კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ივანიშვილის დისშვილის მეგობარს სასამართლომ თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა

9 თებერვალი, 2012

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დისშვილის ბავშვობის მეგობარ ზაზა კობახიძეს თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა.

კობახიძე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I და II ნაწილით - იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით გაასამართლეს.

ადვოკატ ლადო მაჭარაშვილის განცხადებით, განაჩენი უკანონოა და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

„ზაზა კობახიძის დაკავება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევებით განხორციელდა. კერძოდ, დაირღვა კოდექსის 38-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაკავების მომენტში ბრალდებულს დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ეცნობოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ დასაბუთებული ვარაუდი, ასევე ის, რომ მას ადვოკატის მოთხოვნისა და დუმილის უფლება აქვს, რაც ზაზა კობახიძის დაკავების შემთხვევაში არ განხორციელებულა“, - განუცხადა „პირველს“ მაჭარაშვილმა.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, წინა სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის უფლებები შეიზღუდა, რადგან შუამდგომლობა დაცვის მოწმეების დაკითხვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თავად იარაღის უკანონო ტარების ბრალდებას ადვოკატი პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. „ზაზა კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დისშვილის ბავშვობის მეგობარია. ამასთან, იგი წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო“, - განმარტა მაჭარაშვილმა.

სასამართლო პროცესზე სიტყვა ბრალდებულსაც მიეცა. „სახლიდან როცა გამოვედი, პოლიციელებმა ხელები ამომიტრიალეს და ძირს დამაწვინეს. ეს ჩემმა მეუღლემ და შვილმა დაინახეს და ჩემსკენ გამოიქცნენ. ამიტომ პოლიციელებმა სასწრაფოდ მანქანაში ჩამსვეს. ასე რომ, გამორიცხულია, ჩემი ჩხრეკა 35 წუთის მანძილზე გაგრძელებულიყო, როგორც ეს სამართალდამცველებმა თქვეს. პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია. ამ ყველაფრის ატანა მორალურად ძალიან მძიმეა, რადგან მთელი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ვემსახურებოდი. აგვისტოს ომში ვიბრძოდი. ჩემი დაკავების დღეს კი სამების საკათედრო ტაძარში გვარის შეკრებაზე მივდიოდი. ქრისტიანი ადამიანი იარაღით წმინდა ადგილას არ დადის. ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. მე მართალი ვარ და მართალი კაცისთვის სასჯელის მოხდა რთულია“, - განაცხადა კობახიძემ.

დაკავებულის მეორე ადვოკატმა ვახტანგ ქანაშვილმა, თავის მხრივ, ის ჩვენება გააჟღერა, რომლის საფუძველზეც პროკურორმა წარდგენილი ბრალდება დადასტურებულად მიიჩნია.

„სასამართლო განხილვისას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირველი რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ვაშაკიძე მოწმის სახით დაიკითხა. ვაშაკიძემ განაცხადა, რომ სს საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 6 ნოემბერს ამავე სამმართველოს უფროს ინსპექტორ-გამომძიებლებთან იოსებ ქუსიკაშვილთან და ზურაბ მეტრეველთან ერთად საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით ქალაქ თბილისში, ნინუას #6-ში ზაზა კობახიძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საარტილერიო ბრიგადა „დანის“ ბატალიონის უმცროსი სერჟანტი ზაზა კობახიძე ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ატარებდა. ვაშაკიძემ განაცხადა, რომ ისინი კობახიძეს სახლთან დილის 9 საათიდან ელოდებოდნენ, ვინაიდან ინფორმაცია ჰქონდათ, რომ იგი სავარაუდოდ, სახლში იმყოფებოდა. დაახლოებით 12:30-ზე დაინახეს, რომ იგი სახლიდან გამოვიდა და მათი მიმართულებით წავიდა. ამის შემდეგ მათ კობახიძეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დამადასტურებელი მოწმობა წარუდგინეს და განუმარტეს, რომ იგი უნდა გაეჩხრიკათ და თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჰქონდა, ნებით წარმოედგინა, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ არანაირ კანონსაწინააღმდეგოს არ ატარებდა. ამის შემდეგ კობახიძე გაჩხრიკეს და შარვლის უკანა საქამრიდან „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოუღეს. ჩხრეკის შედეგად იგი დააკავეს და სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს“, - განაცხადა ქანაშვილმა.

განაჩენის გამოტანის შემდეგ ზაზა კობახიძე გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაიყვანეს.

ახალი ამბები