კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალა ჯიოევა გონზე მოვიდა

10 თებერვალი, 2012

ალექსი ბეჟანიშვილი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ექს-კანდიდატის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ჯიოევამ ინსულტი გადაიტანა, რის გამოც მარცხენა მხარე ნაწილობრივ პარალიზებული აქვს, თუმცა 3-4 დღეში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. ალა ჯიოევა გონზე მოვიდა და როგორც თავად ამბობს, ტკივილები აწუხებს. სააგენტო „რეს“-ის ცნობით, მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მისი ტრანსპორტირების საკითხი განიხილება.

ამასთან, ალა ჯიოევას მომხრეები საავადმყოფოსთან შეგროვდნენ, მაგრამ პაციენტთან არავის უშვებენ. საავადმყოფოს სპეცრაზმი იცავს. ოპოზიციის ლიდერის მონახულება მხოლოდ ძმამ მოახერხა.
 
ცხინვალის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ალა ჯიოევასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, რომელიც პრეზიდენტობის ექს-კანდიდატის ოფისში განხორციელდა, სამართალდამცველები კორექტულად და კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.

ალა ჯიოევას შტაბზე 9 თებერვალს დე ფაქტო სპეცრაზმმა შტურმი განახორციელა, რის შემდეგაც ოპოზიციის ლიდერი შეუძლოდ გახდა. იგი ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. რუსული მედიასაშუალებები მედიკოსების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ალა ჯიოევას მიკროინსულტი განუვითარდა.

„ალა ჯიოევას შტაბის შტურმი ქართველებთან ომზე უარესი იყო“, - ამგვარად აფასებენ ჯიოევას თანამებრძოლები ცხინვალში წუხელ განვითარებულ მოვლენებს. „მთელი ეს ოპერაცია მხეცური იყო. ის ერთ საათს გაგრძელდა. ეს უარესი იყო, ვიდრე ქართველებთან ომი. იმას, რომ ასე შეიძლება მომხდარიყო ჩვენიანებს – ოსებს შორის, არ ველოდი“, - წერს ერთ-ერთ ოსურ ვებგვერდზე ჯიოევას ერთ-ერთი თანამებრძოლი.

ღამით შტაბში მყოფთა ინფორმაციით, ჯიოევასთან დე-ფაქტო პროკურატურაში დაკითხვაზე მიწვევის უწყება 18:30 საათზე მიიტანეს, სადაც ეწერა, რომ ჯიოევა დაკითხვაზე ზუსტად 18:30 საათზე უნდა ყოფილიყო. ამდენად, მისი თანამებრძოლნი მიიჩნევენ, რომ რეალურად არა ჯიოევას დაკითხვა, არამედ გამოუცხადებლობის საბაბით მისი დაკავება იგეგმებოდა.

გამომძიებელ ალამ პლიევს ჯიოევას ადვოკატმა იური კოკოევმა ადგილზე დაკითხვა შესთავაზა, რაზე პლიევმა უარი განაცხადა.

„ამის შემდეგ შტაბის შენობაში ავტომატებით შეიარაღებული, ნიღბიანი ხალხი შემოვიდა. ყოველგვარი ნიშნებისა და წარწერების გარეშე. შენობაში 20, ხოლო გარეთ 200 ავტომატიანი ადამიანი იყო. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ისინი სწრაფი რეაგირების სპეციალური განყოფილების თანამშრომლები იყვნენ. ისინი ყვირილით შეიჭრნენ ყველაზე დიდ ოთახში. კონდახებითა და ფეხებით ჩაამტვრიეს შუშის კარი. ასევე კონდახებითა და ფეხებით სცემდნენ მამამკაცებს, რომლებიც ჯიოევას გადაეფარნენ. ერთ-ერთმა ნიღბიანმა ჯიოევას კონდახი ჩაარტყა და მან გონება დაკარგა. სამმა ნიღბიანმა იგი იატაკზე გაათრია“, - იხსენებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მისივე თქმით, ამის შემდეგ შენობაში მყოფმა ქალეებმა ყვირილი დაიწყეს, რომ ჯიოევამ გონება დაკარგა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ნიღბიანებმა დააკავეს ჯიოევას ადვოკატი კოკოევი.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ოსი ჟურნალისტი მარია პლიევა აცხადებს, რომ ცხინვალში არაპროგნოზირებადი სიტუაციაა: „პირველად ხდება, რომ სამხრეთ ოსეთს კრემლისგან დანიშნული პირი მართავს. ის არის დამნაშავე ალა ჯიოევას შტაბის შტურმით აღებაში. ეს ფაქტობრივად ხელისუფლების ძალით შეცვლაა. ალა ჯიოევა ნახევრად პარალიზებულია. რაც შეეხება მოსახლეობას, ვფიქრობ, მასობრივი მღელვარება არ იქნება. თუმცა, ვითარება მაინც არაპროგნოზირებადია“.

ამასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვადიმ ბროვცევმა ალა ჯიოევას შტაბზე მიტანილი შტურმის შემდეგ ანტიკონსტიტუციური გადატრიალების მცდელობის აღკვეთის შესახებ განაცხადა: „როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, უფლებამოსილი ვარ, განვაცხადო, რომ პასუხისმგებლობას ვიღებ რესპუბლიკაში ანტიკონსტიტუციური გადატრიალების მცდელობის აღკვეთაზე. ქვეყანაში მიღებული იქნება დამატებითი ზომები საკონსტიტუციო სამართლისა და მოქალაქეთა თავისუფლების დასაცავად“.

როგორც ბროვცევმა აღნიშნა, ცალკეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ,  საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაძაბონ: „პრეზიდენტობის ექსკანდიდატმა, ალა ჯიოევამ საჯაროდ გამოაცხადა, რომ 10 თებერვალს ინაუგურაციას გეგმავდა, რაც აშკარად ეწინააღმდეგება, როგორც პარლამენტის, ისე სხვა სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებას“.

მისივე თქმით, კონსტიტუციის შესაბამისად, უზრუნველყოფს პარლამენტის გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტისთვისაა დანიშნული. ბროვცევის განცხადებით, ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს, რათა არჩევნები კანონის დაცვით ჩატარდეს.

ინტერპრესნიუსის მიხედვით

ახალი ამბები