კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონტროლის პალატის წინ საპროტესტო აქცია გამართეს

9 თებერვალი, 2012

ინტერპრესნიუსი

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, 8 თებერვალს კონტროლის პალატასთან საპროტესტო აქცია გამართა. მათ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც, არასამთავრობო ორგანიზაციას „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა გაეგზავნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განუცხადა, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა „ახალი თაობა – ახალი ინიციატივას“ პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი რომელიმე პარტიასთან.

„რისიც გვეშინოდა, რომ ხელისუფლებას შეეძლო, ეს კანონი არასამთავრობოების წინააღმდეგ გამოეყენებინა, გამართლდა. კონტროლის პალატისგან ველოდებით განმარტებებს, რატომ შეეხო ეს კანონი არასამთავრობოებს“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი, ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი ბუნდოვანების გამო შეიძლება ნებისმიერ ორგანიზაციას შეეხოს. მისი თქმით, მიუღებელია არგუმენტი, რომლითაც „ახალი თაობა – ახალი ინიციატივის“ შემთხვევაში კონტროლის პალატა ხელმძღვანელობს.

„ეს არის კანონის ბუნდოვანი განმარტება და ასეთი გადაწყვეტილება არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, რომელიც ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შეეხება. ჩვენ არათუ ვაპროტესტებთ ამ გადაწყვეტილებას, არამედ მის უკანონოდ ცნობას ვითხოვთ“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

საპროტესტო აქციაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა, მათ შორის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „კოალიცია არჩევნის თავისუფლებისთვის“.

საქართველოს კონტროლის პალატა არასამეწარმეო იურიდიულ პირს - „რესპუბლიკურ ინსტიტუტსა“ და ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალ ინიციატივას“ ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციას სთხოვს. როგორც პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ 8 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი მიმართვა აღნიშნულ ორგანიზაციებს უკვე გაეგზავნათ. აღნიშნული ორგანიზაციების შემოწმების მიზეზი, კანონის ახალი რეგულაცია გახდა, კერძოდ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლის და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება, მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს.

„ამ მიზნით, საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, არასამეწარმეო იურიდიული პირის – „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ფინანსური ანგარიშბრუნვის წარმოდგენასთან დაკავშირებით, მოთხოვნები დაეგზავნა შესაბამის ადრესატებს. ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა ასევე ორგანიზაციას „ახალი თაობა - ახალი ინიციატივას“, რომელთან ასოცირებული პირები დღესაც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ორივე სუბიექტს ანგარიშბრუნვის წარმოსადგენად სამი დღის ვადა განესაზღვრა“, - აღნიშნა ნათია მოგელაძემ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დამფუძნებელთა შორის არიან საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრები.

საქართველოს კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი წლიური დეკლარაციებიც გამოქვეყნდა.

ახალი ამბები