კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ აქტივისტის შვილი, ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

1 თებერვალი, 2012

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კახეთის საოლქო პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი დააკავა. ჟურნალისტის მამა, დათო ნიკოლაშვილი გურჯაანში საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ აქტივისტია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პროკურატურა სოფო ნიკოლაშვილს პოლიციის თანამშრომლის, გიორგი სიბაშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.

კახეთის საოლქო პროკურორის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით. სოფო ნიკოლაშვილი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ამ წუთებში მასთან ადვოკატი იმყოფება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ინციდენტი 31 იანვარს საღამოს ქალაქ გურჯაანში მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა.

გიორგი სიბაშვილი ამჟამად შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მამამისი გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა.

სოფო ნიკოლაშვილი 2008 წლიდან 2011 წლის აგვისტომდე გაზეთ „კახეთის ხმა“-ში მუშაობდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი სოფო ნიკოლაშვილის მამას დავით ნიკოლაშვილსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, მომხდარის დეტალები მისთვის ჯერ უცნობია.

20 წლის სოფო ნიკოლაშვილს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პოლიციაში კულუარულად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სოფო ნიკოლაშვილს გიორგი სიბაშვილი უყვარდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა ჟურნალისტი ადვოკატის გარეშე დაკითხეს. იგი პოლიციაში მანქანით თავად გიორგი სიბაშვილმა მიიყვანა და შემდეგ დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ჯერ პოლიციის უფროსი გიორგი კერატიშვილი, მერე კი პოლიციის უფროსის მოადგილე ილია ოთარაშვილი კითხავდა. სოფო ნიკოლაშვილმა დაკითხვის დროს არაერთხელ მოითხოვა, მისთვის ადვოკატი მიეყვანათ, მაგრამ პოლიციის ხელმძღვანელებმა მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. შს გურჯაანის სამმართველომ სოფო ნიკოლაშვილის დაკავების შესახებ ოქმი დაკავებიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ, 23:00 საათისთვის შეადგინა.

იურისტების განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, პოლიცია ვალდებული იყო სოფო ნიკოლაშვილის ოჯახის წევრებისთვის მისი დაკავების შესახებ, დაკავებისთანავე ეცნობებინათ. თუმცა, სამართალდამცავებმა დაკავებულის ოჯახის წევრებს მხოლოდ დღეს - 1 თებერვალს, დილით შეატყობინეს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფო ნიკოლაშვილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, მთელი ღამის განმავლობაში ისინი გოგონას საავადმყოფოებში და ნათესავებთან ეძებდნენ.

ახალი ამბები