კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჰუმან რაითს უოჩის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადამიანის უფლებებს არღვევს

12 იანვარი, 2012

www.opinion.ge

ცნობილი საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციის, „ჰუმან რაითს უოჩის“ მიერ 4 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადამიანის უფლებებს არღვევს.

„ჰუმან რაითს უოჩის“ ანგარიშის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ორგანიზაციის უფროსმა მკვლევარმა ევროპასა და შუა აზიაში, ანგარიშის ავტორმა გიორგი გოგიამ.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რეგულირების არსებული სისტემა არღვევს ბრალდებულის უფლებებს სათანადო სამართლებრივ პროცედურებზე“, – ნათქვამია „ჰიუმან რაითს უოჩის“ ანგარიშში, - „საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სისტემის რეფორმას, მაგრამ მან უნდა გაატაროს გადაუდებელი ზომები ბრალდებულთა უფლებების უზრუნველყოფის მიზნით“.

41-გვერდიანი ანგარიში სათაურით: „ადმინისტრაციული შეცდომა: საქართველოს ადმინისტრაციული პატიმრობის არასრულყოფილი სისტემა“ აანალიზებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომელიც ნაკლებად მძიმე სახის დანაშაულსა და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არეგულირებს და ასკვნის, რომ კოდექსი არ ითვალისწინებს სათანადო სამართლებრივ პროცედურებსა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლებების გარანტიებს. 1984 წელს მიღებული კოდექსი ითვალისწინებს 90-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, მაგრამ პოლიციისგან არ მოითხოვს, რომ მან დაუყოვნებლივ მიაწოდოს ბრალდებულს ინფორმაცია მისი უფლებების ან დაკავების მიზეზების შესახებ.

დაკავებულ პირს ხშირად უფლებასაც არ აძლევენ, რომ ოჯახის წევრებს დაუკავშირდეს. ადვოკატებს, აგრეთვე, სირთულეები ხვდებათ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მოძიებაში. სასამართლო სხდომები უმეტესად ფორმალურად ტარდება. დაკავებული პირები ისეთ ადგილებში იხდიან სასჯელს, სადაც 72 საათზე მეტი ხნით ადამიანების გაჩერება გათვალისწინებული არ არის და სადაც პირობები არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

„დაკავებული პირი სისტემის რეფორმირების დასრულებას არ უნდა ელოდეს იმისათვის, რომ მისი ძირითადი უფლებები დაცული იყოს და მას პატივისცემით მოეპყრან“, – ამბობს გიორგი გოგია.

მისივე განმარტებით, მოძველებული კოდექსის ცვლილებებზე მუშაობა ნამვილად იმედისმომცემი ფაქტია, მაგრამ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების შესავსებად სასწრაფო ზომებია მისაღები.

„ამ უკანასკნელი წლების მანძილზე, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდისას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებს მიმართავდნენ აქტივისტებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების დასაკავებლად“, – აღნიშნულია „ჰიუმან რაითს უოჩის“ ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს საქართველომ მოამზადა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი პროექტი, მაგრამ ივლისში საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კოდექსის ვარიანტი მაინც არ აკმაყოფილებს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ნაკისრ ვალდებულებებს; საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფო ზომები უნდა გაატაროს იმისთვის, რომ საქმის სამართლიან განხილვაზე ნებისმიერი დაკავებული პირის უფლება სრულად შეესაბამებოდეს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს; ამისთვის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სავარაუდო ჩადენისთვის დაპატიმრებულ პირს შეეძლოს, შეატყობინოს მესამე მხარეს თავისი ადგილსამყოფელი, ისარგებლოს დამცველის მომსახურებით და სამართლიანი სასამართლოს უფლებების სრული დაცვით მოხდეს მისი ადმინისტრაციული საქმის სამართალწარმოება.

„ჰიუმან რაითს უოჩის“ ანგარიში ემყარება ინტერვიუებს, რომლებიც აღებულია ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ათეულობით პირის ადვოკატებისგან, პატიმრობამოხდილი ექვსი პირისგან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლოს მიერ დაჯარიმებული ორი პირისა და ხელისუფლების მაღალჩინოსანი წარმომადგენლებისგან. თითქმის ყველა რესპონდენტი, რომელსაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული, ოპოზიციის საპროტესტო აცქიებში მონაწილეობისთვის იყო დაკავებული.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს სამართლებრივ სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევა საზოგადოებრივი წესრიგის მსუბუქი დარღვევაა და მას არ მოჰყვება ნასამართლეობა. თუმცა საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, გარკვეული სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის მაქსიმალური 90-დღიანი ვადის შეფარდება სისხლის სამართლის სასჯელს უტოლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ 2011 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 31 ადამიანს მიესაჯა 90-დღიანი პატიმრობა, 132 ადამიანს – 60-დღიანი და 343-ს - 30- დღიანი. მაგრამ, როგორც "ჰიუმან რაითს უოჩმის" კვლევამ აჩვენა, დაცვის ისეთი ძირითადი საშუალებები, როგორიცაა, მაგალითად, დაკავებული პირისთვის მისი დაკავების მიზეზების განმარტება ან მისთვის ოჯახის წევრების შეტყობინების უფლების მიცემა, უფრო სუსტი ან ბუნდოვანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ვიდრე ანალოგიური გარანტიები, რომლებსაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩამდენი პირების უფლებას სათანადო სამართლებრივ პროცედურებზე არც სასამართლო იცავს.

„ჰიუმან რაითს უოჩის“ მიერ შესწავლილი საქმეებიდან ჩანს, რომ სასამართლო სხდომა იშვიათად გრძელდება 15 წუთზე მეტს და მოსამართლის გადაწყვეტილება უმეტესწილად პოლიციელის მიერ მიცემულ ჩვენებას ეყრდნობა. იმ შემთხვევებშიც კი, როცა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მიცემული პირები ახერხებდნენ ადვოკატის აყვანას, მათ არასათანადო დრო ეძლეოდათ ეფექტური დაცვის განსახორციელებლად. „ჰიუმან რაითს უოჩის“ მიერ შესწავლილ ორ საქმეში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილ პირებს სასამართლო დარბაზში აშკარად აღენიშნებოდათ სხეულის ფიზიკური დაზიანებები, მაგრამ მოსამართლეებს ამის თაობაზე კითხვაც არ დაუსვამთ.

„ამას გარდა, ორგანიზაციის მიერ გამოკითხულმა ყველა იურისტმა ისაუბრა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ხელის შემშლელ გარემოებებზე, რაც ამ უფლებას ფაქტობრივად აზრს უკარგავს. ვინაიდან შესაძლო სასჯელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის უტოლდება სისხლის სამართლის სასჯელს, ნებისმიერი პირი, რომელსაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება, უნდა სარგებლობდეს სათანადო სამართლებრივი პროცედურებისა და სამართლიანი სასამართლოს ისეთივე უფლებებით, როგორებითაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირები სარგებლობენ და თვითნებური დაკავების წინააღმდეგ იგივე გარანტიები უნდა ჰქონდეთ“, - აღნიშნულია „ჰიუმან რაითს უოჩის“ ანგარიშში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთგზის განაცხადა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ადმინისტრაციულ პატიმრობას იყენებენ, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი პროცედურებისა და საქმის სამართლიანი განხილვის გარანტიები იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ ის სტანდარტები, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითხოვს წევრი სახელმწიფოებისგან.

„თავად საქართველოს ინტერესებშია, რომ მოაწესრიგოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. თუ ამას არ გააკეთებს, დიდია ალბათობა, რომ ქვეყანა არაერთ საქმეს წააგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, - ამბობს გიორგი გოგია.

როგორც „ჰიუმან რაითს უოჩი“ აღნიშნავს, პრობლემას წარმოადგენს, აგრეთვე, პატიმრობის პირობები. დაკავებული პირები სასჯელს იხდიან დროებითი მოთავსების იზოლატორებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ამ იზოლატორებში უმეტესად სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულებს ათავსებენ ბრალის წაყენებამდე და წინასწარი პატიმრობის ადგილებში გადაყვანამდე, არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში. აქ გათვალისწინებული არ იყო ადამიანის უფრო დიდი ხნით გაჩერება.

„მართალია, ამ ბოლო წლებში ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორების განახლებისა და შეკვეთებისთვის, მაგრამ კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის ყოველდღიურად შხაპის მიღებისა და სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლებების, დასაკმაყოფილებლად“, - აღნიშნულია „ჰიუმან რაითს უოჩის“ ანგარიშში.

„ანგარიშები, რომლებიც წამების საწინააღმდეგო ევროპულმა კომიტეტმა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარტმა მოამზადეს. აგრეთვე, ყოფილი პატიმრების ჩვენებები მიუთითებენ, რომ პატიმრობის პირობები ამ იზოლატორებში ხშირად არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. თუმცა, ვიდრე ეს მოხდებოდეს, ის ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული ნებისმიერი პირი სარგებლობდეს ადამიანის ძირითადი უფლებებით“, - აცხადებს გიორგი გოგია.

ჰუმან რაითს უოჩის ანგარიში სრული სახით

ორიგინალი

 

 

ახალი ამბები