კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი და არჩევნები

8 თებერვალი, 2012

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“

ზოგადი შეფასება. საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად განსხვავდება 2011 წლის ბიუჯეტისგან და საარჩევნო წლის კვალი ცალსახად ეტყობა. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, სადაც სხვადასხვა აქტივობების სახით მოცემულია ხელისუფლების ხარჯვითი პოლიტიკა. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გვხვდება ზოგიერთი ისეთი ხარჯი, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ, შესაძლოა, ამომრჩევლის კმაყოფილების დონის გასაზრდელად იქნას მიჩნეული, რაც ხელსუფლებას დამატებით საარჩევნო ხმებს მოუტანს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის დადგენა და ანალიზი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც საბიუჯეტო ხარჯები დეტალურად და გამჭვირვალედ არის წარმოდგენილი. ამაში იგულისხმება ხარჯების დეტალურად გაწერა დასაფინანსებელი ღონისძიებებისა და მიმართულებების მიხედვით. საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვნად არადამაკმაყოფილებელია და, 2011 წელთან შედარებით, ხარჯების დეტალიზაცია ფორმალურ მხარედ არის ქცეული. თუ 2011 წლის ბიუჯეტში 3000-მდე სხვადასხვა სახის დეტალური ჩანაწერი იყო, 2012 წლის ბიუჯეტში ის 1500-მდეა შემცირებული. პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით შედგენილი პროექტი კი მხოლოდ ზოგად ღონისძიებებზე იძლევა ინფორმაციას და არ არის მოცემული კონკრეტული პროგრამების მიხედვით დაფინანსების მოცულობა. 2011 წელს ცალ-ცალკე არსებული ზოგიერთი პროგრამა 2012 წლისთვის გამსხვილებულია და მხოლოდ ერთი ციფრით არის მათი ბიუჯეტი წარმოდგენილი.

საბიუჯეტო საკითხებში გარკვეული და საარჩევნო ტექნოლოგიებს დაუფლებული ხელისუფლება ოსტატურად ცდილობს, ბიუჯეტში გადამალოს ისეთი ხარჯები, რომელთა აშკარად გამოჩენა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნება. 2012 წლის ბიუჯეტი არ შეიცავს ინფორმაციას წინა წლის ხარჯების შესახებ, რათა ადვილად არ იყოს შედარებადი არასაარჩევნო 2011 და საარჩევნო 2012 წლის ხარჯები. მიუხედავად სირთულისა, მექანიკურად შედარებული 2011 წლის ბიუჯეტიდან და 2012 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ადვილად ჩანს ის „ოინები“, რაც 2012 წელს ხელისუფლების მთავარი ინსტრუმენტი იქნება საარჩევნოდ ხმების მოსაპოვებლად.

არჩევნებთან დაკავშირებული საინტერესო ხარჯები

არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ზრდის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ რეგიონული ინფრასტრუქტურის დაფინანსება, რომლის დიდი ნაწილიც უცხოეთიდან მოზიდული კრედიტებით ფინანსდება (193 მლნ ლარიდან 153 მლნ). მათ შორისაა რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დაფინანსება, რომელიც, 2011 წელთან შედარებით, თითქმის 6-ჯერ იზრდება და მათი 4/5 კრედიტებით ფინანსდება. ინფრასტრუქტურული პროექტები კარგი „კოზირია“ ხელისუფლების ხელში. ამ ღონისძიებებს, ტრადიციულად, მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატები ესწრებიან, აქტიურად შუქდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და, შესაბამისად, სახელისუფლო გუნდისთვის ხილულ აქტივს ქმნის.

2012 წლისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მოცულობა 10 მლნ ლარით გაიზარდა და 50 მლნ ლარი შეადგინა. ამ პროგრამით, ძირითადად, ადგილობრივი (სოფლის) საჭიროებები ფინანსდება. ასევე, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდის მოცულობა გასამმაგდა და 297 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული ხარჯები, ერთი მხრივ, რეგიონული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ხმარდება, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ინფრასტრუქტურის გახსნა და სხვა ღონისძიებები, მმართველი პარტიისთვის პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების საკმაოდ კარგი ინსტრუმენტია (ამგვარი პრეცედენტი უკვე გვაქვს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მასშტაბით საავადმყოფოების გახსნის მიზანმიმართული კამპანიის სახით).

2012 წელს იზრდება სხვადასხვა სახის სოციალურ დაცვაზე მიმართული ხარჯების მოცულობა, მათ შორის, საპენსიო უზრუნველყოფაზე გასაწევი ხარჯები, ასევე, ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა პროგრამები. კერძოდ, 2012 წლის 1 სექტემბრიდან იზრდება პენსიის მოცულობები სხვადასხვა ასაკის  პენსიონერებზე და მისი მოცულობა 125 და 140 ლარი გახდება. შესაბამისად, პენსიების მოცულობა 907.8 მლნ ლარიდან იზრდება 1072.5 მლნ ლარამდე. 2012 წლის 1 სექტემბრიდან, ასევე, დაფინანსდება „სოციალურ პაკეტში“ შემავალი ფულადი გასაცემლები, რომელსაც დაადგენს საქართველოს მთავრობა. კონკრეტული დეტალები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი და როგორც ჩანს, „წინასაარჩევნო სიურპრიზი“ იქნება.

2012 წელს, ასევე, იზრდება სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროგრამების დაფინანსებაზე მიმართული ხარჯების მოცულობა, რაც ჯამურად 25 მლნ ლარს აღემატება. მათ შორისაა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაცია, რომელიც გულისხმობს სანერგე და სასაწყობე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას. ასევე, იზრდება მევენახეობა-მეღვინაობაზე გასაწევი ხარჯების მოცულობა, რაც, ძირითადად, წინასაარჩევნო პერიოდში - შემოდგომაზე დაიხარჯება.

2012 წლისთვის საქართველოს პრეზედენტისა და მთავრობის ფონდები - თითოეული კვლავაც 50 მლნ ლარით არის განსაზღვრული. ფონდების მოცულობის ზრდა არ გვაქვს, მაგრამ ხარჯვის მანკიერი მექანიზმები, პრაქტიკულად, არ შეცვლილა. ეს ნიშნავს იმას, რომ წარსული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, პრეზიდენტისა და მთავრობის სურვილისამებრ, ამ ფონდებიდან, ძირითადად, ამომრჩევლების არაპირდაპირ მოსყიდვაზე ორიენტირებული ღონისძიებები დაფინანსდება.

2012 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებები უფლებამოსილი არიან, გაზარდონ მათთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არა უმეტეს იმავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა. ლიმიტის გაზრდის მსგავსი პრინციპი, წინა წლების მსგავსად, კვლავაც გრძელდება, თუმცა, გვაქვს გარკვეული ცვლილებებიც. წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ხარჯებიდან მოხდება წინაასაარჩევნოდ დამატებით დაქირავებული პერსონალის შრომის ანაზღაურება.

სხვა საინტერესო ხარჯები და ფაქტები

2012 წლის ბიუჯეტში ასევე გვხვდება ისეთი გაურკვეველი ხარჯი, როგორიცაა სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობა - 10 მლნ ლარით. მსგავსი ხარჯები წინა წელს არ იყო გათვალისწინებული. ასევე, 500 ათასი ლარით განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების ფონდის მოცულობა. არც ეს პროგრამა ფინანსდებოდა წინა წლებში.

აქვე დავძენთ ერთ ინიციატივას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული არ ყოფილა და გაურკვეველია, საიდან დააფინანსებს მთავრობა ამ ხარჯებს: საქმე ეხება პოლიტიკური პარტიების სარეკლამო ხარჯების ბიუჯეტიდან დაფინანსებას, რომლის ინიცირებაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ 2012 წლის 27 იანვარს გააკეთა.

მნიშვნელოვანია და არჩევნებს უკავშირდება ის გარემოებაც, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არ დაამტკიცა ადგილობრივი ბიუჯეტების პროგრამული ფორმით მომზადების პრინციპი. ამით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დაარღვია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის #284 განკარგულება, რომელიც მას ამ სახის ბიუჯეტის დამტკიცებას ავალდებულებდა.  საკითხის გარკვევის მიზნით გაგზავნილ ჩვენს მიმართვაზე (წერილზე) ფინანსთა სამინისტრო უკვე ექვს თვეზე მეტია დუმს, რაც იმას მოწმობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტების გამჭვირვალობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეეწირა. სხვა შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის ძალიან მკაცრად უნდა მოეთხოვათ პასუხი.

ცესკო-ს დაფინანსება

ცესკო-ს დაფინანსების გაზრდა ობიექტური გარემოებაა. 2011 წელს არსებული 12.4 მლნ ლარიდან 2012 წელს ამ უწყების ხარჯები 39.6 მლნ ლარამდე იზრდება. განსაკუთრებით იზრდება არჩევების ჩატარების ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული ხარჯები (სულ 26.9 მლნ), რომელიც უნდა მოხმარდეს საარჩევნო სიების მონიტორინგს, არჩევნების ფინანსურ და ტექნიკურ უზრუნველყოფას, სარეკლამო კამპანიის წარმართვას და მედია-მონიტორინგს. ეს ის ღონისძიებებია, რომელთა გარეშეც არჩევნების ორგანიზება შეუძლებელია. თუმცა, ამ ხარჯების ეფექტიანობაზე მნიშვნელოვანია ქმედითი საზოგადოებრივი კონტროლი (მონიტორინგი).

მოკლე დასკვნა

დაბოლოს, როცა ხელისუფლება გრძელვადიან ეფექტზე გათვლილ აქტივობებს აფინანსებს და საზოგადოების დაკვეთას ასრულებს, ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო და არასაარჩევნო წლის ხარჯები მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის ხარჯებით უნდა განსხვავდებოდეს. 2012 წლის ბიუჯეტი ამ პრინციპით ნამდვილად არ არის შედგენილი და მნიშვნელოვანწილად მმართველი პარტიის პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ემსახურება.

ახალი ამბები