კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წელი 2011: ფრონტალური შეტევა ქართულ მედიაზე

1 თებერვალი, 2012

მაკა ჯაიანი, weww.media.ge

ეს შეტევა ქართულ მედიაზე, როგორც ფაქტებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, ხელისუფლებამ 2011 წელს ოთხი მიმართულებით გაშალა.

პირველი გვიან გაზაფხულზე, 26 მაისს განახორციელა, როცა საქართველოს მოსახლეობის ოპოზიციურად განწყობილი ერთი ნაწილის საპროტესტო აქციის გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტები სამართალდამცველები სცემეს, შეურაცხჰყვეს, დააკავეს, აპარატურა ჩამოართვეს და მოპოვებული მასალა გაუნადგურეს.

სულ ახლახანს, შსს-ს მოუწია აღიარება, რომ 26 მაისს, ჟურნალისტებთან ურთიერთობაში უფლებამოსილებას გადააჭარბა და ამის კომპენსირებას არა მხოლოდ ბოდიშის მოხდით, შესაბამისი ფინანსური დანახარჯებითაც მოახდენს. იქამდე კი, 2011 წლის 26 მაისი, როგორც მედიის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის თარიღი, მოხვდა ისეთი ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორებიც არიან „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და Human Rights Watch.

მეორე შეტევა ცხელი ზაფხულის პერიოდში განხორციელა, როცა ოთხი ცნობილი ფოტორეპორტიორი – ზურაბ ქურციკიძე, გია აბდალაძე, ირაკლი გეენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს საქმე თავის ანგარიშებში ასახეს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ.  

შეტევა ფოტორეპორტიორების დაკავებას იმიტომ შეიძლება ეწოდოს, რომ, მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, ეს ადამიანები სახელმწიფო საიდუმლოებას უცხო ქვეყანას, ძირითადად – რუსეთს, გადასცემდნენო, საზოგადოებსითვის ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, რატომ არქმევდა სახელმწიფო მანქანა ჯაშუშობას, მაგალითად, ფოტოჟურნალისტების მიერ მისაღები ჰონორარის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ საუბარს, რომლის ფარული ჩანაწერიც ერთ–ერთ მთავარ მტკიცებულებად იყო წარმოდგენილი.

ეს და სხვა მსგავსი ხასიათის მტკიცებულებები, პლუს აღიარებითი ჩვენებები, რომელიც დაკავებულებმა, ბოლოს და ბოლოს, მისცეს, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა სასამართლოსთვის, რომ... „ჯაშუშები“ პირობითი სასჯელის სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა. მედიის ექსპერტები, ამ საქმის თვალ–ყურის მადევნებელი საზოგადოება აცხადებდა, რომ, მედიის ერთიანობა, აქტიურობა და საქმეში საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა რომ არა, ფოტორეპორტიორები სასჯელსაც გისოსებს მიღმა მოიხდიდნენ.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, საზოგადოების ვარაუდს, რომ ქართველი ფოტორეპორტიორების დაკავება 26 მაისს რუსთაველზე განხორციელებული დარბევის კადრების გავრცელებას უკავშირდებოდა, „ყველაზე გაუგებარი ღრმა შეთქმულების თეორია“ უწოდა (12 ივლისი, პირველი არხი, გადაცემა „დიალოგი“). მისთვის, ასევე, გაუგებარი აღმოჩნდა „ის შეთქმულების ფორმები“, რომელიც ფოტორეპორტიორების დაკავებას პრესის თავისუფლების შეზღუდვასა და მედიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასთან აიგივებდა.

უკვე საქმის დასრულებისთვის, ქართველი ჟურნალისტების თავს დატრიალებული ამბავი ნამდვილად ჰგავდა „ყველაზე გაუგებარ ღრმა შეთქმულების თეორიას“, მაგრამ არა ქართველი ფოტორეპორტიორებისა – საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. ასეა თუ ისე, ამ საქმისგან საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა სამი მნიშვნელოვანი დასკვნა გააკეთეს: პირველი – ის, რომ ხელისუფლებას შეუძლია, ნებისმიერი ჟურნალისტი დააკავოს და მათი დისკრედიტაციისთვის საერთაშორისო მედიასაშუალებებთან კავშირები გამოიყენოს; მეორე – ის, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მედია არ არის ადვილად ხელწამოსაკრავი ინსტიტუტი, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიულობისა და სამოქალაქო განვითარებისადმი სწრაფვის პრეტენზიას აცხადებს; მესამე – ის, რომ ქართული მედია ორ პოლუსადაა დაყოფილი და, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როცა საერთაშორისო საზოგადოების ჩარევა ასეთი დოზისა აღარ იქნება, ვერანაირ გამარჯვებას ვეღარ მიაღწევს.

ამაზე ერთგვანი მინიშნება, თავის კომენტარებში, ზაფხულის იმ ცხელ დღეებში საქართველოში სტუმრად მყოფმა „ეხო მასკვის“ მთავარმა რედაქტორმა, ალექსანდრე ვენედიქტოვმა გააკეთა. „შესაძლოა, ისინი მართლაც არიან ჯაშუშები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რაც ოფიციოზმა წარმოადგინა, ძალიან ბევრი რამ გაუგებარია. ვფიქრობ, ჩვენი კოლეგები შსს–ს განცხადებების ტრანსლირების ნაცვლად, კითხვებს უნდა სხვამდნენ, ეს არის ჩვენი სამსახური“, – თქვა მან.

მესამე შეტევა ზამთრის დასაწყისში, ბეჭდურ მედიაზე განხორციელდა, როცა თბლისის ხელისუფლებამ საგაზეთო ჯიხურები, მცირე და საშუალო ბიზნესზე ზრუნვის მოტივით აიღო და ბეჭდური მედიის ბედის გადაწყვეტა მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესმენების არჩევანს მიანდო. ჟურნალ–გაზეთების გაყიდვა საქართველოში მომგებიანი ბიზნესი არ არის. შესაბამისად, როცა გეუბნებიან, რომ უკვე ტენდერში გამარჯვებულ და ჯიხურის ჩადგმის უფლების მომპოვებელ ადამიანზეა დამოკიდებული, საკუთარ ობიექტში ჟურნალებსა და გაზეთებს გაყიდის, თუ ძეხვს, დანამდვილებით, იცი, ახალ ჯიხურებში რასაც გამოკიდებენ.     

ეს რომ ძეხვისა და, მაგალითად, თეთრეულის „ჭიდილი“ ყოფილიყო, სალაპარაკოც არაფერი იქნებოდა, მაგრამ საუბარია ადამიანის ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლებაზე – ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომელიც სახელმწიფომ უნდა დაიცვას. ფუნდამენტურ უფლებათა რიგს კი, რომელსაც ადამიანისთვის სისხლ–ხორცეულად მნიშვნელოვანი ფაქტორების ერთობლიობა ქმნის, იცავს როგორც საერთაშორისო კანონდებლობა, ისე – ქვეყნების კონსტიტუციები. მათ შორის საქართველოსიც, რომელიც, ასევე, აღიარებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ადამიანის ძირითადი უფლებების მაღიარებელ სხვა საერთაშორისო დოკუმენტებს. თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ სიმბოლურად.

მეოთხე შეტევა, რომელიც, ერთი შეხედვით, ირიბად უკავშირდება ხელისუფლებას, წლის მიწურულს ტელეკომპანია „მაესტროს“ წინააღმდეგ განხორციელდა. „მაესტროს“ დამფუძნებლებსა და მისი მმართველი ორგანიზაციის დამფუძნებელს შორის წარმოქმნილი დავა, რომელიც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, გასცდა დავის ჩარჩოებს, ხელისუფლებას დაუკავშირდა. ტელეკომპანიის ეზოსა და ჭიშკარს გარეთ მდგარი პოლიციელები, დგომის გარდა, არც არაფერს აკეთებდნენ; შემდეგ კი, შს სამინისტრომ, ფაქტობრივად, უკან წაიღო საკუთარი განცხადება, რომლითაც „მაესტროში“ ღობის „დალაშქვრის“ შემდეგ გამაგრებულ ეროსი კიწმარიშვილს ტელეკომპანიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებდა.

რისი თქმა უნდათ ყველაფერი ამით ქართული მედიისთვის, ალბათ, ადვილად შეგვიძლია ვივარაუდოთ. ოფიციალურ დასკვნას კი, საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ Freedom House აქვეყნებს. ორგანიზაციის წლევანდელი ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად რეგიონში ერთ–ერთი ყველაზე დახვეწილი მედია კანონმდებლობის ქონისა, საქართველო, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, ისევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგშია.

ორიგინალი

 

 

ახალი ამბები