კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეს შენ გეხება!

17 თებერვალი, 2012

ახალი საარჩევნო კანონმდებლობა ქმნის არადემოკრატიულ საარჩევნო გარემოს, არის არაკონსტიტუციური და ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს! ის ეხება თითოეულ ადამიანსა და ორგანიზაციას და უნდა შეიცვალოს.

კერძოდ, ის:

ზღუდავს გამოხატვის, საკუთრების და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას;

მძიმე და გაუმართლებელ სანქციებს უწესებს თითოეულ ამომრჩეველს;
ულიმიტო და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს  -კონტროლის პალატას;
უფრო მეტად არათანასწორ საარჩევნო გარემოს ქმნის პოლიტიკური პარტიებისთვის.

იურიდიულ პირებზე დაწესებული შეზღუდვები

„მუხლი 261
1. ამ თავით პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება:
ა) იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები;

ბ) იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ;

როგორ იზღუდება გამოხატვის  და საკუთრების თავისუფლება?

პოლიტიკური სიმპატიის/ანტიპატიის გამოხატვამ შესაძლოა შენ შეგიზღუდოს შემოსავლის წყარო

მაგალითი 1: თუ შენ მუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში და შენი ორგანიზაციის წარმომადგენელი დააფიქსირებს პოზიციას, რომ მას არ მოსწონს რომელიმე პოლიტიკური ფიგურა/ძალა და მიაჩნია, რომ ის ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი არ არის, შენს ორგანიზაციაზე შეიძლება გავრცელდეს პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები და  ორგანიზაციას შეიძლება შეუწყდეს დაფინანსება დონორისგან, რადგანაც კანონი პარტიებს გრანტის მიღებას უკრძალავს.

მაგალითი 2: შენ ხარ ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი  და საჯაროდ განაცხადე, რომ მხარს უჭერ ამა თუ იმ პარტიას. ასეთი მოწოდება საკმარისია იმისთვის, რომ კომპანიას აეკრძალოს კრედიტების აღება,  60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის მიღება და ა. შ.

შეზღუდვები ფიზიკურ პირებზე

სისხლის სამართლის კოდექსი

„მუხლი 1641. ამომრჩევლის მოსყიდვა

პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნა ან მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკურად აქტიური პირისგან დახმარების მიღების ან თუნდაც თხოვნის გამო, შესაძლოა, 3 წლით თავისუფლება აღგეკვეთოს.

მაგალითი 1: შენი მეგობრის დედასთან მივიდა მმართველი პარტიის წარმომადგენელი და ქირურგიული ოპერაციის ღირებულების დასაფარავად შესთავაზა თხოვნის წერილის დაწერა მერიის სოციალური სამსახურისა და მმართველი პარტიის სახელზე. ასეთი განცხადების დაწერა, შესაძლოა, გახდეს  შენი მეგობრის დედის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის საფუძველი.

მაგალითი 2: შენს სამეზობლოს ესტუმრა შენი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი და დაგირიგათ საჩუქრები. ამის გამო შესაძლოა 3 წლით აღგეკვეთოს თავისუფლება.

რა საფრთხეს უქმნის კანონი პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს

„მუხლი 27

7. თუ შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ერთი წყაროდან (ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან ან მათთან დაკავშირებული პირებისგან), მაშინ მათ მიერ ერთი საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს, ამასთანავე, თითოეულის მიერ განხორციელებული შემოწირულების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს“.

პარტიისთვის შეუძლებელია იმის გაკონტროლება, მის მიერ მობილიზებული სახსრები დაკავშირებულია შემომწირველთა შემოსავლის ერთ წყაროსთან თუ არა. განსაკუთრებით კი, თუ ამ მუხლს განვიხილავთ 271 მუხლის მე-2 პუნქტთან  ერთად, რომელიც პარტიას ავალდებულებს, შემოწირულობის მის ანგარიშზე ჩარიცხვიდან სამი დღის განმავლობაში დაადგინოს შემოწირულობის კანონიერება.

ამ ფორმულირებით გამოდის, რომ, როცა პარტია მიიღებს შემოწირულობას, მან სამ დღეში უნდა გაარკვიოს:

ა) სად მუშაობს შემომწირველი;
ბ)  ვინ და რამდენი არიან შემომწირველის თანამშრომლები;
გ) წლის განმავლობაში რომელიმე მათგანს ხომ არ გადმოურიცხავს მათთვის თანხა;
დ) ამ თანხების ჯამი ხომ არ აღემატება 500 000 ლარს.

მუხლი 342

1. პარტიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ფინანსური ან მატერიალური შემოწირულების მიღება ან დამალვა - გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და პარტიის დაჯარიმებას მიღებული ფინანსური ან მატერიალური შემოწირულების ათმაგი ოდენობით.

თუ ფიზიკური პირი რამდენიმე პარტიას გადაურიცხავს 40 000-40 000 ლარს, კანონიერი იქნება მხოლოდ პირველი პარტიისთვის გადარიცხული შემოწირულობა, დანარჩენი იქნება უკანონო. ბუნებრივია, რომ პარტიებს ვერანაირად ვერ ექნებათ ინფორმაცია, რომ მათმა შემომწირველმა სხვა პარტიასაც გაუწია ფინანსური დახმარება. ამიტომ შემოწირულობის მიმღები თითოეული პარტია, გარდა იმ პარტიისა, რომელმაც ამ პირისგან პირველმა მიიღო შემოწირულობა,  უნდა დაჯარიმდეს 400 000 ლარით. 

გარდა ამისა, თუკი აღნიშნული ქმედება განმეორდა, საარჩევნო სუბიექტი შეიძლება მოიხსნას არჩევნებიდან:

მუხლი 342

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმის არაერთგზის დარღვევის ან საქართველოს კონტროლის პალატის კანონიერი მოთხოვნის განზრახ შეუსრულებლობის შემთხვევაში, ან თუ სამართალდარღვევამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საქართველოს კონტროლის პალატის წარდგინების საფუძველზე საარჩევნო სუბიექტს შეუჩეროს საარჩევნო რეგისტრაცია, თუ დარღვევა გულისხმობს არჩევნებამდე 1 წლის განმავლობაში ჩადენილ ქმედებას.

ამ შემთხვევაში კანონმდებლის მხრიდან გარკვეულ თვალთმაქცობასთან გვაქვს საქმე. პარტიებს საარჩევნო რეგისტრაცია გააჩნიათ არჩევენებამდე არაუმეტეს ბოლო ორმოცდაათი დღის  განმავლობაში. რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში, თუკი პარტია გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, მას, ფაქტობრივად, გარდაუვლად მოუწევს სასამართლოს ყველა ინსტანციის გავლა. სასამართლო პროცედურების კანონით დადგენილი ვადებიდან გამომდინარე, პარტიამ შეიძლება აღიდგინოს რეგისტრაცია, მაგრამ არჩევნები უკვე დასრულებული იქნება.

ყადაღა


მუხლი 342

საქართველოს კონტროლის პალატა ყადაღას ადებს პარტიის, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს), რომელიც შეიძლება სამართალდარღვევის თაობაზე მიღებულ დადგენილებასთან ერთად გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ყადაღის მოქმედებას“.
 
პოლიტიკური პარტიისთვის მხარდაჭერის მოწოდება შესაძლოა გახდეს საფუძველი კონტროლის პალატის მიერ შენი ან შენი კომპანიის ქონების დაყადაღებისა.

მაგალითი 1: თუ შენ ხარ ბიზნესმენი და მხარს უჭერ რომელიმე პარტიას, კონტროლის პალატამ შესაძლოა ჩაგთვალოს პარტიასთან დაკავშირებულად და სასამართლოში მიმართვის გარეშე დაგიყადაღოს ქონება.

მაგალითი 2: თუ შენ არ მოგწონს რომელიმე პოლიტიკური ძალა და სხვასაც მოუწოდებ, რომ არ უნდა დაუშვათ ამ ძალის ხელისუფლებაში მოსვლა, კონტროლის პალატას შეუძლია თქვენი ქონების დაყადაღება.

კონტროლის პალატა ერთპიროვნულად ადებს ყადაღას პარტიის, ფიზიკური თუ იურიდიული პირის ქონებას. ამ კანონის მიღებამდე ყადაღის დადების შესაძლებლობა და პროცედურები განსაზღვრული იყო საქართველოს ”საგადასახადო კოდექსით”,  საქართველოს ”სამოქალაქო საპროცესო კოდექსითა” და  საქართველოს კანონის ”სააღ­სრუ­ლე­ბო წარმოებათა შესახებ” .

ვნახოთ, რას ამბობს საქართველოს ”სამოქალაქო საპროცესო კოდექსი”:

სამოქალაქო კოდექსი მუხლი 3564.

„თუ არსებობს მონაცემები, რომ რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, ქურდული სამყაროს წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებულ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ანდა სხვაგვარად გაასხვისებენ, პროკურორი ვალდებულია, განცხადებით მიმართოს სასამართლოს ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე, ყადაღის დადების  თაობაზე“.

მუხლი 35610. იგივე რეგულაციას აწესებს  „ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის“

გამოდის, რომ  რეკეტული დაჯგუფების წევრზე, რეკეტირზე, ქურდული სამყაროს წევრზე, ადამიანით მოვაჭრეზე, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობზე, ოკუპანტზე,  ქართველმა  კანონმდებლებმა  ყადაღის დადების უფლება მიანიჭა სასამართლოს, რითაც ამ პირებს დაუტოვა შესაძლებლობა, რომ ფორმალურად მაინც დაიცვან საკუთარი ინტერესები. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის თანახმად კი პარტიას ან პირს, რომელიც კანონის დარღვევით აფინანსებს პარტიას, რეკეტიორზე, ადამიანით მოვაჭრეზე, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობზე და ოკუპანტზე მძიმე პირობას უყენებს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონმა კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა. აქამდე საქართველოს კანონმდებლობით ყადაღა  შეიძლება დადებოდა პირის ქონების ან ანგარიშის იმ ნაწილს, რომლის ანაზღაურების (გადახდის) ვალდებულება ჰქონდა პირს. ყადაღის ახსნა კი ავტომატურად ხდებოდა პირის მიერ მასზე დაკისრებული ფინანსური ან სხვა სახის ვალდებულების დაფარვის შემდეგ. ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონით კი, მაგალითად 1000 ლარიანი დარღვევის შემთხვევაში, კონტროლის პალატას აქვს უფლება, ყადაღა დაადოს ფიზიკური თუ იურიდიული პირის, ან პოლიტიკური პარტიის მთელ ქონებას და ანგარიშებს. კანონი არ განსაზღვრავს, თუ  რა ვადით აქვს კონტროლის პალატას ყადაღის დადების უფლება! მეტიც, კანონი არაფერს ამბობს, თუ რა პირობა უნდა შეასრულოს პირმა, ან პოლიტიკურმა პარტიამ, რათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა მას ყადაღა მოუხსნას. ფაქტობრივად, ერთ ჩინოვნიკს მიენიჭა უფლება, ერთპიროვნულად და უვადოდ განსაზღვროს ადამიანებისა და იურიდიული პირების ცხოვრებისა და საქმიანობის  უმნიშვნელოვანესი სფეროს - ფინანსების ბედი.

მიგვაჩნია, რომ კანონის არსებული ჩანაწერების უმთავრესი მიზანი არა მისი აღსრულება, რაც კიდევ უფრო გამოააშკარავებს მის აბსურდულობას, არამედ ასეთი ბუნდოვანი ფორმულირებებითა და ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობით საზოგადოების დაშინებაა. კერძოდ, კანონის სულისკვეთებაა: კარგად დაფიქრდი, სანამ რამეს იტყვი ან მოიმოქმედებ, პრობლემა არ შეგექმნას და არ დაგიჭირონ!

ახალი ამბები