15:40, Saturday, 25.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პროკურატურამ სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაადო

08.02.2012

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაადო. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფიკო ნიკოლაშვილის ადვოკატმა მაგული ღვალაძემ დაუდასტურა.

 კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფიკო ნიკოლაშვილის მეორე ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ აცნობა, რომ პროკურატურა სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ დადებას ითხოვდა.

ადვოკატის განცხადებით, მას დღეს გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი ბაკურ აბულაძე დაუკავშირდა და „საგამოძიებო მოქმედების ჩატარების“ მოტივით, გურჯაანში ჩასვლა სთხოვა.

„მე ვკითხე, ბრალდებული ციხეშია მოთავსებული და მანდ რა საგამოძიებო მოქმედებას ატარებთ, რომ ჩემი ჩამოსვლაა საჭირო მეთქი. ჩამობრძანდით და ადგილზე აგიხსნითო. ვუთხარი, რომ ვერ ჩამოვალ, ამიხსენით, რისთვის მიბარებთ და მერე გადავწყვეტ, ჩამოვიდე თუ არა მეთქი. მითხრა, რომ საქმის მასალების გასაიდუმლოება გადაწყვიტეს და ამისათვის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ უნდა დაადონ და მე გაფრთხილებას უნდა მოვაწერო ხელი, რომ საქმეზე აღარ ვილაპარაკებ.

- დათანხმდით?

- გამორიცხულია, ბრალდებული თავად არ მალავს არაფერს. ეს საქმე არის შეკერილი პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო და დასამალი რა გვაქვს. ისედაც ქვეყანამ გაიგო ყველაფერი. მათ საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ დადება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თქვენ გამოძიება გამოაქვეყნეთ, სოფიკომ კი საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა და ახლიდან დაკითხვა მოითხოვა. ამასთან სოფიკო ითხოვს, საქმე აცილებულ იქნეს კახეთიდან. ასევე, ბრალდებული მოითხოვს გურჯაანის პოლიციის უფროსის პირველი მოადგილის და გამომძიებლის მიმართ გამოძიება დაიწყოს ზეწოლის ფაქტებზე და ე.წ. დაზარალებულის გიორგი სიბაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

- მეორე ადვოკატი თუ დათანხმდა, მაშინ რა იქნება?

- სოფიკოს მამამ უკვე გააფრთხილა მეორე ადვოკატიც, რომ პროკურატურის გაფრთხილებას საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ დადების შესახებ ხელი არ მოაწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებული მას აცილებას მისცემს, რადგან თავად სოფიკოა საქმის მასალების გასაიდუმლოების წინააღმდეგი“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი გურჯაანის რაიონულ პროკურორს გელა ლაზაშვილს დაუკავშირდა. „არანაირი გრიფი „საიდუმლო“ არ დაგვიდია. რა, ჯაშუშების საქმე ხომ არ არის, გრიფი დაგვედო. არასწორი ინფორმაციაა“, - განაცხადა პროკურორმა სატელეფონო საუბარში.

პროკურორის პოზიციის გაცნობის შემდეგ კახეთის საინფორმაციო ცენტრი სოფიკო ნიკოლაშვილის პირველ ადვოკატს, მაგული ღვალაძეს დაუკავშირდა.

- ქალბატონო მაგული, თქვენც დაგირეკეს პროკურატურიდან საქმის მასალების გასაიდუმლოების თაობაზე?

- კი, მეც დამირეკეს.

- მერა, რა გადაწყვიტეთ, დაეთანხმეთ?

- მე უკვე მოვაწერე ხელი გაფრთხილებაზე. ჩემგან ვეღარაფერს ვეღარ გაიგებთ და მეორე ადვოკატი რას იზამს, ვერ გეტყვით“.

20 წლის სოფიკო ნიკოლაშვილს, რომელიც ყოფილი ჟურნალისტი და ოპოზიციის აქტივისტის დავით ნიკოლაშვილის შვილია, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებასა და 23 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. შს გურჯაანის სამმართველომ ის 2012 წლის 31 იანვარს დააკავა. რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სოფიკო რუსთავის კოლონიაშია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სიბაშვილი შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ - გამომძიებელია, მამა გოჩა სიბაშვილი - გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა, ბიძა გიორგი სიბაშვილი კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილეა. სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეს გურჯაანის პოლიცია იძიებს.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ სოფიკო ნიკოლაშვილის საქმე (ნაწილი I)

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC