საბოლოო ვარიანტში საგრძნობლად არის გაზრდილი კონტროლის პალატის უფლებამოსილებები კანონპროექტის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით.

კონტროლის პალატას გადაეცემა ყველა ის უფლებამოსილება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით ცენტრალურ სარჩევნო კომისიას ეკისრება პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის კუთხით. კონტროლის პალატას, კანონის თანახმად, ხელი მიუწვდება პარტიებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფინანსურ ინფორმაციაზე.

კონტროლის პალატას უფლება ეძლევა განახორციელოს სანქციები და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს პროკურატურას.

კონტროლის პალატას შეუძლია მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დააკისროს ჯარიმები პარტიებს და პირებს, თუ ისინი პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ აკრძალულ შემოწირულობებს მიიღებენ ან ამ ინფორმაციას დამალავენ; ასევე ამგვარი შემოწირულობის გამცემ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.

კონტროლის პალატას ასევე შეუძლია 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისროს პარტიას ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების, მათ შორის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულების, შეუსრულებლობის გამო. ამასთან, კონტროლის პალატას შეუძლია პასუხისმგებლობის დაკისრება ზემოთჩამოთვილილი ქმედებების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.

ამ ნორმების არაერთგზის დარღვევის გამო, თუ ისინი უკავშირდება არჩევნებამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებს, კონტროლის პალატას ასევე ენიჭება უფლებამოსილება, რომ მიმართოს ცესკოს, რათა პარტია მოიხსნას არჩევნებიდან.

გარდა ამისა, კონტროლის პალატას შეუძლია ყადაღა დაადოს პარტიის, ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონებას და საბანკო ანგარიშებს ისე, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეაჩერებს ყადაღის მოქმედებას. კანონში არაფერი წერია კონკრეტულად, თუ რა შეიძლება იყოს ყადაღის დადების საფუძველი.

ინტერპრესნიუსის ფოტო: 
პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მოგელაძე, 4 იანვარი. 

ახალი ამბები