კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დენის, წყლისა და დასუფთავების გადასახადებს ბათუმელებიც ერთი ქვითრით გადაიხდიან

27 იანვარი, 2012

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმის მოსახლეობა ელექტროენერგიის, წყლისა და სანდასუფთავების გადასახადს საერთო ქვითრით გადაიხდის. ამის თაობაზე გადაწყვეტილება 17 იანვარს ბათუმის საკრებულოში მიიღეს. საკრებულოს ოპოზიციური პატიების წარმომადგენლების პროტესტი, ამჯერადაც, უშედეგო აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების აღნიშნული პროგრამის დამტკიცებას, ოპოზიციის საკრებულოს წარმომადგენლებისგან ხმაური მოჰყვა, ცვლილება მაინც შევიდა. ქვითრების ერთიანი ადმინისტრირებისთვის კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 370 000 ლარი გამოეყო.

ბათუმის საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ირაკლი ჩავლეიშვილი დარწმუნებულია, რომ ვინც სანიტარული დასუფთავების თანხას არ გადაიხდის, მას ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტენ: „იმის გამო, რომ სანდასუფთავების ორგანიზაცია ცუდად მუშაობდა, აბონენტები დროულად არ იხდიდნენ გადასახადს. შესაბამისად, ხალხს დავალიანება დაუგროვდა. ახლა კი ვინც ამ ვალს არ გადაიხდის, ელექტროენერგიას გაუთიშავენ“.

მამული ჟღენტი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ეროვნული ფორუმიდან“: „შეიძლება ნაგავი არც ჰქონდეს ადამიანს, თუკი ფული არ აქვს და საჭმელს ვერ აკეთებს. გადასახადი მაინც უნდა გადაიხადოს. არ გადაიხდის ნაგვის თანხას, შუქსაც გამოურთავენ! ასე აიძულებენ ხალხს გადახდას. უშუქოდ არავის არ შეუძლია ცხოვრება“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ბათუმის რამდენიმე მკვიდრს გაესაუბრა.

ლამარა დევაძე: „ბოლო წლებია, სანდასუფთავების თანხა არ გადამიხდია, ხანდახან წყლის თანხასაც ვერ ვიხდი, რადგან ძალიან მაღალი გადასახადია - 1. 85 თეთრი ღირს ერთ სულზე წყლის გადასახადი. ვაჭრობით ნაშოვნი ფულით პურს ძლივს ვყიდულობ და გადასახადებისთვის აღარ მრჩება. აქამდე შუქის თანხას ძლივს ვიხდიდი“.

მერაბ ლორთქიფანიძე: „ბინას, რომელიც 5 წლის წინ ვიყიდე, დღემდე აქვს სანსასუფთავებისა და წყლის გადასახადის დავალიანება - დაახლოებით 300 ლარი. მაშინ ყურადღება არ ექცეოდა და მეც არ მომითხოვია ძველი მფლობელისთვის გადაეხადა. ბათუმის საკრებულოს ამ გადაწყვეტილებით, გამოდის, რომ თუ მე არ გადავიხდი ძველი მფლობელის დროს გადაუხდელ გადასახადებს, შუქს გამითიშავენ. ეს ნამდვილად არასამართლიანია“.

ლელა რუხაძე: „ყოველთვის თბილისს რატომ ბაძავენ? რა აუცილებლობაა, ბათუმშიც ერთი ქვითრით ვიხადოთ?! შუქის გარეშე დარჩენის შიშის გამო ხალხისგან ძველი გადასახადების ამოღებას ცდილობენ. ახლა სიბნელეშიც გვემუქრება დარჩენა“.

როგორც ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი, ტიტე აროშიძე ამბობს, ქვითრების ერთიანი ადმინისტრირება იმისთვის არის საჭირო, რომ კომუნალური გადასახადების გადახდა ერთიან სისტემაში მოექცეს: „ერთიანი ადმინისტრირების შემდეგ, ყველა აბონენტს ინდივიდუალურად მიუვა სახლში ქვითარი და  საშუალება ექნება, თავად გაეცნოს თუ რამდენი აქვს გადასახადი, რამდენი დავალიანება. მოსახლეობა ერთიან ქვითრებს ერთი თვის შემდეგ მიიღებს. მანამდე წინასწარი მოკვლევითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რათა მოხდეს მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა სულადობის მიხედვით“.

შეკითხვაზე, რა მოხდება თუკი მომხმარებელი რომელიმე გადასახადის გადახდას ვერ შეძლებს, დარჩება თუ არა შუქის გარეშე, ტიტე აროშიძე ამბობს: „ეს უკვე იქნება მარეგულირებელი კომისიის საკითხი და მან უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ მოხდება ურჩი გადამხდელებისთვის საჯარიმო სანქციების დაწესება“.

ერთი წლის დაგვიანებით, ბათუმის საკრებულო თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას იმეორებს - ერთიანი საგადასახადო ქვითრები უკვე ბათუმშიც გამოჩნდება.

ახალი ამბები