კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალექსანდრე რუსეცკი: „ევროკავშირსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი კავშირების დამყარება საფრთხეების მთელ ჯაჭვს მოიცავს“

25 იანვარი, 2012

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის ალექსანდრე რუსეცკის აზრით, „ევროკავშირსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი კავშირების დამყარება საფრთხეების მთელ ჯაჭვს მოიცავს“.

ასე გამოეხმაურა რუსეცკი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას განცხადებას ევროკავშირსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი კავშირების დამყარების შესახებ. რუსეცკის აზრით, „ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ არსებობს ორი აფხაზეთი“.

„კონფლიქტებთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკა კავკასიაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ევროკავშირმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა გააცნობიერონ, რომ აფხაზეთის საზოგადოება ორად არის გახლეჩილი და ის, რომელსაც ბატონი ლაკერბაია წარმოადგენს, ამ საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილია. ნებისმიერი ქმედება, რომელიც აფხაზეთის საზოგადოების ორად გახლეჩას არ ითვალისწინებს, კომპეტენციის ნაკლებობის გამოვლინებას წარმოადგენს და საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ მორალური უფლება, ასეთი პოლიტიკა აწარმოონ. ეს დასავლური ორიენტაციის კიდევ უფრო მეტ ვარდნას გამოიწვევს“, - განაცხადა რუსეცკიმ.

მისივე აზრით, მსგავსი შეცდომა საერთაშორისო საზოგადოებამ ცხინვალთან მიმართებაში ერთხელ უკვე დაუშვა, როდესაც ფონდებმა იქ დიდი რაოდენობის თანხების ინვესტირება და არათანაბარი განაწილება მოახდინეს: „იმ ფაქტმა, რომ ინვესტირება და პროექტების განხორციელება მხოლოდ ცხინვალს შეეხო და არა მის მიმდებარე ქართულ ან თუნდაც ოსურ სოფლებს, სრული დისბალანსი გამოიწვია“.

„გახლეჩილ საზოგადოებებს შორის დიალოგი სათანადო დონეზე ვერ დამყარდა, რადგან ეს მიზანი დასახული არ იყო. მიზანი იყო სხვა - რუსეთის ზეგავლენის შესუსტება. რუსეთის სპესცამსახურებს ეს არ გამოეპარებოდათ და თუ ევროკავშირის პროგრამები ვლადიკავკაზამდე აღწევდა, დღეს ვხედავთ, რომ მონიტორინგის მისიას შესვლა არც ცხინვალის რეგიონის ზონაში შეუძლია. ევროკავშირის როლი აღნიშნული კონფლიქტების დარეგულირებაში მედიატორობა უნდა იყოს. იგივე ფილიპ ლეფორმა აფხაზური საზოგადოების სეცესსიონისტურ (გამოყოფის მომხრე) ნაწილს უნდა განუმარტოს, რომ ევროკავშირის პროგრამების განხორციელება და თანხების ინვესტირება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროექტებში გახლეჩილი აფხაზეთის ორივე - სეცესსიონისტური (გამოყოფის მომხრე) და იუნიონისტური (გამოყოფის მოწინაამღდეგეების) ნაწილი იქნება ჩართული“, - განაცხადა რუსეცკიმ და დასძინა, რომ „სხვა ყველაფერი ევროპის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაცია იქნება“.

„თუ ლაკერბაიას მიერ ნახსენებ „აფხაზში“ აფხაზეთის მკვიდრნი იგულისხმებიან, თავად ლაკერბაია სამხედრო ოკუპაციის პირობებში აფხაზური საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილის აზრს გამოხატავს, ხოლო თუ იგი ეთნიკურ აფხაზებს გულისხმობს - მთლად უარესი. ე.ი. ეს რასისტულ-შოვინისტური ტიპის განცხადებაა და ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ნებისმიერ სიტუაციაში, მე მას  ვურჩევ, პარტნიორები და მეგობრები, პირველ რიგში, დევნილ მოსახლეობაში ეძებოს, რადგან მისი უსაფრთხოება და აფხაზეთის მომავალი დევნილებზეა დამოკიდებული და უახლოეს ხანებში ამას ყველა უფრო ნათლად დაინახავს“, - განაცხადა რუსეცკიმ და დასძინა, რომ „ევროკავშირი ეთნოცენტრისტული ფრაზეოლოგიის გავრცელებას და დამკვიდრებას მხარს არ უნდა უჭერდეს“.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას განცხადებით, „საჭიროა ნდობის გამყარება არა აფხაზებსა და ქართველებს, არამედ აფხაზეთსა და ევროკავშირს შორის“.

ლაკერბაიამ 24 იანვარს სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი მიიღო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფილიპ ლეფორმა განაცხადა, რომ იგი აფხაზეთში არა მხოლოდ როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, არამედ როგორც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ჩავიდა.

„ჩვენ ვისაუბრეთ არა მხოლოდ ჟენევის დისკუსიების დინამიკაზე, არამედ იმაზეც, როგორ უნდა განხორციელდეს ევროკავშირის რიგი პროგრამები რეგიონში. ევროკავშირსა და აფხაზეთს შორის განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ჩვენს შორის ძალიან მეგობრული და ღია დისკუსია გაიმართა“, - განაცხადა ლეფორმა.

თავის მხრივ, ლაკერბაიამ განაცხადა, რომ „შეხვედრაზე რიგი საკითხები იქნა განხილული, რომელიც ჟენევის ფორმატს და ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ინიციატივებს უკავშირდებოდა“. მისი აზრით, „ნდობა არა აფხაზებსა და ქართველებს შორის, არამედ აფხაზეთსა და ევროკავშირს შორის უნდა გამყარდეს“.

ახალი ამბები