კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ უნდა სახელმწიფოს სენსიტიური პერსონალური მონაცემების შეგროვება

20 თებერვალი, 2012

ნეტგაზეთი

ნეტგაზეთი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრ თამარ კორძაიას ესაუბრა პარლამენტის მიერ 2011 წლის 28 დეკემბერს დამტკიცებული „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ კანონის თაობაზე. 

- პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ კანონი, თავდაპირველად ძალიან მოკლედ განგვიმარტეთ კანონის არსი.

- პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის არსებობა პოზიტიური მოვლენაა. თუმცა კანონის ამ ფორმით და დაჩქარებული წესით მიღება კატეგორიულად მიუღებელია. 2010 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არსებულ პროექტთან დაკავშირებით წარადგინა კრიტიკული შენიშვნები. მოლაპარაკებების ეტაპზე კანონპროექტის ინიციატორები თანახმანი იყვნენ, გაეთვალისწინებინათ ჩვენი შენიშვნები და კანონპროექტს გარკვეული მოდიფიკაცია უნდა განეცადა. პირველი მოსმენის შემდეგ დაწყებულ მოლაპარაკებებისას, ისინი ჩვენთან შეხვედრისას აცხადებდნენ, რომ ვერ შეთანხმდნენ კანონპროექტის არსზე და ჯერ–ჯერობით ეს თემა დახურულია და არაფერი არ ხდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ელოდა, რომ კანონპროექტის ინიციატორები დაგვიკავშირდებოდნენ და ჩვენ შენიშვნებს გაითვალისწინებდნენ, თუნდაც ერთ პუნქტში. შედეგად კი მივიღეთ, რომ დაჩქარებული წესით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ზუსტად ის პროექტი, რაც იყო პირველი მოსმენით მიღებულ. არცერთი ჩვენი წინადადება არ გაუთვალისწინებია საქართველოს პარლამენტს.

- რატომ თვლით, რომ უნდა გაეთვალისწინებიათ თქვენი შენიშვნები, რატომაა ეს პრობლემა?

- ამ კანონში არის საკითხები, რაც საქართველოს კონსტიტუციასთან შესაძლებელია წინაღმდეგობაში მოვიდეს.  განსაკუთრებით სენსიტიური ინფორმაციის შემცველი პერსონალური მონაცემები, მაგალითად სექსუალური ორიენტაცია და რელიგიური მრწამსი. დღეს არსებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, მსგავსი ინფორმაციის დამუშავებაც კი არ შეიძლება,  ამ შესაძლებლობას ეს კანონპროექტი ითვალისწინებს.

- ვალდებულებას ითვალისწინებს? მათ აუცილებლად უნდა დაამუშაონ ეს ინფორმაცია?

- ეს არ არის ვალდებულება, თუმცა მათ შეუძლიათ დაამუშაონ ასეთი ტიპის მონაცემები.  არის განსაზღვრული კრიტერიუმები, რა დროს შეიძლება ამ მონაცემების დამუშავება. თუმცა, ვთვლით, რომ ეს კრიტერიუმები ძალიან ფართოა. მაგალითად, განსაკუთრებულად სენსიტიური მნიშვნელობის ინფორმაცია შესაძლებელია დამუშავდეს იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. ეს მაღალი საჯარო ინტერესი ფართო განმარტების ცნებაა და ამ დროს ადამიანი შეიძლება დარჩეს სრულიად დაუცველი ამ საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რაც კონტიტუციაში წერია, რომ ნებისმიერი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე, მიუხედავად მისი რასისა, კანის ფერისა, სექსუალური ორიენტაციისა და რელიგიური აღმსარებლობისა.  თუკი დისკრიმინაცია დაუშვებელია ამ ნიშნით, მაშინ გაურკვეველია კონკრეტული მიზანი, თუ რატომ უნდა სახელმწიფოს ამ ინფორმაციის დამუშავება, რისთვის სჭირდება მას, ჰქონდეს ეს ინფორმაცია. ამიტომ ჩვენ ვთვლიდით, რომ კანონს ჭირდებოდა გადახედვა და ამის შემდეგ მიღება. ჩვენი წინადადებები არავის გაუთვალისწინებია.

პრინციპულად მიუღებლად ვთვლით პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის არჩევის საკითხს. კანონის მიხედვით, ამ ადამიანს ირჩევს საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ შერჩეული კომისია, რომელშიც შედიან სამინისტროს წარმომადგენლები. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ადამიანის კანდიდატურას ირჩევს აღმასრულებელი ხელისუფლება და თითქოს ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, რაც ჩვენთვის მიუღებელია, ვინაიდან, პერსონალური მონაცემების დაცვა უფლებათა კატეგორიაა, უფლების დაცვას გულისხმობს. შესაბამისად,  უფლების დაცვაზე კონტროლი არ შეიძლება ევალებოდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას თავისი არსით. აღმასრულებელი ხელისუფლება აღასრულებს უფლების დაცვას, მაგრამ მის დაცვაზე კონტროლი ხელისუფლების სხვა შტოს ფუნქციაა. ჩვენ შევთავაზეთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები, სადაც ეს ადამიანი შეიძლება იყოს პარლამენტის მიერ შერჩეული, იგივე პრეზიდენტის, არა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის, არამედ - სახელმწიფოს მეთაურის, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს და მის ინტერესებს იცავს. ჩვენი კონსტიტუციითაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. ის არის სახელმწიფოს მეთაური. ამიტომ პრინციპულად მიუღებელია, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება ირჩევს და განსაზღვრავს, ვინ უნდა იყოს უფლებადამცველი ადამიანი.

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი არის ადამიანი, რომელსაც დაახლოებით სახალხო დამცველის ფუნქციები აქვს, უბრალოდ - ერთ კონკრეტულ საკითხზე. მან უნდა გაკონტროლოს როგორ არის პერსონალური მონაცემები დაცული საქართველოს ნებისმიერ დაწესებულებაში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ საჯარო დაწესებულებებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე ბანკები როგორ იცავენ პერსონალურ მონაცემებს, საჯარო თუ სამოქალაქო რეესტრი როგორ იცავს.

- კერძო სექტორზეც ვრცელდება ეს წესები?

- კერძო სექტორი, ნებისმიერი საწარმო, რომელშიც დასაქმებულები არიან ადამიანები, ყველაზე ვრცელდება ეს კანონი. მათ ექნებათ ვალდებულება, შეაგროვონ და დაიცვან ეს მონაცემები და ამის კონტროლი ევალება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს და ეს ადამიანი ჩვენი აზრით, არ უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შერჩეული და არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება თვითონ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება, როგორც წესი, აღასრულებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ანუ იმ უფლებების დაცვას ახორციელებს, რასაც ადგენს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო. შესაბამისად,  უფლება, პერსონალური მონაცემების დაცვის, კონტიტუციით დაცული უფლების გარანტიას წარმოადგენს და მის შესრულებაზეც კონტროლი სასურველია, პარლამენტმა განახორციელოს.

- დასაწყისში თქვენ აღნიშნეთ, რომ პოზიტიური მოვლენაა ამ კანონი მიღება, რატომ?

- პოზიტიური იმიტომ, რომ ერთადერთი კანონი, რომელიც ამ საკითხებს არეგულირებდა, ეს გახლავთ საქაართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და კონკრეტულად მისი მესამე თავი, რომელშიც რამდენიმე მუხლი ეხება პერსონალური მონაცემების დამუშავებას და  შემდეგ მის დაცვას. ის [ადმინისტრაციული კოდექსი] რა თქმა უნდა, სრულყოფილად არ არეგულირებს ყველა საკითხს და ამ კანონში არის საკმაოდ საინტერესო დებულებებიც, რომლებიც პოზიტიურია, მაგრამ არის ისეთი რისკებიც, რომლებმაც შესაძლებელია, მართლა გამოიწვიოს პერსონალური მონაცემების უფლების დარღვევა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა.

- რომ დავუბრუნდეთ იმ მუხლებს, რომელიც თქვენი აზრით სენსიტიურია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. კანონი უკვე მიიღო პარლამენტმა მესამე მოსმენით. რა მექანიზმები რჩება თქვენს ორგანიზაციას? რას აპირებთ?

- რადგან კანონი მიღებულია, ჩვენი ორგანიზაცია ვერანაირ ღონისძიებას ვერ განახორციელებს ამასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  კანონის მეხუთე და მეექვსე მუხლი, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას იძლევა და მის პირობებს ადგენს. სამწუხაროდ, ჩვენ რეაგირების სხვა კანონიერი მექანიზმები არ გვაქვს. ერთადერთი,  შეიძლება ჩვენმა ორგანიზაციამ  გასწიოს მონიტორინგი, როგორ ხდება პერსონალური მონაცემების დაცვა. თუმცა, ამასაც ვერ განვახორციელებთ კერძო პირებთან მიმართებაში, რადგან მათზე არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მოქმედებს და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მათ შევეხოთ. ერთადერთი, ვრჩებით კვლავ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულების შესაძლებლობებზე და საჯარო  დაწესებულების შემოწმების შესაძლებლობაზე, თუმცა ამის კონტროლი ძალიან რთული გახდება სამოქალაქო სექტორის მიერ, რადგან ეს დაცული სფეროა და დიდად გამჭირვალობას ვერ მოვითხოვთ.

- საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველი არ შეიძლება გახდეს?

- საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველი შეიძლება გახდეს იმ შემთხვევაში, თუ ვინმე იქნება დაზარალებული და თუ განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციები გავრცელდება. რა თქმა უნდა, შესაძლოა, გახდეს, მაგრამ ამისათვის ჩვენ აუცილებლად გვჭირდება დაზარალებული.

- როგორ უნდა მოხდეს კანონის ადმინისტრირება? განსაკუთრებით - ისეთი ტიპის პერსონალურ ინფორმაციაზე, როგორიცაა - პოლიტიკური შეხედულებები, რელიგიური მრწამსი, სქესობრივი ცხოვრება, ამა თუ იმ დაწესებულების პირებმა თანამშრომლებს უნდა დაეკითხონ მათი სექსუალური ცხოვრების შესახებ?

- სწორედ ეს ზღვარია რთული დასადგენი, რომ ავიღოთ ნებისმიერი მედიასაშუალება, რომელსაც სამსახურში აჰყავს თანამშრომელი, მას არ სჭირდება ინფორმაცია თანამშრომლის პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური აღმსარებლობის თუ სხვა საკითხების შესახებ. შრომის კანონმდებლობის თანახმად, დამსაქმებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს იმაზე მეტი დოკუმენტები და ინფორმაცია, რაც მას დასაქმებისათვის სჭირდება. მაგრამ ამ კანონის მიღების შემდეგ შეიძლება თქვას დამსაქმებელმა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მისი თანამშრომლის რელიგიური მრწამსი, რათა არ დაარღვიოს მისი რელიგიური უფლებები და შესაბამისად, განსაზღვროს მისი შრომითი უფლებები, დასვენების დღეები და ა.შ. ეს ერთი შეხედვით, შესაძლებელია, კარგიც იყოს თუკი, მე როგორც სხვა აღმსარებლობის ადამიანი, ჩემი ინიციატივით მივმართავ დამსაქმებელს, რომ მე მინდა ესა და ეს დღეები სამუშაოდ და ესა და ეს არა. ეს ჩემი ინიციატივა უნდა იყოს, რადგან ჩემი მრწამსი მოითხოვს, დავისვენო არა იმ დღეებში, როცა მართლმადიდებლები ისვენებენ, არამედ - იმ დღეებში, როცა ამას ჩემი რელიგია მოითხოვს. შესაბამისად, დამსაქმებელი გახდება ვალდებული, დაიცვას ჩემი ინტრესი, თუკი ჩემივე ნება და სურვილია, განვასაჯაროო ამის შესახებ ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში მან ეს ინფორმაცია ვერ უნდა მოიპოვოს. ამიტომ ამ ზღვარის დადგენა ბუნდოვანია ამ კანონის თანახმად.

- შესაძლოა თუ არა ეს კანონი გახდეს დასაქმების დროს დისკრიმინაციის საფუძველი?

- შესაძლოა ეს კანონი გახდეს შრომითი უფლებების თვალსაზრისით დისკრიმინაციის საფუძველი. თუმცა, ცალსახად ამის თქმა შეუძლებელია. ამას გარდა არ არსებობს მხოლოდ შრომითი ურთიერთობები. სხვა ტიპის ურთიერთობებიცაა სამოქალაქო ურთიერთობებში და არა მხოლოდ სამოქალაქო ურთიერთობებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კანონი, ამ რისკის მატარებელია. რეაგირება ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე ძალიან რთულია და ძალზე რთული გახდება ირიბი ფორმით დისკრიმინაციის ფაქტების დამტკიცება რეალურ პრაქტიკაში და ჩვენი მოსაზრებებით ამ რისკების აცილებას ვცდილობდით.

- როცა თქვენ მუშაობდით ამ დასკვნაზე, შეისწავლეთ თუ არა საერთაშორისო პრაქტიკა და რას ამბობს ის ამ შემთხვევაში? ეკითხებიან თუ არა ამ ტიპის ინფორმაციას დამსაქმებლები?

- როგორც წესი, საერთაშორისო აქტებით ეს დისკრიმინაციაა და იმიტომ არის დაუშვებელი, არ შეიძლება დაუსაბუთებლად ამ ტიპის ინფორმაციის მოგროვება. საერთოდ, ამ ტიპის ინფორმაციის დამუშავებას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე ლეგიტიმური მიზანი, რადგან ამ ფორმით დისკრიმინაცია ცალსახად დაუშვებელია. თუ დაუშვებელია, ესე იგი არაფერში არ გჭირდება ეს ინფორმაცია და როცა გაქვს ინფორმაცია, ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, გაჩნდეს დისკრიმინაციის ფაქტები.

აუდიო

Media.ge-ს ფოტოზე:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი თამარ კორძაია

ახალი ამბები