კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტში ვიდეოგადაღების წესი იცვლება

7 თებერვალი, 2012

თამარ ფარადაშვილი, www.media.ge

სატელევიზიო სტანდარტულ კამერებს პარლამენტის სხდომების გადაღება არ შეეძლებათ. ამას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის კამერა შეძლებს. თუმცა, ჟურნალისტები არ იქნებიან შეზღუდული პარლამენტის დარბაზში სხდომის მიმდინარეობა პატარა კამერით ან მობილური ტელეფონით გადაიღონ.

ამის შესახებ 6 თებერვალს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა media.ge-თან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, სტანდარტული კამერებით გადაღება პარლამენტარების იმიჯის შესაძლო შელახვის გამო აიკრძალება.

„დეპუტატი ზრუნავს თავის იმიჯზე და არ უნდა, ცუდი რაკურსით გამოჩნდეს, ან ზურგით იყოს გადაღებული გამოსვლის დროს“, - აცხადებს მაჭავარიანი - „დიდი კამერები მოუხერხებელიცაა, ძალიან ბევრჯერ ვერ დამინახავს გამომსვლელი, რადგან წინ კამერა მეფარებოდა“.

პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტით, რომელიც გაზაფხულის სესიაზე განიხილება, პარლამენტის ქუთაისის შენობაში მედიაცენტრი პირველ სართულზე განთავსდება, სადაც სხდომათა დარბაზში გადაღებული მასალის მიღება პირდაპირი ეთერის საშუალებით ყველა ჟურნალისტს შეეძლება.

„სპეციალურად არ ავიღეთ ჩვენს თავზე სხდომების გადაღება, რომ ცენზურის ეჭვი არ გაჩენილიყო. ამიტომ ეს სრულად „მეორე არხს“ მივანდეთ“, - ამბობს მაჭავარიანი.

მისი თქმით, ჟურნალისტებს ძველებურად შეეძლებათ პარლამენტში თავისუფლად გადაადგილება. სხდომათა დარბაზში კი, სპეციალურად გამოყოფილ ლოჟაში ისხდებიან, საიდანაც სხდომისთვის თვალყურის დევნება შეეძლებათ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განმარტება სტანდარტული კამერების აკრძალვასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილისთვის არალოგიკურია. მისი აზრით, თუ პატარა კამერების გამოყენება დაშვებული იქნება, შესაბამისად, ისინი გადაიღებენ იმავე კადრებს, რასაც იღებდნენ სტანდარუტლი კამერები.

„ვფიქრობ, რომ მაინც მთლიანობაში გადაღების აკრძალვას გეგმავენ, რაც ძალიან ცუდი იქნება, რადგან „მეორე არხის“ კამერა არ დააფიქსირებს იმ კადრებს, რაზეც ხშირად ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას: დეპუტატების მიერ პულტებით მანიპულირება, ცარიელ დარბაზში მიღებული კანონები, როცა ტაბლოზე დეპუტატთა სხვა რაოდენობა ფიქსირდება და ა.შ. ეს კამერა მიმართული იქნება მხოლოდ გამომსვლელისკენ“, - ამბობს ჯანგირაშვილი.

ამავე მოსაზრებას იზიარებს ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თამარ რუხაძე. მისი თქმით, პატარა კამერა იმ ხარისხით ვერ დააფიქსირებს დეტალებს, რის საშუალებასაც  სტანდარტული კამერა იძლევა: „თუ პარლამენტში ჩხუბია, ასეთ კადრებზე არ არის საუბარი, აქ თვითონ მნიშვნელოვანია ინფორმაცია, მაგრამ მთლიანობაში გამოსახულების ხარისხი იქნება დაბალი და დისკომფორტული მაყურებლისთვის“.

პარლამენტის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს „რუსთავი 2“- ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი, რადგან მისი თქმით, ჯერ ინიციატივას არ იცნობს.

ორიგინალი

ახალი ამბები