კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იარაღით უკანონო ვაჭრობა და დავით კეზერაშვილი

16 იანვარი, 2012

ვახტანგ მაისურაძე,www.tribuna.ge

თავდაცვითი სისტემების მწარმოებელ ისრაელის კომპანია Elbit Systems Ltd-ს საქართველო 35 მლნ აშშ დოლარს გადაუხდის. ამის შესახებ განცხადება კომპანიამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

Elbit Systems Ltd-მ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უზენაეს სასამართლოში 2011 წლის აპრილში შეიტანა. კომპანია საქართველოს 2007 წელს გაფორმებული კონტრაქტის დარღვევას ედავებოდა და ზიანის ანაზღაურებისთვის 100 მილიონ დოლარს ითხოვდა.

„გარიგების თანახმად, საქართველო კომპანიას გადაუხდის, დაახლოებით, 35 მლნ აშშ დოლარს და ასევე, დაუბრუნებს მას გარკვეულ აღჭურვილობას და სისტემებს, რომელიც კომპანიამ ადრე მიაწოდა საქართველოს, თავდაპირველი პრეტენზიების მოხსნის სანაცვლოდ“, – აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე 29 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი ისრაელის კომპანიასთან დავის არსებობას უარყოფდა. კონკრეტულად კი, 2011 წლის მაისში, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი სალომე მახარაძე აცხადებდა: „შემიძლია ოფიციალურად გითხრათ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არც მათი (Elbit Systems Ltd) და არც საერთოდ არავისი, არანაირი დავალიანება ამ წუთისთვის არ ერიცხება“.

მსგავსი განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მას შემდეგაც გააკეთეს, რაც კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უზენაეს სასამართლოში შეიტანა.

„ვიცით, რომ არბიტრაჟში შეტანილია სარჩელი... ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არა მხოლოდ რამე სახის სამხედრო დავალიანება არ აქვს, არამედ არსებობს მსოფლიოში მთელი რიგი სამხედრო კომპანიები, რომლებსაც, სამწუხაროდ, აქეთ აქვთ ქართული მხარის დავალიანება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 2011 წლის 18 აპრილს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველომ ისრაელის კომპანიისგან  Herme450 -ის  ტიპის უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატები შეისყიდა, თუმცა, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უცნობია, რადგან თავდაცვის სამინისტროსა და Elbit Systems Ltd-ს შორის დადებული კონტრაქტ(ებ)ი საიდუმლოა.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ისრაელის კომპანიასთან კონტრაქტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და  თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ამჟამად ბიზნესმენისა და საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრის „მეგობართა საბჭოს“  ხელმძღვანელის, დავით კეზერაშვილის პირადი კონტაქტების წყალობით გაფორმდა.

საქართველოსთან კონტრაქტის დადების პერიოდში Elbit Systems Ltd-ს შლომო მილო და მისი ძმა, თელავივის ყოფილი მერი რონი მილო წარმოადგენდნენ. ამ უკანასკნელს კი,  2007-2008 წლებში, თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მრჩევლის სტატუსი ჰქონდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, ძმებმა მილოებმა საქართველოს 2006-2008 წლებში, დაახლოებით 200 მილიონი დოლარის იარაღი მიჰყიდეს. 

საქართველოსთან იარაღის ვაჭრობის საკითხმა 2009 წელს აშშ-ში იარაღის უკანონო მოვაჭრეების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეშიც გაიჟღერა. მაშინ ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანიელ ალვარესმა აღიარა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კორუფციული სქემით ვაჭრობდა და ქართულ უწყებას ისრაელის იარაღის მწარმოებლებთან აკავშირებდა.

„ალვარესი, კორუფციული გაყიდვების აგენტების დახმარებით, აწარმოებდა მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობისთვის სამხედრო და კანონის აღსრულებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიყიდვისთვის... გაყიდვების აგენტებს უნდა გადაეხადათ ქრთამი საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირებისთვის, რათა მათ ლობირება გაეწიათ საქართველოს მთავრობისთვის, რომ ბიზნესი შენარჩუნებულიყო“, - აღნიშნულია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით, ალვარესი ისრაელის ბიზნესმენებსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გაფორმებული კონტრაქტებიდან საკომისიოებს იღებდა.

დოკუმენტის მიხედვით, ალვარესის აღიარებითი ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2008 წელს საქართველომ ისრაელის ბიზნესმენებთან გაფორმებული მსგავსი კონტრაქტებით 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო და კანონის აღსრულებისთვის საჭირო აღჭურვილობა შეიძინა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ასეთ სერიოზულ საერთაშორისო დონის საქმეში ფიგურირებდა, ქართველ სამართალდამცველებს ამ საქმესთან დაკავშირებით ძიება არ დაუწყიათ.

დავით კეზერაშვილი პოლიტიკას 2008 წლის 5 დეკემბერს ჩამოშორდა და ამჟამად ბიზნესით არის დაკავებული. კეზერაშვილი, რომელიც საქართველოსთან ერთად, ისრაელის მოქალაქეცაა, როგორც თავად აცხადებს, ნავთობკომპანია  „გალფის“ ერთ–ერთი მფლობელია.

მის სახელს უკავშირებენ „საქართველოს ლატარიის კომპანიასაც“, თუმცა ლატარიის კომპანიის ფლობას თავად კეზერაშვილი უარყოფს.

ახალი ამბები