კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარიშხალი ჭიქაში - არჩევნების თარიღები იცვლება?

17 თებერვალი, 2012

ალექსი ბეჟანიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ვადების შეცვლას ითხოვს. საუბარია საპარლამენტო არჩევნების 2012 მაისში, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების 2013 წლის იანვარში ჩატარებაზე.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ დევდარიანმა განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის მოტივი კონსტიტუციით დადგენილი ვადების დარღვევაა. კერძოდ, არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად 4 წელი და 6 თვე გამოსდის.

გარდა ამისა, დევდარიანის თქმით, დარღვევები საპრეზიდენტო ვადებსაც ეხება. მისი განმარტებით, სახელმწიფოს სათავეში პრეზიდენტის ყოფნის ვადა 5 წლით არის განსაზღვრული, თუმცა, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, მოქმედ პრეზიდენტს პოსტზე ყოფნა 5 წლით და 10 თვით უწევს.
 
მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით კი, „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის, ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, „პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის, ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“.

ამასთან, 2012 წლის 4 იანვარს ზურაბ ხარატიშვილი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „საპარლამენტო არჩევნები კანონის მიხედვით ოქტომბერში ჩატარდება და დარჩენილი 9 თვე საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანა არჩევნებს მომზადებული შეხვდეს“.

როგორც „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, ორგანიზაცია ამზადებს საკონსტიტუციო სარჩელს და უახლოეს დღეებში მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა აღადგინოს არჩევნების კანონიერი ვადები, რომელიც 2007 წლის დეკემბერში კანონმდებლობით განისაზღვრა.

დევდარიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხის განხილვის მიზნით, ორგანიზაციამ არა ერთხელ მიმართა პარლამენტს, თუმცა პარლამენტარების მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყოლია და ისინი იძულებულები გახდნენ, ამჯერად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.

„იმედი გქვონდა, რომ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე ამ საკითხს დეპუტატები აუცილებლად განიხილავდნენ“, - განაცხადა დევდარიანმა.

ავთანდილ დემეტრაშვილი: „კონსტიტუციური რეფორმა წყალში ჩაიყრება“

კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების ვადის შეცვლის შემთხვევაში, კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც 2009-2010 წლებში იქნა მიღებული, წყალში ჩაიყრება.

„თუ საკონსტიტუციო სასამართლო „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ სარჩელს დააკმაყოფილებს და საპრეზიდენტო არჩევნების ვადა შეიცვლება, კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც 2009-2010 წლებში იქნა მიღებული, წყალში ჩაიყრება, რადგან დოკუმენტში პირდაპირაა ჩაწერილი, რომ ნორმები, რომელიც ამ რეფორმის დროს იყო დადგენილი და კონსტიტუციურ კანონში აისახა, 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდეს. ანუ, ამ შემთხვევაში პრობლემას სიტყვა „ოქტომბერი“ ქმნის და სწორედ ამ სიტყვის გამო საპრეზიდენტო არჩევნების 2013 წლის იანვარში ჩატარება კონსტიტუციური კანონის ამოქმედების საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს“, - განუცხადა დემეტრაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარებას, მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში „პრობლემა ნაკლებია“ და, თუ სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელს დააკმაყოფილებს, მხოლოდ კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო.

„თუ საკონსტიტუციო სასამართლო „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ სარჩელს დააკმაყოფილებს, მაშინ კონსიტუციაში ცვლილების შეტანა გახდება საჭირო, რათა გაუქმდეს ის გარდამავალი დებულება, სადაც წერია, რომ პარლამენტის არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს და არჩევნების ჩატარების ახალი ვადა უკვე ამის შემდეგ დადგინდეს“, - განმარტა დემეტრაშვილმა.

კომისია ამომრჩეველთა გადამოწმებული სიების წარდგენას ვერ შეძლებს

„თუ საპარლამენტო არჩევნები მაისში დაინიშნება, საარჩევნო სიების მონიტორინგის კომისია ამომრჩეველთა გადამოწმებული სიების წარდგენას ვერ შეძლებს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის კომისიის ხელმძღვანელმა, მამუკა კაციტაძემ განუცხადა.

„შემიძლია ერთმნიშვნელოვნად, ზედმეტი დიპლომატიისა და გაპრანჭვის გარეშე ვთქვა, რომ თუ არჩევნები მაისში ჩატარდება, ბუნებრივია, კომისია „კარდაკარის“ პრინციპით გადამოწმებულ სიებს ვერ წარმოადგენს, რაც სიების გადამოწმებაში ახალი მეთოდია. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ვადები, ეს ვადები გაწერილია და ვერც ერთ შემთხვევაში არჩევნების მაისში ჩატარების ვადებში ვერ ჩავჯდებით. ამიტომ ვაგრძელებთ სიების დაზუსტებაზე მუშაობას, რადგან 99%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ის ოქტომბერში ჩატარდება“, - განაცხადა კაციტაძემ.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ არჩევნების მაისში ჩატარების მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ „ამ საკითხზე არსებულ მითქმა-მოთქმასა და ვარაუდს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას“.

„როცა სასამართლო კონკრეტულ მოსარჩელეს ეტყვის, რომ არჩევნები მაისში არ ჩატარდება, ეს იქნება პასუხი არა მარტო ამ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, არამედ ყველასთვის და იქნება საბოლოო პასუხი, რომ არჩევნები ოქტომბერში გაიმართება“, - აღნიშნა კაციტაძემ.

უმრავლესობის და უმცირესობის კომენტარები

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი „ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატი, ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნების მაისში გადმოწევა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია. როგორც ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების მაისში ჩატარებას ვინც ეთანხმება, ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, როგორც ეს კონსტიტუციით არის დადგენილი.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ თუ ვინმეს უნდა არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება, ეს არის ხელისუფლება. ხოლო ის ორგანიზაცია, ვინც ამას ამბობს, პირდაპირ ან ირიბად ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს.

დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნაც არის, უახლოესი არჩევნები ყველა წინა არჩევნებზე უკეთესი იყოს, გაზაფხულზე ჩატარების შემთხვევაში კი , იმ მექანიზმების ამოქმედება ვერ ესწრება, რამაც არჩევნების უკეთესად ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

ამ მექანიზმებში ვეფხვაძემ საარჩევნო სიების გადამოწმების კომისია, მედიამონიტორინგის კომისია და უშიშროების საბჭოსთან შექმნილი ჯგუფი დაასახელა, რომელმაც ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვაზე უნდა იმუშაოს.

„ერთადერთი, ვინც არჩევნებისთვის მზად არის, „ნაციონალური მოძრაობაა“, – განაცხადა ვეფხვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი დარწმუნებულია, რომ საკმარისი არგუმენტები იქნება არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩასატარებლად. როგორც გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების ოქტომბერში ჩატარება კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

„ამ საკითხზე სასამართლო იმსჯელებს, მაგრამ მე ვარ 100% -ით დარწმუნებული, რომ არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება“, – განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ მართალია საკონსტიტუციო სასამართლოს მაგივრად ვერაფერს იტყვის, მაგრამ მისი პოლიტიკური გუნდი ფიქრობს, რომ არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში უნდა ჩატარდეს.

გაბაშვილს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება არგუმენტები იმისთვის, რომ არჩევნების ოქტომბერში ჩატარების აუცილებლობა დაადასტუროს.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილს არჩევნების კონსტიტუციური ვადების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევა, შეუძლებლად მიაჩნია.

როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს არჩევნების ჩატარების კონსტიტუციური ვადების შეცვლის შესაძლებლობის საკითხზე საუბრისას განუცხადა, კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ არჩევნები ტარდება ოქტომბერში და ეს განსაზღვრული იყო მანამდე, სანამ ამ მოწვევის პარლამენტს აირჩევდნენ. შესაბამისად, კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ვერანაირი ანტიკონსტიტუციურობა ამ ნორმით ვერ დამტკიცდება, რადგან ნორმა არის კონსტიტუციური.

„აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი მსგავს სარჩელს არ აქვს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართება ოქტომბერში, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ასევე ოქტომბერში ჩატარდება“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

ამასთან, დეპუტატი ასევე ვერ ხედავს იმ საფუძველსაც, რაზეც დაყრდნობით შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ კონსტიტუციური ნორმა ანტიკონსტიტუციურია.

„კონსტიტუციური ნორმა არ შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური, დავა ამის შესახებ არის აბსურდი“ , – განაცხადა კუბლაშვილმა.

„ცესკო მზადაა“

ცენტრალური საარჩევნო კომისია ყოველთვის მზად არის, არჩევნები კანონით დადგენილ ვადებში ჩაატაროს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა, დღეს განუცხადა.

ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, სამუშაო გეგმის მიხედვით, კომისია არჩევნების ოქტომბერში ჩატარებისთვის ემზარება, მაგრამ თუკი კანონით იქნება გათვალისწინებული ვადამდელი არჩევნები, კომისია ამისთვისაც მზად იქნება.

„რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნები გულისხმობს დაჩქარებული წესით მუშაობას, მაგრამ ჩვენ ყველანაირად მომზადებული შევხვდებით მას“, - აღნიშნა ხარატიშვილმა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივის“ მოთხოვნას, ხარატიშვილის თქმით, ეს თემა არის საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საკითხი და ამ მოთხოვნის შეფასება მის კომპეტენციას სცილდება.

როგორც ხარატიშვილმა აღნიშნა, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ცესკო იმის შესაბამისად იმოქმედებს.

ახალი ამბები