კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მღვდელმონაზონ იონას გათავისუფლება ისეთივე იდუმალებით არის მოცული, როგორც მისი გატაცება

13 თებერვალი, 2012

ალექსი ბეჟანიშვილი

11 თებერვალს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე აფხაზეთში გატაცებული მღვდელ-მონაზონის გათავისუფლების შესახებ განაცხადა: „მამა იონას გასათავისუფლებლად ინტენსიურად ვმუშაობდით. მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ სამუშაოებმა შედეგი გამოიღო. მამა იონა ტყვეობიდან დახსნილია და გადმოყვანილია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“.

მისივე თქმით, მღვდელმონაზონი აფხაზეთიდან 10 თებერვალს ზუგდიდში გადმოიყვანეს, ახლა კი ის თბილისში იმყოფება. უტიაშვილმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომელიც მღვდელმონაზვნის გათავისუფლების საქმეში იყო ჩართული.

საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ ცნობით, ქართველი მღვდელმონაზონი იონა (მამუკა მაისურაძე) აფხაზეთში 25 დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და მის გამოსასყიდად 100 000 დოლარს ითხოვდნენ. შსს-ს ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართულ მხარეს გამტაცებლებთან მოლაპარაკება არ გაუმართავს და მამა იონა შსს-ს წარმომადგენლებმა განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყვეობიდან გათავისუფლებულ მღვდელ-მონაზონ იონას (მაისურაძე) შეხვდა. პრეზიდენტმა მამა იონას გათავისუფლება მიულოცა და აღნიშნა, რომ „მას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და კარგი საქმე აქვს წამოწყებული“.

„თქვენზე ძალიან ვინერვიულეთ. ეს გატაცების არც პირველი შემთხვევაა და სამწუხაროდ, შეიძლება, არც ბოლო აღმოჩნდეს, ვიდრე იქ ჩვენი მტრის ხელშეწყობით ბანდიტური უკანონობა გრძელდება. ყველაზე მთავარი დღეს ისაა, რომ თქვენ აქ ხართ. ამაზე ფიქრი ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია. მეორე მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ არათუ გამოსასყიდი არავის გადაუხდია, არამედ მათ საკადრისი პასუხიც მიიღეს (თუმცა ყველა დეტალზე ახლა ვერ ვისაუბრებთ). ვფიქრობ, თუ ყველამ არა, ამ ხალხის ერთმა ნაწილმა მაინც გაიგო და დანარჩენებსაც მოუყვებიან, რომ ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების, სიცოცხლისა და უსაფრთხოების ხელყოფას ჩვენი მხრიდან პასუხი ყოველთვის მოჰყვება. შესაძლოა, დიდი და მდიდარი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ ჩვენთვის მთავარი სიმდიდრე ჩვენი მოქალაქეები არიან. ჩვენს მოქალაქეებს კი კბილებით დავიცავთ და ამისთვის ყველა საშუალებას გამოვიყენებთ. მართლაც, დიდი უბედურებაა, რომ იქ უკანონობა ხდება, მაგრამ დიდი ბედნიერებაა, რომ თქვენ ამ უბედურებას თავი დააღწიეთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ქართველმა ბერმა პრეზიდენტს და შსს-ის წარმომადგენლებს გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის პირველ პირს დაწვრილებით უამბო იმის შესახებ, რაც ტყვეობის დროს გადახდა თავს. როგორც მან საუბრისას აღნიშნა, დატყვევებისა და პატიმრობის დროს მიყენებული შეურაცხყოფის მიზეზი, მხოლოდ მისი ქართული წარმომავლობა იყო.

„ღმერთმა დალოცვილი გამყოფოთ თქვენ და ყველა ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ამ ღონისძიებას. ეს დღეები მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება. მემახსოვრება ის, რომ ჩემს გვერდით ჩემი პრეზიდენტი და ჩემი სახელმწიფო იდგა. ამის შეგრძნება მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როდესაც ასეთ განსაცდელში ხარ, როდესაც შენზე ფიქრობენ, ზრუნავენ და გეხმარებიან. როცა მსგავს მდგომარეობაში იმყოფები, დატყვევებული ხარ, შეურაცხყოფას გაყენებენ და ამ დროს ვიღაც შენს დასახსნელად მოდის, ეს ენით აღუწერელი ბედნიერებაა. ჯერაც არ გამოვსულვარ ამ მდგომარეობიდან - ყველაფერი დილით მოხდა... მსგავსი შინაგანი სიხარული მაშინ დამეუფლა, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ბიჭები დამხვდნენ და ტყიდან გამომიყვანეს. ბატონო პრეზიდენტო, მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა არის შემდგარი სახელმწიფო. ეს თქვენს მოქმედებაში ჩანს. მადლობა ღმერთს, რომ თქვენისთანა ადამიანი გვყავს“, - აღნიშნა მღვდელმონაზონმა.

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მღვდელმონაზონ იონას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. შესაბამისად, ზაქარეიშვილს უჭირს იმის შეფასება, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

„მე ვესაუბრე აფხაზებს და მათი ინფორმაციით, მღვდელმონაზონი იონა აფხაზებს არ ჰყოლიათ დაკავებული, არადა მამა იონა აცხადებს, რომ სწორედ აფხაზებს ჰყავდათ. უცნაურია, რომ ეს ოპერაცია ისე ჩატარდა, რომ აფხაზეთში ვერავინ გაიგო, რა მოხდა. ოპოზიციაც კი ჩუმადაა. შეიძლება, ისინი თვალთმაქცობენ და იტყუებიან, ვინაიდან ქართულმა სპეცსამსახურებმა ყველაფერი მართლაც მაღალპროფესიონალურად გააკეთეს და ამის აღიარება არ სურთ. ყოველ შემთხვევაში მათი ვერსიაა, რომ მამა იონა სინამდვილეში სადღაც იმალებოდა და ეს დადგმული სპექტაკლია, ან ის რუს სპეცსამსახურებს ჰყავდა დაკავებული და ქართველებმა მათთან საერთო ენის გამონახვა შეძლეს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მღვდელმონაზონის სამადლობელ სიტყვებს თუ გავაანალიზებთ, სადაც იგი ამბობს, რომ „კუდის ბიჭებმა ტყიდან გამოიყვანეს“, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სპეცოპერაცია რომელიღაც ტყეში ჩატარდა.  კერძოდ, აფხაზეთის რომელ რაიონში და რომელ ტყეში იყვნენ დაბანაკებული გამტაცებლები, ამის შესახებ ჯერჯერობით, ვარაუდების გამოთქმაც ჭირს.  

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ს გალის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელის ლაურენს კოღონიას განცხადებით, „ქართველი მღვდელმონაზონი იონა (მამუკა მაისურაძე) აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ყოფილა“.

„პირველ რიგში, საქართველოს შსს-ს ჩვენს ტერიტორიაზე არანაირი ღონისძიების ჩატარება არ შეუძლია. მეორეც, მონაზვნის აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. დარწმუნებული ვარ, იგი საქართველოს ტერიტორიაზე ჰყავდათ და თუ ამ ქვეყნის შსს-მ მისი გათავისუფლება შეძლო, ეს მათი უფლებაა, დეზინფორმაცია კი იმის შესახებ, რომ მონაზონი აფხაზეთში იმყოფებოდა, მიზანმიმართულად ვრცელდება“, - განაცხადა კოღონიამ.

სტატიას თან ერთვის საინფორმაციო სააგენტო „პირველის“
მიერ გავრცელებული ფოტო

ახალი ამბები