კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის ბიძა საგარეო საქმეთა სამინისტროში მრჩევლად იმუშავებს

12 იანვარი, 2012

ვახტანგ მაისურაძე, tribuna.ge

პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მრჩევლად იმუშავებს. თავად ალასანიამ ამის შესახებ გაზეთ „24 საათის“ დამატებისთვის, WEEKEND-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
 
„საერთაშორისო ურთიერთობებში 38 წლის მოღვაწეობის შემდეგ პენსიაზე გავედი. ვრჩები კონსულტანტად. რაღაც ფორმით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მრჩეველი ვიქნები, მექნება სხვა ფუნქციებიც“, - ამბობს თემურ ალასანია.
 
როგორც თავად ალასანია აცხადებს, 24 წლის განმავლობაში გაეროში მუშაობდა და მის კომპეტენციაში განიარაღების საკითხები შედიოდა. „ვხელმძღვანელობდი განიარაღების და მშვიდობის საკითხების განყოფილებას. აქ შემოდიოდა 16 კომიტეტი და კომისია. 1/3 იყო განიარაღების საკითხებზე, 1/3 მსოფლიო მშვიდობის საკითხები, პოსტკონფლიქტური მშვიდობა, სახელმწიფოს მშენებლობა“.
 
თემურ ალასანია „ამაყია“ იმის გამო, რომ 3 წლის განმავლობაში გაეროს სპეციალური კონფერენციის  გენერალური მდივანი იყო და სწორედ მისი მდივნობის  პერიოდში შეიქმნა „ბავშვების დაცვის შესახებ დოკუმენტი“.
 
გამოცემის კითხვაზე, „რადგანაც ქართულ მედიასთან პირველად საუბრობთ, იმ ლეგენდებზეც გკითხავთ, რომელიც დადის თქვენზე, თქვენ გავლენებზე... რამდენად ხშირად ხვდებით პრეზიდენტს?“, ასე პასუხობს:
 
„ვხვდები იმდენად, რამდენადაც თავად აქვს დრო. ისე ხშირად არა, როგორც ჩემს დას და დედას. პრეზიდენტი ძალიან დაკავებულია. რაც შეეხება გავლენას... საქართველოში არის ერთი დიდი პრობლემა - რატომღაც შეუძლებელია დაიჯერონ, რომ ერთი ადამიანი თვითონ ჩაუდგა რაიმეს სათავეში, შეძლო, გააკეთა... ამას არ იჯერებენ.
 
ის უფრო სჯერათ, რომ თითქოს ვიღაც დგას მის უკან - ან ბიძა, ან სიდედრი, ან მეგობრის ჯგუფი. რატომ? ეს კონსპირაციული თეორიები საიდან იბადება, ვერ გამიგია“, - აცხადებს ალასანია და დასძენს, რომ პრეზიდენტთან მხოლოდ ღვინოზე კამათობს, ანუ იმის შესახებ  - „ქართული ღვინო უფრო კარგია თუ იტალიური“.
 
თემურ ალასანიას ბიოგრაფიის ზუსტი დეტალები ქართული მედიისთვის უცნობია. ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალასანიას საქართველოში აქვს ბიზნესინტერესებიც, თუმცა WEEKEND-თვის მიცემულ ინტერვიუში იგი ამ საკითხებზე არ საუბრობს.
 
ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „ანატომიის“ მიხედვით, 2005 წელს  საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ „მადნეული“ და მისი შვილობილი კომპანია „კვარციტი“ გასაყიდად გამოიტანა.
 
ტენდერში რუსულ-ბრიტანულმა კომპანიამ „სტენტონ ექვითმა“ და „ინვესტ ჯგუფმა“ გაიმარჯვეს, რითაც ოქროს საბადოების 97.25%-იანი წილი მოიპოვეს. ამ კომპანიის სახელთან აკავშირებენ არამარტო პარლამენტარ და ბიზნესმენ კობა ნაყოფიას, არამედ თემურ ალასანიასაც.
 
თავად „სტენტონ ექვითი“ რუსული კომპანია „გეოპრომაინინგის“ მფლობელობაშია, რომლის დირექტორიც იყო რუსეთის ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და დუმის დეპუტატი სერგეი გენერალოვი, რომელიც „ფორბსის“ რეიტინგის მიხედვით, 400 მილიონით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა  ასეულში შედის.  
 
გარდა ამისა, 2007 წლის სექტემბერში საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ალასანია KGB-ის ოფიცერი და გაეროში რუსეთის წარმომადგენელი იყო. ალასანიას KGB-სთან კავშირის შესახებ 2008 წელს რუსული გაზეთი „პრავდაც“ წერდა. თუმცა, ამ საკითხებთან დაკავშირებით WEEKEND-ს კითხვა არ დაუსვამს. 
 
თემურ ალასანიას სახელს უკავშირებენ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას, ჯერ კიდევ ბურუსით მოცულ, გარდაცვალების ისტორიას.  „Global Research“ 2005 წელს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერდა, რომ „ჟვანიას მკვლელობის“ ერთ-ერთი მოტივი  თბილისი აეროპორტის ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი იყო. კონკრეტულად კი ის ფაქტი, რომ ტენდერის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა თურქული კომპანია Çelebi Holding, რომელსაც ჟურნალისტის ინფორმაციით, თემურ ალასანია ლობირებდა, ხოლო ზურაბ ჟვანია ამ კომპანიის წინააღმდეგ გამოდიოდა. საბოლოოდ კი, ტენდერის შედეგები გაუქმდა და აეროპორტის ტერმინალის აშენება ასევე თურქულ კომპანიებს  - Tav-ს Urban-ს დაევალა. ჟურნალისტი კი გამოთქვამს ვარაუდს, რომ „ჟვანიას მკვლელობის“ ერთ-ერთი მოტივი, სწორედ, ეს – ჩაშლილი ტენდერი გახდა.
 
ასევე, Global Research წერდა, რომ „ალასანიას, რომელსაც ოფიციალურად არანაირი თანამდებობა არ უკავია, ხშირად ესწრება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს და მის გარეშე ერთი გადაწყვეტილების მიღებაც კი შეუძლებელია“.
 
პრეზიდენტის ბიძის სახელს იარაღის უკანონო ვაჭრობასაც უკავშირებენ.  ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმენი, რომელიც იარაღის უკანონო ვაჭრობის საკითხებზე მუშაობს,  „იარაღის ბარონად“ წოდებულ ეროვნებით ტაჯიკ იარაღით მოვაჭრეს ვიქტორ ბოუტსა და თემურ ალასანიას შორის კავშირის დადგენაზე მუშაობდა.
 
სილვერმენი წერდა, რომ ბოუტსისა მისი საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული  თემურ ალასანიასთან და ამ უკანასკნელმა მას საქართველოს საშუალებით იარაღით ვაჭრობის ნებართვა მოაპოვებინა.
 
„ბოუტი თანამშრომლობდა თემურ ალასანიასთან, ფოთის პორტის ყოფილ ხელმძღვანელთან ჯემალ ინაიშვილთან და საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დავით კეზერაშვილთან“, - ამბობს სილვერმენი.
 
სილვერმენმა მოიპოვა ინფორმაცია, რომლითაც ამტკიცებდა, რომ  აფრიკისა და აზიის ქვეყნებში იარაღის ექსპორტი სწორედ საქართველოდან ხორციელდებოდა. მაგალითად, 2009 წელს, ტაილანდში, ბანკოგში დააკავეს ბათუმში რეგისტრირებული Il-76-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც 40 ტონა სამხედრო შეიარაღება გადაჰქონდა.
 
გარდა ამისა, მსგავსი შემთხვევები გამოვლინდა 2007 წელს კონგოში, 2009 წელს ფილიპინებში და 2010 წელს აზერბაიჯანში, როცა ბაქომ დააკავა რამდენიმე რადიკალური რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთაც, სილვერის მტკიცებით, დიდი რაოდენობით იარაღი სწორედ საქართველოს საშუალებით მიიღეს.
 
ზემოთ მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით, თემურ ალასანიას არასდროს უსაუბრია. ალასანია  WEEKEND-თან საუბრისას აცხადებს, რომ ქართულ გამოცემას მასთან ინტერვიუს საშუალება პირველად მიეცა.  
 
WEEKEND  ამ ინტერვიუს დროს  ზემოთ აღნიშნული საკითხებით არ დაინტერესებულა.

ორიგინალი

ახალი ამბები