კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მანდატურები - კრიმინალთან მებრძოლები თუ ფსიქოლოგიური ტერორის ინსტრუმენტები

8 თებერვალი, 2012

დავით წიქარიშვილი, 
განათლების მუშაკთა თავისუფალი პროფესიულიკავშირი „ერთობა“

ბოლო დროს საქართველოს განათლების სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სიტუაცია ერთობ დამძიმდა. განსაკუთრებით მძიმე ფონია მანდატურების გამო, რომლებსაც თითქოს სკოლებში ანტიკრიმინალური პროგრამის ფარგლებში უნდა ემოქმედათ, სინამდვილეში კი შექმნეს ბევრი პრობლემა, რომლებიც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევად უნდა ჩაითვალოს. რეალურად საქმე გვაქვს არა ანტიკრიმინალურ სტრუქტურასთან, არამედ სულ სხვა დანიშნულების შენაერთთან, რომელთა გამოც საქართველოს სკოლების დიდ უმეტესობაში სასწავლო პროცესი პერმანენტული სტრესის პირობებში მიმდინარეობს.

მანდატურის სამსახური შეიქმნა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (N 74/ნ 2010 წლის 20 აგვისტო  ქ. თბილისი). სამინისტროს მაღალჩინოსნების თქმით, მანდატურის სამსახური ჩაფიქრებული იყო, როგორც არასრულწლოვანთა დანაშაულის საწინააღმდეგო სამსახური.

მანდატურების პილოტირება დაახლოებით 2010 წლის მარტიდან დაიწყო. საზოგადოება მძაფრი პროტესტით შეხვდა ამ მოვლენას, ხოლო 2010 წლის შემოდგომაზე სასწავლო წლის დასაწყისში უკვე ყველა სკოლაში იყო მანდატური. არ აღმოჩნდა საქართველოში არც ერთი სკოლა, რომელსაც მანდატური არ სჭირდებოდა.

მანდატურები მოსწავლეებთან ურთიერთობისას

გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრებას მთლიანად მანდატურები აკონტროლებენ. განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებენ დილით მოსწავლის დაგვიანებაზე. დაგვიანებულებს სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესის გადატანა უხდებათ.

ახალგაზრდებში მასობრივი სახე აქვს იდეოლოგიის პროპაგანდას, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის კურსის ბრმა და გაუაზრებელ მორჩილებას. ხშირია კონკურსები: „რატომ მიყვარს ჩემი პოლიცია“ და ა.შ. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ძვირფასი საჩუქრებით. შემდეგ მათთან მუშაობენ, რომ ისინი ამ ეტაპზე შსს-ს ინფორმატორებად იქცნენ, სამომავლოდ კი - თანამშრომლებად. მანდატურების ერთ-ერთი მოვალეობა ამ ახალგაზრდებთან მუშაობაა.

მანდატურები არ ერიდებიან ისეთ ღონისძიებებსაც კი,რომელიც წესრიგდება საქ.სს საპროცესო კოდექსით. აქედან განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩხრეკა. ბევრ სკოლაში უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა მოსწავლის ჩანთის და ჯიბეების გაჩხრეკა ყოველგვარი საპროცესო ნორმის დაცვის გარეშე. არ ყოფილა შემთხვევა, მანდატურს საყვედური მიეღოს, ან, მითუმეტეს, დასჯილიყოს უკანონო ჩხრეკის გამო.

მანდატურებს აცვიათ მუნდირები, რომლებიც ძალიან ჰგავს პოლიციის მუნდირებს. ეს ფაქტორი მოსწავლეებში ასოციაციურად იწვევს მანდატურების აღქმას სადამსჯელო სტრუქტურის ნაწილად. ეს კი ფსიქოლოგიურად მათზე დამთრგუნველად მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს შორის არ მიმდინარეობს მუშაობა კრიმინალის უარყოფითი მხარეების შესახებ, რითაც მოხდება ახალგაზრდობის სამართლებრივი ცნობიერების დონის ამაღლება, არც საუბრები ან სხვა ტიპის ღონისძიებები. ეს თემები ჩანაცვლებულია პოლიციის წარმატებებზე საუბრებით და პოლიციის პროპაგანდით.

მანდატურების დამოკიდებულება მასწავლებლებისადმი

ხშირად მანდატურები იყენებენ სხვადასხვა ტიპის სადამსჯელო ღონისძიებებს, სამსახურიდან გაგდების ჩათვლით, იმ მასწავლებლების წინააღმდეგ, რომლებიც თანამშრომლობენ ოპოზიციურ პარტიებთან ან მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პროფკავშირებსა თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამ პედაგოგებს სამსახურიდან ფორმალურად სხვა საფუძვლით ათავისუფლებენ. რეალური მიზეზი კი მათი პოლიტიკური დევნაა. შრომის კოდექსიც საქართველოში ისეა შედგენილი, რომ მსგავს შემთხვევებში, ვერ ხერხდება სამსახურიდან დათხოვნის რეალური მიზეზის დადგენა.

ნათლად არ არის ჩამოყალიბებული მანდატურის ფუნქციები და მათი უფლებამოსილების ფარგლები. ხშირია მანდატურების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები. თუმცა, განათლების სამინისტრო ან მით უფრო შსს ყველანაირად უჭერს მხარს მანდატურს, მაშინაც კი, როცა არღვევენ მათი უფლებამოსილების ფარგლებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არის დამუშავებული პროცედურა, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მანდატურის მიერ დაწერილი აქტის სადმე გასაჩივრება. პირადად მე არ მქონია არც ერთი შემთხვევა, როცა მანდატურის მიერ დაწერილი აქტი რომელიმე მასწავლებელს სასამართლოში გაესაჩივრებინოს. რატომღაც მანდატურის მიერ შედგენილი აქტი ითვლება უპირობო ჭეშმარიტებად. ხშირია შემთხვევა, როცა მასწავლებელს აიძულებენ, დაწეროს ახსნა-განმარტება მოსწავლის, თავისი კოლეგის ან საკუთარი თავის წინააღმდეგაც კი. ამის შემდეგ აღნიშნული ახსნა-განმარტება თითქოსდა ერთვის მანდატურის მიერ შედგენილ აქტს ან საფუძვლადაც კი ედება. სინამდვილეში ხდება პირიქით - ეს აქტები, როგორც წესი, პროვოცირებულია მანდატურების მიერ.

სკოლებში დაყენებულია სათვალთვალო კამერები და მანდატურები თვალყურს ადევნებენ, ფაქტობრივად, ყველა კვადრატულ სანტიმეტრს. ხშირია შემთხვევა, როცა მასწავლებელი ელაპარაკება კოლეგას და შემდეგ მათ მანდატური ეკითხება, თუ რაზე საუბრობდნენ ისინი.

უფროსკლასელთა მშობელთა კრებებს, როგორც წესი, მანდატურებიც ესწრებიან. რა მიზანი აქვს მათ დასწრებას, გაუგებარია. ასევე გაუგებარია მანდატურების დასწრება პედსაბჭოებზე. მანდატურები სისტემატურად ამოწმებენ საკლასო ჟურნალებს – აინტერესებთ, რამდენად სწორად არის აღრიცხული გაკვეთილებზე მყოფი მოსწავლეთა რაოდენობა.

სკოლაში თავისუფალი გაზეთის მიტანა ან რაიმე პოლიტიკური ან პროფკავშირული შინაარსის ტექსტის გაცნობა კოლეგებისთვის პრაქტიკულად გამორიცხულია, გარდა მმართველი პარტიის ტექსტებისა და ყვითელი პროფკავშირების ბუკლეტებისა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს მუდმივი სტრესის პირობებში, რასაც არაფერი აქვს საერთო ანტიკრიმინალურ ღონისძიებებთან.

მანდატურების მიერ შედგენილი აქტების საფუძველზე მრავალი მასწავლებელი გათავისუფლდა. 2005 წელს პარლამენტმა მიიღო შრომის კოდექსი, რომელიც უპირობოდ იცავს დამსაქმებლის ინტერესებს. კოდექსი არ არის სრულყოფილად დამუშავებული. დამსაქმებელს უფლება ეძლევა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვოს სამსახურიდან დასაქმებული. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს შრომის ხელშეკრულების პირობებს. სასამართლოში სარჩელის შეტანა (თუ ადამიანს უნდა სამსახურში აღდგენა) ღირს 100 ლარი (მხოლოდ სარჩელის ბაჟი), ხოლო სასამართლოები ერთადერთ პირობას ითვალისწინებენ - არის თუ არა გადახდილი ის თანხა, ერთი თვის ხელფასის ოდენობით, რომელიც ადმინისტრაციის ინიციატივით  შრომის ხელშეკრულების მოშლის დროს ეძლევა სამსახურიდან განთავისუფლებულ პირს კანონის თანახმად. სხვა საკითხები თითქმის არ მიიღება მხედველობაში, მათ შორის - ხელშეკრულების ვადის გასვლაც. სამსახურდაკარგულ ადამიანებს  შორის ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც შემდეგ მიმართავს სასამართლოს. ხოლო მათ შორის, ვინც სასამართლოს მიმართა, 10% ზე   ნაკლებია სამსახურში აღდგენილი სასამართლოს მიერ. აღდგენილთა დაახლოებით მესამედი კი, სასამართლოს მიერ მათთვის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების მიუხედავად, ვერ ახერხებს სამსახურში აღდგენას ან ამა თუ იმ იძულებითი მიზეზით, თავად ამბობს უარს გადაწყვეტილების აღსრულებაზე.

ამ ფონზე ძალიან ადვილია პოლიტიკური, რასობრივი ან სხვა ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია. ხოლო პროფკავშირების გარანტიები მთლიანად ამოღებულია კანონმდებლობიდან. ამ ვითარებაში, მანდატურებს, ფაქტობრივად, უპირობოდ შეუძლიათ, მოსთხოვონ დირექტორს პედაგოგის გათავისუფლება სამსახურიდან, ყოველგვარი მოტივის გარეშე. ეს ასეც ხდება.

მანდატურები ხშირად უშლიან ხელს სასწავლო პროცესს. გავრცელებულია პრაქტიკა, როცა ხმაურის შემთხვევაში გაკვეთილზე შედის მანდატური და დირექტორი. მხედველობაში არ მიიღება ის ფაქტი, ატარებს თუ არა პედაგოგი ინტერაქტიურ გაკვეთილს, ან ხმაური გამოწვეული არის თუ არა გაკვეთილის სპეციფიკით. თუმცა, მასწავლებელს აქვს უფლება, ააგოს გაკვეთილი თავისი შეხედულებისამებრ, პედაგოგიური მეცნიერების პრინციპების გათვალისწინებით.

საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან მუნიციპალური არჩევნები, როგორც წესი, ტარდება სკოლების შენობებში.  უკანასკნელი 5 წელია, მასწავლებლები აქტიურად და თითქმის უსასყიდლოდ მუშაობენ სახელისუფლო გუნდის სასარგებლოდ. ხშირად თავისი მოსწავლეების მშობლებს სთხოვენ დახმარებას საარჩევნო საქმიანობაში, ან პირდაპირ მშობელთა კრებასაც კი ატარებენ სახელისუფლებო გუნდის მხარდასაჭერად. მანდატურების ფუნქცია მომავალ არჩევნებში, როგორც უკვე იკვეთება, არის მასწავლებელთა და მოსწავლეთა რაც შეიძლება დიდი რაოდენობის  საარჩევნო პროცესში ჩართვა სახელისუფლო გუნდის მხარეს.

მანდატურების დამოკიდებულება პრესასა და არასამთავრობო სექტორთან

მანდატურების სკოლებში მუშაობა აღინიშნა პრესისთვის სკოლების სრულად დახურვით. მართალია, სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს ფორმალურად (მინისტრის ზეპირი ბრძანებით) მანამდეც ჰქონდათ აკრძალული პრესისათვის ნებისმიერი ინტერვიუს ან ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ სკოლებში არსებული მდგომარეობა პრესამდე მაინც აღწევდა. მანდატურებმა კი პრესას სრულად მოუსპეს სკოლებში შესვლის და იქიდან ინფორმაციის გამოტანის საშუალება. დღეისათვის სკოლებში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შესვლა სრულიად შეუძლებელია - მანდატურები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლისა და მასწავლებლის ნებისმიერ კონტაქტს პრესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

იმ მასწავლებლების მიმართ, რომლებიც თანამშრომლობენ ოპოზიციურ პარტიებთან ან მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პროფკავშირებსა თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მანდატურები ხშირად იყენებენ სხვადასხვა ტიპის სადამსჯელო ღონისძიებებს, სამსახურიდან გაგდების ჩათვლით. მათ სამსახურიდან ფორმალურად სხვა საფუძვლით ათავისუფლებენ.

სკოლებში დემოკრატიული სტრუქტურები (ძირითადად - პროფკავშირი) ფაქტობრივად, აიკრძალა. პროფკავშირების საწევროების გადმორიცხვა შეწყდა მინისტრის ბრძანების საფუძველზე. თუმცა, იმავე მინისტრის ბრძანებით, მასწავლებლები იძულებით გახდნენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „ჯეოსელის“ აბონენტები და მათ ხელფასიდან იძულებით უქვითავენ სააბონენტო გადასახადს, თვეში 3 ლარს. ეს შემთხვევა სამინისტროსა და კერძო კომპანიას შორის კორუფციულ გარიგებად უნდა მივიჩნიოთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლების ბუღალტრები პროფკავშირის საწევროს გადარიცხვაზე უარს აცხადებენ სამსახურის დაკარგვის შიშით. დემოკრატული სტრუქტურები ჩანაცვლდა ძალოვანი სტრუქტურით  (ანუ - მანდატურებით).

მანდატურების ჩართულობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკადრო პოლიტიკაში

მანდატურებს სულ რამდენიმე თვის დაწყებული ჰქონდათ მუშაობა, როცა სკოლის დირექტორებად მანდატურების დანიშვნა სამინისტრომ უკვე დაიწყო. ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

ჩვენთვის გაუგებარია,რატომ ნიშნავს დირექტორებად სამინისტრო ადამიანებს, ვისაც არც პედაგოგიკა უსწავლიათ, არც სკოლის საქმისწარმოება იციან, არც ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება აქვთ და არც განსაკუთრებული მენეჯერული თვისებები უჩვენებიათ თავიანთი შრომითი ბიოგრაფიის განმავლობაში.

სკოლა #207 - დირექტორ ზურაბ ჩხაიძეს დააწერინეს განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. მის ადგილას კი დანიშნეს მანდატური. ამ მანდატურმა სამსახურიდან მაშინვე გაანთავისუფლა ფილოლოგი, პროფესორი ლალი დათაშვილი, სახელმძღვანელოს ავტორი.

#159 სკოლაში მაია თევზაძის მაგივრად დანიშნეს მანდატური

#182-ე სკოლის დირექტორს, არჩილ ჩხაიძეს, ასევე დააწერინეს განცხადება და დანიშნეს მანდატური.

#157-ე სკოლაში დირექტორად ყოფილი მანდატური შორენა ბუნტურია;

#43-ე სკოლა შიც დირექტორად მანდატური დანიშნეს.

138-ე და 164-ე სკოლები შეერთდა და დირექტორად დანიშნეს ყოფილი მანდატური მაია კახნიაშვილი, რომელიც 3 თვის მოსული იყო 164-ე სკოლაში. მან მაშინვე გაანთავისუფლა სერთიფიცირებული მასწავლებელი ციალა ცხოვრებაძე და კიდევ 2 პედაგოგი. ამჟამად ამ სკოლაში ძალიან  მძიმე სიტუაციაა და მოითხოვეს მე-4 მანდატურიც.

დახურულია ინფორმაცია ##124, 152, 130, 148, 149, 107, 173, და გაერთიანებულ #11 და #13 სკოლებზე .
 
მანდატურები ინიშნებიან სხვა,მეტად საპასუხისმგებლო პოსტებზეც (,ყოფილი მანდატური, ასმათ მიქაძე დაინიშნა მთაწმინდის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელად).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობა მანდატურების საქმიანობაში

დებულების მიხედვით, მანდატურის სამსახური არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი ზემდგომი ორგანო, დებულებით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ რეალურად საქართველოს შსს აკონტროლებს მანდატურის სამსახურს (ანტიკრიმინალური სტრუქტურა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ვერ იარსებებს, თუ ის მოწყვეტილი იქნება შსს-ს, ანუ ერთიან ანტიკრიმინალურ სივრცესა და ღონისძიებებს ).

მანდატურების კანდიდატურები მთლიანად შეარჩია შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შერჩევას მეტი დრო (ჩვენი ინფორმაციით,დაახლოებით ერთი წელი) დასჭირდა, ვიდრე მათ მომზადებას.

მანდატურების მომზადება მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკების მიერ 3 თვის განმავლობაში. რაიმე ცოდნა, თუნდაც პედაგოგიური ფსიქოლოგიისა, მათ არა აქვთ. სერიოზულ მომზადებას 3 თვეზე გაცილებით მეტი დრო სჭირდება.

ჩვენი ინფორმაციით, მანდატურების დიდი უმეტესობა რეგულარულად დადიან კურსებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკებთან. ამ შეხვედრების დროს, ისინი გარკვეულ ინსტრუქციებსაც იღებენ.

მანდატურები დიდ ინფორმაციას იღებენ მოსწავლეებისა და მშობლების შესახებ. მათთვის ხელმისაწვდომია პირადი ხასიათის თუ ოფიციალური ინფორმაცია. ჩვენი ინფორმაციით, შსს-ში ამ ინფორმაციას სათანადოდ ამუშავებენ.

დასკვნები და რეკომენდაციები:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ:

ჯერ ერთი, მართალია, სტატისტიკის მიხედვით, ახალგაზრდებში ერთ ხანს დანაშაულის ზრდის ტენდენცია აღინიშნა, მაგრამ ეს განათლების რეფორმის ხარვეზებით იყო გამოწვეული.შესაბამისად, გამოსავალი იმ ხარვეზების აღმოფხვრაში იყო. ამ ტიპის სამსახურის შესაქმნელად კი არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა.

მეორე, დანაშაულის პრევენციას სრულიად არ ექცევა ყურადღება. მანდატურები სადამსჯელო ძალოვანი აპარატის ნაწილია და არა დანაშაულის პრევენციის სტრუქტურა. განათლების სამინისტრომ ფსიქოლოგების შტატი  გააუქმა. თუმცა, ფსიქოლოგების პროფესიონალური მუშაობა აუცილებელი იყო როგორც კრიმინალური მიდრეკილების მოსწავლეებთან, ასევე - პრობლემურ ბავშვებთან.

მესამე, კრიმინალური ფონის გაჯანსაღება მანდატურების ძირითადი ამოცანა არ არის. მათთვის პირველი რიგის ამოცანაა სკოლებისა და განათლების სისტემის სრული კონტროლი მასწავლებლების და მოსწავლეების დაშინების გზით.
 
ვფიქრობთ, მიზანშეწონილი იქნება შემდეგი სახის ღონისძიებების გატარება:

მანდატურებს უნდა აეკრძალოთ სასწავლო პროცესში ჩარევა და საკლასო ოთახებში შესვლა, სანამ მათ მასწავლებელი არ გამოუძახებს.

მანდატურებს უნდა აეკრძალოთ ახალგაზრდების ჩხრეკა.

მანდატურებს უნდა აეკრძალოთ მასწავლებლებისგან წერილობითი ახსნა-განმარტების მოთხოვნა. თუ ეს არის ანტიკრიმინალური სტრუქტურა, მაშინ შრომით დისციპლინაში არ უნდა ერეოდეს.

ყველა სკოლამ, სადაც 300 მოსწავლეზე მეტი სწავლობს, უნდა გამოყოს ერთი თანამშრომელი პრესასა და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობისათვის.

ვფიქრობ, სასურველია, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაისახოს ერთგვარი მოკლევადიანი პროექტი, რათა ამ ეტაპზე სრულყოფილად მოხდეს აღნიშნული პრობლემატიკის შესწავლა. ხოლო სამომავლოდ, ალბათ, ერთობლივი პროგრამით შემუშავდეს ადამიანის უფლებათა დარღვევების საწინააღმდეგო ღონისძიებები.

ახალი ამბები