კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Human Rights Watch-მა 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა

24 იანვარი, 2012

ალექსი ბეჟანიშვილი, www.humanrights.ge 

საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch 2011 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ცალკეა მიმოხილული 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა. ანგარიშის ეს ნაწილი „ინტერპრესნიუსს“ საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობამ მიაწოდა.

ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არაერთგვაროვანი მდგომარეობა იყო.

„მაისში ხელისუფლებამ გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალა ანტისამთავრობო გამოსვლები თბილისში და სათანადო სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე ადმინისტრაციული წესით გაასამართლა ათეულობით დემონსტრანტი. ხელისუფლებას არ ჩაუტარებია ეფექტიანი გამოძიება ამ მოვლენებთან დაკავშირებით და არც ძალის გადამეტების ადრინდელი შემთხვევები შეუსწავლია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, შეშფოთების მიზეზს იძლევა ასევე შეკრების თავისუფლებისა და მედიის უფლებების შეზღუდვის შემთხვევები და სახელმწიფოს კუთვნილი შენობებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება ძალის გამოყენებით.

Human Rights Watch აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები გააღრმავეს საქართველოსთან, მაგრამ თავიანთი გავლენის ბერკეტები ვერ გამოიყენეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი წარმატებების მისაღწევად. ანგარიშში სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემები დეტალურადაა განხილული.

ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოში შეკრების თავისუფლების დარღვევაზე და პოლიციელთა ძალადობაზე. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ 2011 წლის 26 მაისს, ისევე, როგორც გასულ წლებში, დაარღვია შეკრების უფლება. ოფიციალურად ნებადართული მიტინგის ვადის ამოწურვიდან 15 წუთში წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა ანტისამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ.

„პოლიციელები დაედევნენ მიტინგის მონაწილეებს, სცემეს ზოგიერთი მათგანი, ისინიც კი, ვისაც მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და დააკავეს დაახლოებით 160 მოქალაქე. პოლიციელებმა ხელი შეუშალეს, აგრეთვე, ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში; დაახლოებით ათ მათგანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს და ორი დააპატიმრეს. ამას გარდა, პრესის ზოგიერთ წარმომადგენელს საიდენტიფიკაციო ბარათები წაართვეს და აპარატურაც დაუზიანეს ან ჩამოართვეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

Human Rights Watch-ის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის მიტინგზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მიზეზით 90-ზე მეტ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა 30 დღემდე ვადით. უმრავლეს შემთხვევაში, სასამართლო მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს დაეყრდნო და ყურადღებაც არ მიუქცევია ბრალდებულების ჭრილობებისა თუ დაზიანებებისთვის.

ანგარიშის მიხედვით, შიდა მოკვლევის შედეგად, რომელიც საზოგადოებისთვის დახურული იყო, შინაგან საქამეთა სამინისტრომ ივლისის თვეში 16 პოლიციელს დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ოთხი მათგანი გაათავისუფლა სამსახურიდან მიტინგის მონაწილეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. თუმცა, ხელისუფლებას არ გამოუძიებია პოლიციელთა მხრიდან ცუდად მოპყრობის ფაქტები.

„ის ფაქტი, რომ ხელისუფლება არ იძიებს სათანადოდ პოლიციელთა მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებას, მძიმდება იმით, რომ მას არც ადრინდელი შემთხვევები შეუსწავლია, მაგალითად, ძალის გადამეტებით გამოყენებისა და სხვა სახის უკანონობის ფაქტები 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დარბევისას, როცა სულ ცოტა 500 ადამიანი დაშავდა; ან 2009 წლის 15 ივნისის მოვლენები, როცა პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილ ოპოზიციის 50-მდე მომხრეს პოლიცილებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და როცა 17 ადამიანი დაშავდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

Human Rights Watch  აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის ომის დროს სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულები ჯერ არ გამოუძიებია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ სამი წელი გავიდა, „საქართველოს ხელისუფლებას კი ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია სრულყოფილი გამოძიება ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტებზე. ომის დროს საქართველოს სამხედროებმა გამოიყენეს არადამიზნებადი ძალა, როგორიცაა ე.წ. „გრადები“ და სხვა არადამიზნებადი იარაღი, რომელიც არ უნდა გამოიყენებოდეს სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ“.

აქვე აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომლის წევრიც საქართველოც არის, განაგრძობს ამ ნორმების დარღვევის შემთხვევათა შესწავლას.

Human Rights Watch-ის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, ციხეების გადატვირთულობა საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება.

ეს კი ორგანიზაციის განცხადებით, ციხეებში ცუდი პირობების არსებობას იწვევს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სახალხო დამცველის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა ციხეებში პატიმართა მიმართ ცუდად მოპყრობის არაერთი ფაქტი. მაგალითად, ქუთაისის #2 საპყრობილეში თავისუფლებააღკვეთილ პირებს 24 საათამდე პერიოდის გატარება უწევთ 2-3 კვადრატული მეტრის ფართობის ცარიელ საკანში, მხოლოდ საცვლების ამარა, საპყრობილეში არსებული წესების დარღვევისთვის სასჯელის სახით. სახალხო დამცველმა პროკურატურას ამ ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა.

Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივნისის ანგარიშში თომას ჰამარბერგი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მიესალმებოდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების კუთხით ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მცდელობებს, თუმცა მოუწოდებდა ხელისუფლებას, მიეღო ადამიანის უფლებებზე უფრო მეტად ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა.

Human Rights Watch-ის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ დევნილების გამოსახლებისას აღიარებული საერთაშორისო სტანდარტები დაარღვია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2010 წლის ივნისიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი დასახლების პრობლემის მოგვარების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო სახელმწიფოს კუთვნილი დროებითი საცხოვრებლებიდან მათი გამოსახლება, „მაგრამ ხელისუფლებამ დაარღვია გამოსახლებასთან დაკავშირებით არსებული აღიარებული საერთაშორისო სტანდარტები. კერძოდ, მან არ გამართა რეალური მოლაპარაკებები იძულებით გადაადგილებულ პირებთან, რომელთა დროსაც შესაძლებელი იქნებოდა შესაფერის ალტერნატიულ საცხოვრებელზე შეთანხმება ან კომპენსაციის გაცემა გამოსახლებამდე. საქართველოს დაახლოებით 246 000 იძულებით გაადაგილებული პირი ჰყავს 1990-იანი და 2008 წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2010 წლის ბოლოსთვის, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა გამოსახლების სახელმძღვანელო მითითებები, რამაც გარკვეულწილად გააუმჯობესა ეს პროცედურა, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაინც ვერ გახადა.

„2011 წლის თებერვალსა და აგვისტოში ასობით ოჯახი იქნა გამოსახლებული დროებითი საცხოვრებლებიდან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ოჯახმა უარი განაცხადა თბილისიდან შორს გადასახლებაზე იმის შიშით, რომ იქ სამუშაოს ვერ იშოვნიდა“, - აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები.

Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, აშშ და ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. ამის მიუხედავად, არც ერთს არ გამოუყენებია ეს საკითხი ურთიერთობათა გადახედვისთვის ადამიანის უფლებების სფეროში კონკრეტული გაუმჯობესების მისაღწევად.

პირიქით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გააღრმავეს თავიანთი საქმიანობა და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან.

ანგარიშის მიხედვით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და სხვა მთავრობებმა და ინსტიტუტებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაეტარებინა 26 მაისის საპროტესტო გამოსვლების დროს პოლიციის ქმედების გამოძიება.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების სფეროში დუნია მიატოვიჩმა, შეშფოთება გამოთქვა მაისის საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში ჟურნალისტების შეურაცხყოფასთან, დაკავებასა და დაკითხვასთან დაკავშირებით.
ანგარიშის მიხედვით, აპრილში თბილისში შეიკრიბა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფი დემოკრატიის საკითხებში, რათა განეხილა პროგრესი და თანამშრომლობა საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით. აშშ-მ აიღო 90 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის ვალდებულება საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხელშესაწყობად.

თავის აპრილის რეზოლუციაში საქართველოს მიერ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმა საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეულ „მნიშვნელოვან პროგრესს“, მაგრამ შეშფოთება გამოხატა მართლმსაჯულების განხორციელებასა და სამართლიანი სასამართლოს ნორმებთან დაკავშირებით.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ თავის მაისის ანგარიშში ევროკავშირმა კმაყოფილება გამოთქვა ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, მაგრამ შეშფოთება გამოხატა, რომ ვერ ხერხდება პოლიტიკური და მედიის პლურალიზმის, ასევე შრომის უფლებებისა და შეკრების თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფა.

ივლისში ევროკომისიამ მიიღო წლიური სამოქმედო პროგრამა საქართველოსთვის და აიღო 50 მილიონ ევროზე მეტი თანხის (70 მლნ აშშ დოლარი) გამოყოფის ვალდებულება ქვეყნისთვის სისხლის სამართლის სისტემის, კონფლიქტების მოგვარების მცდელობებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში დახმარების გასაწევად.

Human Rights Watch ქალაქ ქუთაისში, ქართულ-ინდური კომპანიის საკუთრებაში არსებული მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ მუშების შრომითი უფლებების დარღვევაზეც საუბრობს.

2011 წლის ანგარიშში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2011 წლის აგვისტოში, „ჰერკულესის“ 147-მა მუშამ პროფკავშირი დააარსა და მათ წარმომადგენლებიც აირჩიეს. 13 სექტემბერს, პროფკავშირის ინიციატივით, გაფიცვა დაიწყო სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების მომატების მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ გაფიცვა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობდა, ორი დღის შემდეგ პოლიციამ მაინც დააკავა ქარხნის წინ გაფიცული 12-ზე მეტი მუშა. მუშები რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ ზოგიერთი მათგანის განცხადებით, მათ იძულებით დააწერინეს ხელწერილი იმის შესახებ, რომ მომავალში საპროტესტო გამოსვლებში აღარ მიიღებდნენ მონაწილეობას.

18 სექტემბერს პოლიციამ პროფკავშირის სამი წევრი დააკავა ქუთაისის სხვადასხვა უბანში და დაჟინებით მოითხოვა მათგან ტესტის გავლა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე. მოქალაქეებმა უარი განაცხადეს, რის გამოც ისინი დააპტიმრეს და პოლიციის ბრძანების დაუმორჩილობისთვის 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. ქარხნის თანამშრომლებმა ეს ბრალდებები ხელისუფლების მხრიდან მათი დაშინების მცდელობად აღიქვეს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2006 წელს შრომის ინსპექცია გააუქმა ბიზნესში ხელისუფლების ჩარევის შეზღუდვის მიზნით, მაგრამ მის სანაცვლოდ არ შეუქმნია ახალი უწყება, რომელიც შრომის კანონმდებლობის დაცვას გააკონტროლებდა.

Human Rights Watch-ის 2011 წლის ანგარიშში მედიაში არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი. მედიის თავისუფლებას ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა . ანგარიშის მიხედვით, მედიაგარემო კვლავ არაერთგვაროვანია, მრავალფეროვანი ბეჭდური მედიით, მაგრამ შეზღუდული სატელევიზიო მაუწყებლობით. ქვეყნის მასშტაბით არსებობს მხოლოდ პროსახელისუფლებო საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“ და „იმედი“. პოზიტიური ნაბიჯი იყო პარლამენტის მიერ აპრილში კანონპროექტის მიღება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება, გამოაქვეყნონ ინფორმაცია მფლობელების შესახებ.

ივლისში პოლიციამ დააპატიმრა 4 ფოტორეპორტიორი - ზურაბ ქურციკიძე, ევროპის პრეს-სააგენტოს ფოტოგრაფი; გიორგი აბდალაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტრაქტორი ფოტოგრაფი; ირაკლი გედენიძე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი და გედენიძის მეუღლე, ნათია; ოთხივეს ბრალად ედებოდათ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა. საქმეს ედო გრიფი „საიდუმლო“ და შესაბამისად, არ მომხდარა მტკიცებულებების გამოქვეყნება. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული იყო და სავარაუდოდ უკავშირდებოდა 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის გადაღებებს. ორი კვირის შემდეგ სასამართლომ ფოტორეპორტიორები საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა და თითოეულს 3 წლამდე პირობითი სასჯელი შეუფარდა.

ანგარიშში საუბარია „მედიაპალიტრის“ არაგეგმიურ საგადასახადო შემოწმებაზეც.

„2011 წლის ივნისში ფინანსთა სამინისტრომ წამოიწყო საქართველოს უმსხვილესი მედია ჯგუფის, „მედიაპალიტრას“ კუთვნილი რამდენიმე კომპანიის პარალელური არაგეგმიური საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული ჯგუფი ასევე ფლობს რამდენიმე გაზეთს, მათ შორის პოპულარულ ყოველკვირეულ გაზეთ „კვირის პალიტრას“, რადიოსადგურს, თერთმეტ ჟურნალს, ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ და ინტერნეტ „პალიტრა TV“-ს. მედიასაშუალებები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამ აუდიტის მიზანი იყო „მედიაპალიტრასთან“ ანგარიშსწორება ჯგუფის მედიასაშუალებების მიერ 26 მაისის მოვლენების გაშუქების გამო. აგვისტოში აუდიტი გაურკვეველი დროით შეჩერდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე განხილულია ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხი. 2010 წელს სახელმწიფომ ადმინისტრაციული კანონით პატიმრობა 30-იდან 90 დღემდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სასჯელი უტოლდება სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, დაკავებულებს არა აქვთ საშუალება, ისარგებლონ სრული პროცედურული უფლებებით.  მართალია, მათ ადვოკატთან შეხვედრის უფლება ეძლევათ, მაგრამ ზოგიერთ დაკავებულს პრობლემები ექმნება დაცვასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ აქვთ უფლება, ოჯახის წევრებს აცნობონ მათი დაკავების შესახებ. ადმინისტრაციულ პატიმრობაზე მომუშავე ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ საკმარისი დრო არ ეძლევათ დაცვის მოსამზადებლად (ზოგჯერ 10-15 წუთიც კი). დაცვის მხარეს ხშირად სასამართლოზე მტკიცებულების წარდგენის და მოწმეების გამოძახების საშუალებაც არ აქვთ. 2010 წელს ხელისუფლებამ შეამცირა ადმინისტრაციულ სასჯელზე სარჩელის შეტანის ვადა ათიდან ორ დღემდე მიუხედავად იმისა რომ სასამართლოს ჩანაწერები ხელმისაწვდომი მხოლოდ სასამართლო პროცესიდან სამი დღის შემდეგ ხდება.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულები რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორებში, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ 72 საათიანი წინასწარი პატიმრობისათვის; შესაბამისად ამ დაწესებულებებში არ არსებობს სეირნობის, ჰიგიენისა და სამედიცინო დამხარების შესაბამისი პირობები.

ორიგინალი

 

 

ახალი ამბები