22:55, Tuesday, 30.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჟურნალისტები სუბელიანის პრესმდივანს მოვალეობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ

30.01.2012

გელა მთივლიშვილი

ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა, სამინისტროს მისი საქმიანობისადმი კრიტიკულად განწყობილ მედია საშუალებებთან ეფექტურად ეთანამშრომლა. სამინისტრომ ავტორიტეტული ორგანიზაციის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. სამინისტრო დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის ისევ დახურულია.

რამდენიმე დღის წინ „სტუდია რე“-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო ოთხი თვის მანძილზე სამინისტროსა და სტუდიას შორის „გაუგებარი გაუცხოება“ დამყარდა.

„ქალბატონმა ეკამ, რომელიც ყოფილი ჟურნალისტი გახლავთ, გვიპასუხა, რომ ჩვენი გადაცემები ზედმეტად კრიტიკული, ტენდენციურია და ამიტომ სამინისტრო ჩვენთან არ ითანამშრომლებს. ასეთი შეფასება ჩვენთვის მიუღებელია და ვერ გავიზიარებთ, რადგან ჩაწერას სამინისტროს წარმომადგენელი მათივე მიზეზით არ ესწრებოდა. კოლეგა ჟურნალისტებთან საუბრიდან ვიცით, რომ „სტუდია რე“ არ არის ერთადერთი მედია ორგანიზაცია, ვის მიმართაც დევნილთა სამინისტრო მსგავსს დამოკიდებულებას ამჟღავნებს“, - აღნიშნულია „სტუდია რე“-ს განცხადებაში.

ეკა გულუა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურს ბოლო რამდენიმე წელია რაც ხელმძღვანელობს. მანამდე ის გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი იყო, თუმცა სამინისტროში მუშაობის დაწყების შემდეგ „რეზონანსაც“ არაერთხელ შეუტია.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამინისტრო ასე აგრესიულად ესაუბრება გაზეთს. როგორც წესი, სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ეკა გულუა „რეზონანსის“ შეკითხვებს ან უპასუხოდ ტოვებს, ან დასმულ შეკითხვებს შეუსაბამო, კონტექსტიდან ამოგლეჯილ პასუხს სცემს, შემდეგ კი მუდმივად ჩანაწერის გადამოწმებას ითხოვს. არც ერთი მსგავსი შემთხვევისას გაზეთის მიერ გამოქვეყნებული მისი კომენტარი ჩანაწერებს აცდენილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებსა და ობიექტურ იმიჯს ამოფარებულმა „რეზონანსმა“ სამინისტროს მიერ გაგზავნილი ოფიციალური წერილობითი კომენტარი ამოჭრა და ამით სტატიის კონტექსტი დაამახინჯა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ან არაკომპეტენტურობა, ან ტენდენციურობა. თუმცა, გაზეთს და მის მესვეურებს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე აქვთ პრეტენზია. აღსანიშნავია ისიც, რომ პრესსამსახურის უფროსი ეკა გულუა, რომელიც ამ ტექსტის ავტორია, „ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებსა და ობიექტურ იმიჯს ამოფარებულ“ „რეზონანსში“ 8 წელი მუშაობდა“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ 2011 წლის 20 მაისის ნომერში.

ელისო ჩაფიძე, გაზეთი „რეზონანსი“: „გასულ წელს ვიყავი ერთ-ერთი პროექტის მენტორი, რომელიც დევნილებისთვის კომპენსაციის მიცემის საკითხებს სწავლობდა. ჟურნალისტებმა უამრავი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხეს კომენტარის ჩაწერა არათუ სუბელიანთან, არამედ რომელიმე მის თანამშრომელთანაც კი. შემდეგ ისე ხდება ხოლმე, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ“.

ნატალია სარქისაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი: „ეკა გულუასგან ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიღებთ - ვერც საჯაროს, რომელიც სამინისტროში უნდა იყოს დაცული და ვერც კომენტარს, მიუხედავად იმისა, საკითხი დევნილებს ეხებათ, ლტოლვილებს თუ ეკომიგრანტებს. გასულ წელს, როცა სოფელ ბაკურციხეში დევნილები თბილისიდან სატვირთო მანქანით ჩამოიყვანეს და ამაზე იქ მყოფი სამინისტროს წარმომადგენლებისგან კომენტარის მიღებას ვცდილობდით, გულუას დავალებით ყველა მათგანმა იქაურობა სასწრაფოდ დატოვა“.

საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი: „კომენტარს კი არა, რამდენი წერილიც გავგზავნე, არცერთზე პასუხი არ მიგვიღია. რამდენჯერმე კანცელარიის თანამშრომლებს დავურეკეთ და ვერც კი პოულობენ წერილებს. აქ ათასობით განცხადება შემოდისო. პრესსამსახური არ გვპასუხობს საერთოდ“.

ნინო ჯაფარიძე, „სტუდია GNS“: „როგორც წესი ძნელად მისაწვდომია და ყველა საკითხზე თავადაა კომპეტენტური. სამინისტროდან სხვას ვერავის იმეტებს ჩასაწერად“.

გიორგი მგელაძე, სტუდია „მონიტორი“: „2 წლის წინ ვამზადებდი ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც ვარკეთილში მდებარე ერთ - ერთ ობიექტში დევნილთა სამინისტროს მიერ დევნილების შესახლებას ეხებოდა. საქმე იმაში იყო, რომ ეს ობიექტი კერძო საკუთრება იყო, რამდენიმე იურისტს ჰქონდა 1 წლის წინ შეძენილი და სამინისტროს დევნილების იქ შესახლების უფლება არ ჰქონდა. საქმის შესწავლით გამოიკვეთა, რომ კობა სუბელიანმა კანონი დაარღვია და მისი ერთ-ერთი გაყალბებული ბრძანებაც ჩაგვივარდა ხელში. ამ საკითხზე სამინისტროს პოზიციის და კომენტარის მიღებას 1 კვირის განმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდით. მახსოვს იძულებული გავხდი, მათი პრეს-ცენტრის სატელეფონო ჩანაწერი ჩამესვა ფილმში რათა ბალანსი არ დაგვერღვია“.

თინათინ მოსიაშვილი, ჟურნალისტი: „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისგან მიღებული პროექტის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების თემაზე სიღრმისეულ რეპორტაჟს ვამზადებდი. მოვიარე ბევრი სოფელი, სადაც სტიქიების საშიშროება იყო. მერე ვნახე ეკომიგრანტებით ჩასახლებული სოფლები. მნიშვნელოვანი იყო, გამერკვია რა ჰქონდა სახელმწიფოს დაგეგმილი, ან თუ ჰქონდა რამე სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის. ეს საკითხი ეხებოდა ლტოლვილთა სამინისტროს. მეც მივმართე. მივედი მისაღებში და ვითხოვე ზემოთ ასვლა. პრესცენტრის თანამშრომელმა მითხრა, ახლა ეკა გულუა აქ არ არის, დატოვეთ ნომერი და დაგირეკავთო. ეკას კარგად ვიცნობდი და დარწმუნებული, რომ დამირეკავდნენ, დავტოვე ნომერი და წამოვედი. არა თუ დამირეკეს, მერე გულუა მობილურსაც აღარ პასუხობდა. რამდენიმე დღის მერე ისევ მივედი სამინისტროში და დავწერე განცხადება. ვითხოვდი, მოეწოდებინათ საჯარო ინფორმაცია ეკომიგრაციის მიმართულებით გათვალისწინებული პროექტების შესახებ, ასევე თუ რა თანხები იყო გათვალისწინებული ამ მიზნით. სიღრმისეული რეპორტაჟის მოსამზადებლად გარკვეული დრო მქონდა, მაგრამ არც ბევრი. 10 დღე მაინც ველოდე პასუხს. არაფერი მოუწერიათ. მასალა დასრულებული მქონდა და ამ პასუხს ველოდი. კიდევ ერთხელ მივედი სამინისტროში, გულუა ისევ შეხვედრაზე იყო, მისი სამსახური მის გარეშე ვერც მპასუხობდა და არც ის შემოუთავაზებიათ, ამობრძანდითო. 4 საათი ველოდი და გულუას მესიჯი მივწერე „ბოლოს და ბოლოს ვინ გგონია-მეთქი შენი თავი“. ამავე დროს ვრეკავდი ცხელ ხაზზე, მინისტრისა და მოადგილეების მისაღებში, თუმცა პასუხი ვერავისგან მივიღე. ვიჯექი მოსაცდელში, საშვთა ბიუროსთან, სადაც იდგა ერთადერთი სკამი და პერიოდულად მისაღებში მოსულ შავოსნებს ვუთმობდი. ბოლოს როგორც იქნა, მოვიდა გულუა, მესიჯით აღშფოთებული იყო, ეს როგორ მომწერეო. გაღმა შეედავეს პრინციპით, აქეთ შემომიტია. ფაქტია, იმ დღეს სამინისტროდან ვერაფერი წამოვიღე. ჩემი მასალა „სანამ რისკი კატასტროფად იქცევა“ „ნეტგაზეთში“ მათი კომენტარის გარეშე დაიბეჭდა. გასაგებია, რომ ეკომიგრანტებისთვის არაფერია გათვალისწინებული, მაგრამ ამ სამინიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რატომ ჰყავს? იმ დღეებში ვფიქრობდი, მე, ჟურნალისტს, რომელსაც მათგან მხოლოდ კომენტარი მინდა, ასე რომ მექცევიან, ღმერთმა დამიფაროს და დაიფაროს ყველა, როგორც დევნილს, რაიმე საქმე რომ მქონდეს, როგორ შემხვდებოდნენ“.

ჟურნალისტების პრეტენზიებზე საპასუხოდ ეკა გულუასთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით. თუმცა, ვერ მოვახერხეთ. მინისტრის პრესმდივანმა სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვა, სამსახურის ტელეფონზე კი ორჯერ გვითხრეს, რომ „გულუა ადგილზე არ იყო“ და არც ის იცოდნენ, როდის იქნებოდა.

თუმცა, სამინისტროს ვრცელი განმარტება საზოგადოებისათვის „სტუდია რე“-ს განცხადებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ამ განცხადებას სრული სახით, სტილის დაცვით და ამჯერად, უკომენტაროდ:

„სტუდია რე“-ს ხელმძღვანელის, მამუკა ყუფარაძის განცხადება, სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „სტუდია რე“ არაობიექტურად აშუქებს მოვლენებს და ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ. ამის ნათელი დადასტურება გახლავთ ის, რომ სამინისტროს განმარტება თანამშრომლობის შესახებ დაამახინჯეს და მათ განცხადებაში ვკითხულობთ, თითქოს კრიტიკის გამო ვაცხადებთ უარს თანამშრომლობაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ჩვენი ნათქვამის დამახინჯების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. სამინისტრო კრიტიკასა და განსხვავებულ აზრს ისმენს და განიხილავს, მაგრამ ცილისწამება და ნეგატიური კამპანია მიუღებელია.

ეკა გულუა: „ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მივესალმებით ყველასთან კომუნიკაციას, მაგრამ როცა არასწორ, არაობიექტურ და ტენდენციურ ინფორმაციებს ავრცელებთ, ვერ ვითანამშრომლებთ.“ მისივე თქმით, „სტუდია რე“-ს თანამშრომლობაზე უარი სწორედ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების გამო განუცხადა.

ვალერი კოპალეიშვილის განცხადებით, გადაცემაში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი გაშუქდებოდა ობიექტურად და არა დეზინფორმაციის თანხლებით.

„სტუდია რე“–ს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებით მაყურებელი დაზარალდება, რასაც სრულიად ვეთანხმებით და ნამდვილად დასანანია, რადგან მაყურებელს უფლება აქვს, მიიღოს რეალური ინფორმაცია და არა დამახინჯებული. სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის მიერ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების ინფორმირებულობისათვის გამოყოფილი გრანტები, რეალურად საზოგადოების დეზინფორმირებას, ცილისმწამებლური კამაპანიის წარმართვას, მოქალაქეების დაბნევასა და შეცდომაში შეყვანას ხმარდება.

სამინისტროს საქმიანობისა და ბოლო დროინდელი უდავო წარმატებების მიჩქმალვა, რა თქმა უნდა, „სტუდია რე“–ს უფლებაა, მაგრამ 17 წლის მანძილზე მივიწყებული დევნილთა პრობლემების რეალური მოგვარება და მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესება საქართველოს სახელმწიფოსა და დონორი ქვეყნების ძალისხმევის შედეგია და ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს“.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC