კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აუდიტორები პოლიტიკურად აქტიურ პირებს გაურბიან

14 თებერვალი, 2012

ნინო ნატროშვილი, ნეტგაზეთი

ბუღალტრებსა და აუდოტორებს მიმდინარე წლის თებერვლიდან, კომერციული ბანკების მსგავსად, დაეკისრათ ვალდებულება, გამოარკვიონ, მათი კლიენტი მიეკუთვნება თუ არა პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, ისინი ვალდებულნი არიან, ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდონ.

აღნიშნული ვალდებულება აუდიტორებსა და ბუღალტრებს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №12 ბრძანების საფუძველზე დაეკისრათ, რომელიც მიხეილ როინიშვილმა 2012 წლის 31 იანავრს გამოსცა. მიხეილ როინიშვილის მიერ გამოცემულ ბრძანებაში პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით ცალკე არის გამოყოფილი მე-6 მუხლი. ამ მუხლის შესაბამისად, ბუღალტერი ან/და აუდიტორი ვალდებულია, გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას.

„ემ ენ აუდიტი“ ბაზარზე ორი წელია, საქმიანობს. მისი ხელმძღვანელი, იური პაპასქუა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს: „ჩვენ პოლიტიკურად აქტიური პირები არ გვყავს და არც გვეყოლება, მაგრამ თუკი საჭიროა თანამშრომლობა ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან, ვითანამშრომლებთ. ჩემთვის არც ის საკანონმდებლო ცვლილებები იყო მისაღები, რომელიც ეხებოდა ბანკების ანგარიშების მონიტორინგს. ასეთი ტიპის ცვლილებები მისაღები არ არის, მაგრამ როცა არის ასეთი ნორმატიული აქტი, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ და შევასრულოთ“.

იური პაპასქუა ამბობს, რომ მის კომპანიას არ ეყოლება პოლიტიკურად აქტიური კლიენტი და, შესაბამისად, ამ ნორმატივის შესრულება არ მოუწევს: „არ მოგვიწევს ამის შესრულება. მე თვითონ არ ვარ პოლიტიკურად აქტიური“.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანების თანახმად, თუ კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, აუდიტორი და ბუღალტერი ვალდებულნი არიან, ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა აიღონ, ასევე, მიიღონ გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად და განახორციელონ ასეთ პირთან თავიანთი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.

თუკი კლიენტი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, ბუღალტერი ან/და აუდიტორი ვალდებულია, ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე, ქონების წარმომავლობის დასადგენად, განახორციელონ ასეთ პირთან თავიანთი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.

ახალი რეგულაცია ასევე ადგენს, რომ ბუღალტერს ან/და აუდიტორს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც ის პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას კლიენტისგან, ასევე, საჯარო წყაროებიდან ან შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.

აუდიტორული კომპანია „ფინანსური გადაწყვეტილების ჯგუფის“ ადგილობრივ ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს. კომპანიის  დირექტორი  დავით ლომსაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ პოლიტიკურად აქტიური პირების ფინანასური დოკუმენტაცია გამჭვირვალე უნდა იყოს: „აუდიტორთან პირველადი საბუთების წარდგენაზე პასუხისმგებელია პოლიტიკური პარტია, მისი ხელმძღვანელი. აუდიტორი არის პასუხისმგებელი იქიდან დასკვნების გამოტანაზე. პოლიტიკურმა პარტიამ თვითონ უნდა გახადოს გამჭვირვალე აუდიტორის დასკვნა, მისი მოსაზრება. აუდიტორმა, თავის მხრივ, არაფერი უნდა დამალოს, ხოლო პოლიტიკურად აქტიურმა სუბიექტმა უნდა აღიაროს აუდიტორის დასკვნა“.

„ფინანსური გადაწყვეტილების ჯგუფის“ ხელმძღვანელი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებას ეთანხმება. თუმცა, პოლიტიკურად აქტიური პირებისათვის მომსახურების გაწევის საკითხს სიფრთხილით უყურებს: „ორჯერ ვთქვი უარი პოლიტიკური პარტიისათვის აუდიტის გაკეთებაზე. სურვილი არ მქონდა. მე იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ შემეშინდა, ან ამ პროცედურის განხორციელებას ვერ შევძლებდი. შეიძლება, შემდეგ დამოკიდებული ვყოფილიყავი ამ კლიენტზე. შეიძლება ეთხოვათ, რომ რაღაც ინფორმაცია არ მეთქვა და, შესაბამისად, დამოკიდებულება წარმოიშვებოდა“.

მისი თქმით, პოლიტიკურად აქტიური პირის ფინანასური ანგარიშები გამჭვირვალე უნდა იყოს.

„საინტერესოა, ვინ აფინანსებს ამ პირს, ან ის ვის აფინანსებს, ეს ინფორმაცია ღია უნდა იყოს. რაც შეეხება მეწარმე სუბიექტს, ამ შემთხვევაში აუდიტის დასკვნის განსაჯაროება არ არის საჭირო“, – ამბობს დავით ლომსაძე.

ორიგინალი

ამავე თემაზე: აუდიტორებსა და ბუღალტრებს პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენა დაევალათ

ახალი ამბები