კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროფკავშირების ინიციატივას სტუდენტთა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შესახებ ხელისუფლება ბლოკავს

26 იანვარი, 2012
მარიამ ხურციძე, ალეკო ცქიტიშვილი

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ყველა სტუდენტი იყოს დაზღვეული. ინიცირებული კანონპროექტი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე ჯანმრთელობის უფასო დაზღვევას ითვალისწინებს. ხელისუფლება და მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივას ბლოკავს.

კანონპროექტის თანახმად, სტუდენტთა სავალდებულო დაზღვევის საფასურს მათ მიერ გადახდილი სწავლის ქირიდან სადაზღვევო კომპანიებს უმაღლესი სასწავლებლები გადაურიცხავენ. 

გაერთიანებულ პროფკავშირებში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს და უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ მთელი რიგი ვალდებულებები. მათ შორისაა უმაღლესი დაწესებულების ვალდებულება ხელი შეუწყოს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას. სახელმწიფოს ვალდებულებები გაწერილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ მოქმედ კანონში, რომლის 43-ე მუხლის თანახმად, სტუდენტს უფლება აქვს,  „სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან, ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები“ („ი“ პუნქტი).

„მიუხედავად ზემოაღნიშნული მუხლებისა, საქართველოში სტუდენტებს არა აქვთ არანაირი სოციალური სახის შეღავათი, არც სახელმწიფოს და არც უმაღლესი დაწესებულებების მხრიდან, თუ არ ჩავთვლით რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში /მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი/ ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფს (0,2 ლარი), რომელიც მხოლოდ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ლიცენზირებულ და აკრედიტირებულ უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე ვრცელდება“, - აღნიშნულია  საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მიერ ინიცირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

საქართველოს  სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 103 000 სტუდენტია და მათ სწავლების საფასური საშუალოდ 2 250 ლარს შეადგენს, საიდანაც სტუდენტთა სოციალურ დაცვას არც ერთი თეთრი არ ხმარდება.

„უმაღლესი  განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კი, სტუდენტს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება, აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს. გაერთიანებულ პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ ამ უფლების უზრუნველყოფა შეუძლებელია, თუკი სტუდენტს არ ექნება ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე. ეს კი სტუდენტებს მხოლოდ უფასო სამედიცინო დაზღვევის შემთხვევაში ექნებათ გარანტირებული. 

Humanrights.ge-სთან საუბრისას გაერთიანებული პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა ბლიაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში უკვე არსებობს მოქალაქეთა მთელი რიგი კატეგორიები, რომლებიც დაზღვეულნი არიან სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში: სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები, მასწავლებლები, მანდატურები, სახელმწიფო მოხელეები, პროკურორები და ა. შ. სტუდენტები ჯანმრთელობის პრობლემების კუთხით მიეკუთვნებიან საზოგადოების შედარებით დაბალი რისკის ჯგუფს. გარდა ამისა, მათი რაოდენობიდან გამომდინარე, სტუდენტთა დაზღვევა არ იქნება დაკავშირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯების გაღებასთან და რეალურად, საკმაოდ დაბალი ღირებულების სადაზღვევო პაკეტით  შესაძლებელი იქნება მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების მიღება.

კანონპროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას სპეციალური სადაზღვევო პაკეტი, რომლის წლიური სადაზღვევო განაკვეთი განისაზღვრება საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე. „სადაზღვევო პრემიის საფასური აუცილებლად უნდა შევიდეს სწავლების საფასურში - იმ თანხაში, რომელსაც იხდის სტუდენტი ან სახელმწიფო (დაფინანსების ან თანადაფინანსების შემთხვევაში)“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის, მე -3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტში  დამატებას, და მის ჩამოყალიბებას შემდეგი რედაქციით: „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია , ხელი შეუწყოს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას და უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  ბიუჯეტში გადახდილი სწავლების საფასურიდან   სტუდენტთა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა“. 

სტუდენტებს გაერთიანებული პროფკავშირების ინიციატივა ძალიან მოსწონთ ეს და სურთ, კანონში ცვლილებები მალე შევიდეს.

„ძალიან კარგი ინიციატივაა, რაც უფრო მალე ამოქმედდება ეს კანონი მით უფრო კარგი იქნება. სტუდენტებს ეძლევათ საშუალება უფასოდ ჩაიტარონ ანალიზები ან თუმდაც წავიდნენ კონსულტაციაზე. ძალიან ბევრი სტუდენტია რომელიც თბილისში მცხოვრები არ არის და საკუთარი ოჯახიდან არიან წამოსულები, როცა მშობლები ამხელა თანხას უხდიან სტუდენტს  სწავლაში კარგია, რომ შევა დაზღვევის ფული და მას აღარ დაჭირდება კიდევ ცალკე თანხების გამოყოფა ჯამრთელობისათვის“, – ამბობს humanrights.ge-სთან საუბრისას სტუდენტი თამთა გულბანი.

მოეწონება თუ არა ეს იდეა უნივერსიტეტების რექტორებსა და მფლობელებს ეს მეორე საკითხია. გაზრდიან თუ არა სწავლის გადასახადს ამ კანონის შემოღებისას, ესეც ჯერ არ ვიცით. თუმცა აღსანიშნავია, საქართველოში სწავლის საფასური 2250 ლარიდან იწყება და 7000 ლარს სცილდება. პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ ამ თანხიდან სტუდენტების დაზღვევას წელიწადში დაახლოებით 80 ლარი უნდა მოხმარდეს, რაც უმაღლესი სასწავლებლების ბიუჯეტს დიდად არ დააზარალებს. 

გაერთიანებულმა პროფკავშირებმა აღნიშნული და კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დაარეგისტრირა, შემდეგ კი მოქალაქეთა 30  000 ხელმოწერაც შეაგროვა. მეორე საკანონმდებლო ინიციატივა „სახელმწიფო კონპენსაციისა და სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებას ითვალისწინებს. მეორე ინიციატივით პროფკავშირები ცდილობს, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებულ ადამიანებს, სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, სათანადო კომპენსაცია დაენიშნოთ.

ლაშა ბლიაძის თქმით, არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს შეგროვებული ხელმოწერების დამოწმებას რომელიმე ქალაქის საკრებულოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი მას არ განიხილავს: „თბილისის საკრებულომ უარი გვითხრა ხელმოწერების დამოწმებაზე. ვაპირებთ ეს უარი გავასაჩივროთ სასამართლოში“. 

ხელისუფლებამ ნაცადი ბერკეტები აამუშავა

სასამართლოში სარჩელის განხილვამდე გაერთიანებული პროფკავშირები ცდილობს საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენოს. 20 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა: „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყო კანონპროექტში პარლამენტში წარდგენისათვის სავალდებულო 30 000–ზე მეტი ხელმოწერის შეგროვება და იმედოვნებდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები განახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას და დაამოწმებდნენ ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირების ხელმოწერებს. თუმცა, თბილისის, ზესტაფონის, ტყიბულისა და რუსთავის საკრებულომ უარი განაცხადა ხელმოწერების დამოწმებაზე, რითაც ხელოვნური ბარიერი შეუქმნა მისი ამომრჩევლების კონსტიტუციურ უფლებას პარლამენტში საკანონმდებლო ინიციტივის შეტანაზე“.

მისივე ინფორმაციით, ადგილობროვი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ხელმოწერების ნოტარიულად დამოწმება მოითხოვეს: „ჩვენ ადრეც მიგვიმართავს საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტისთვის და საჭირო ხელმოწერების ნოტარიულად დამოწმება არ მოუთხოვიათ. თუკი მაინცდამაინც ხელმოწერების დამოწმებაა საჭირო, მაშინ ეს რწმუნებულებმა ან ნოტარიუსებმა უნდა განახორციელონ. ამდენი ხელმოწერის დადასტურებას კი 24 000 ლარი ესაჭიროება“. 

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ირაკლი პეტრიაშვილი ოფიციალური წერილით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს და სთხოვს, უზრუნველყოს ისეთი საკანონმდებლო გარემოს შექმნა, სადაც საქართველოს მოქალაქეები შეუზღუდავად მოახერხებენ თავიანთი კონსტიტუციური უფლებების განხორციელებას. 

 როგორც პროფკავშირების თავმჯდომარემ აღნიშნა, შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანოში საკანონმდებლო ინიციატივა შეგროვილი ხელმოწერებით რომელიმე პარლამენტარს გადასცენ, ვინაიდან პარლამენტარის მიერ წარდგენილ ხელმოწერებს ნოტარიულად დამოწმება არ ესაჭიროება.

ახალი ამბები