კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით

23 იანვარი, 2012

გელა მთივლიშვილი, კახეთი

დედოფლისწყაროს პროკურატურაში 17 წლის ბექა ცეცხლაძე დაკითხეს. პოლიცია მას ცივი იარაღის ტარებაში ადანაშაულებს. არასრულწლოვანის დედის დალი ცეცხლაძის თქმით, მის ოჯახს პრობლემები მას შემდეგ ექმნება, რაც სოფელ სამთაწყაროში სართვლოდ ჩასულ კახა კუკავას შეხვდნენ.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა საზღვრისპირა სოფელში, სადაც ინგილოები და აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ, გასული წლის სექტემბერში იმყოფებოდა. ის რთველის მიმდინარეობით უკმაყოფილო გლეხებს შეხვდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ კუკავას ვიზიტის შემდეგ სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს, რომელთა წევრებიც შეხვედრაში მონაწილეობდნენ, სოციალური მომსახურების სააგენტომ საარსებო შემწეობა შეუწყვიტა, მათ შორის გურამ და დალი ცეცხლაძეების ხუთშვილიან ოჯახსაც.

„სანამ დახმარებას შემიწყვეტდნენ, სოფლის გამგებელი პაატა ნადირაშვილი შემხვდა ქუჩაში და მკითხა, კუკავასთან რა გინდოდაო? მე ვუთხარი, თამილა ჩემი ბავშვის ნათლიაა, თავისი ხელმძღვანელები მოიყვანა და მიმიწვია მეთქი. ხოდა, კუკავა დაგეხმაროსო. სამი კვირის შემდეგ დახმარება შემიწყვიტეს, ახლიდან გადამამოწმეს და მაღალი სარეიტინგო ქულა მომცეს. არადა, ოჯახში 8 ადამიანი ვართ. მე, ჩემი მეუღლე, დედაჩემი, რომელიც პენსიონერია და ხუთი ბავშვი. 20 წლის დათო, 17 წლის ბექა, რომელიც დაკითხეს, 12 წლის მანანა, 10 წლის გიორგი და 6 წლის ანა. არაფერი არ გვაქვს, სახლიც კი ჩემი დის არის. არც მიწა გვაქვს, არც საქონელი გვყავს. მთელი ოჯახი დედაჩემის პენსიაზე ვართ.

- ბექა რატომ დაკითხეს?

- სოფლის გამგებელი პაატა ნადირაშვილი, დახმარება რომ შემიწყვიტეს, იმის შემდეგაც შემხვდა და მითხრა, ჯერ სადა ხარ, უარესიც მოგივაო. ჩვენი სოფლელი ბიჭი დაუჭერია პოლიციას, დანა ჰქონდაო თან. იმას დაუწერია თუ დააწერინეს, დანა ბექამ მომცაო. გუშინ, საღამოს სახლში პოლიციის რწმუნებული დაგვადგა და გვითხრა, პოლიციაში ხართ დაბარებულებიო. მერე კიდევ მოვიდა და გვითხრა, პოლიციაში აღარ, პროკურატურაშიო.

- თქვენს შვილს რას ედავებიან?

- რამდენიმე საათია ჰყავდათ დაკითხვაზე. მოვითხოვეთ, რომ ადვოკატის გარეშე არ დაეკითხათ. გვითხრეს, მოიყვანეთ მაშინ ადვოკატიო. მე ადვოკატის დასაქირავებლად ფული არ მაქვს. ამიტომ, მამის თანდასწრებით ჰკითხავენ. იმ ბიჭს დაუწერია, დანა რომელიც პოლიციამ ჩამომამრთვა, ბექამ მომცაო. ბექამ თქვა, ბირჟაზე ვიპოვე, იმან მთხოვა და მივეციო. პროკურატურაში გვითხრეს, დანის ტარების უფლება არ ჰქონდა და კანონით ისჯება, შეიძლება რამდენიმე წლით პატიმრობა მივუსაჯოთო.

- ვინ გითხრათ, რომ დანის ტარებისთვის შესაძლო რამდენიმე წლით დააპატიმრონ?

- პროკურატურაში გვითხრეს“, - აღნიშნა დალი ცეცხლაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, დანის ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს. სხვა კომენტარს პროკურატურაში არ აკეთებენ.

იურისტი ლია ხუროშვილი განმარტავს, რომ 21 წლამდე ასაკს მიუღწეველი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებას, როგორც დანაშაულს, სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე პრიმა მუხლი ითვალისწინებს. „აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით, 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება ისჯება ჯარიმით“, - განაცხადა ლია ხუროშვილმა.

სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული პაატა ნადირაშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

ახალი ამბები