კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქონება ერთ ლარად

21 თებერვალი, 2012

აჭარის მთავრობის საჩუქარი ილჰამ ალიევის ქალიშვილის მეგობარს

ეთერ თურაძე, გაზეთი „ბათუმელები“

2011 წელს აჭარის მთავრობამ 30 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გაყიდა. მიწის ნაწილი ძველ ბათუმსა და სანაპირო ზოლშია, ნაწილი კი - აჭარის სხვადასხვა სოფელში. „ბათუმელების“ მოპოვებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საჩუქარი შეხვდა ილჰამ ალიევის ქალიშვილის მეგობარსაც. რა სარგებელს ნახავს ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო? ამ საკითხს „ბათუმელები“ გასულ კვირას არკვევდა.

1 ლარად გაიყიდა ხელვაჩაურში, სოფელ მეჯინისწყალში, 1113 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა და 1613 კვადრატული მეტრი მიწა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია „ბაქარა ბესიჯილიქ ეთვეგიდა ურუნლერი ფაზარლამა ითჰალათ იჰრაჯათ სანაი ვე თიჯარეთ“-ს ამ ტერიტორიაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან, ანუ 2011 წლის 24 თებერვლიდან, 6 თვეში უნდა შეექმნა პირუტყვის დაკვლის, დამუშავებისა და დაფასოების საწარმოო. იმავე ხელშეკრულების პირობით, ამ კომპანიას საწარმოს შესაქმნელად I მილიონი დოლარი უნდა დაეხარჯა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვეში კი, საქართველოს არანაკლებ 60 მოქალაქე უნდა დაესაქმებინა.

„ბათუმელებმა“ ადგილზე,  სოფელ მეჯინისწყალზე მისვლით გადაამოწმა, რამდენად სრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები. მეჯინისწყალზე კომპანია „ბაქარას“ ნამდვილად აქვს გარკვეული სამუშაოები შესრულებული, თუმცა იქ, ჯერჯერობით, არავითარი საწარმოო არ ფუნქციონირებს და, შესაბამისად, არც ერთი ადამიანი არ არის დასაქმებული. „ბაქარა“ თურქული ინვესტიციაა.

ბათუმის სამრეწველო უბნის რწმუნებულ/გამგებელი დავით ირემაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი შეიძლება დასაქმდეს მომავლისთვის ამ საწარმოში და არც იმის შესახებ გაუგია რაიმე, როდის დაიწყება მშენებლობა.

გასულ ზაფხულს, პირდაპირი მიყიდვის წესით და 1 ლარად შპს „ვენტოს“ 301 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მისცეს ბათუმში, ანბანის კოშკის გვერდით. ამ კომპანიას აჭარის მთავრობამ ქონება იმის გამო აჩუქა, რომ მიწის მიღებიდან 4 თვეში აეშენებინა ელექტროქვესადგური, რათა ირგვლივ დასახლებისთვის შეუზღუდავად მიეწოდებინა ელექტროენერგია.

ამ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ უნდა იზრუნოს შპს „ვენტომ“ იმაზე, რომ „ირგვლივ მდებარე ობიექტებისთვის არ შეიზღუდოს ელექტროენერგიის მიწოდება“, ანუ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ფუნქცია შეასრულოს.

შპს „ვენტო“ და „რივიერა“, ერთი შეხედვით, ყაზახური ინვესტიციის ნაწილია, ანუ ეკუთვნის სილქ როუდ ჯგუფს... ამ ჯგუფის შესახებ ქართულ საზოგადოებას 2006 წელს მიხეილ სააკაშვილი მოუყვა. მაშინ პრეზიდენტმა თქვა, რომ ყაზახური ჯგუფი 2008 წლისთვის 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა, ანუ აჭარის ზღვისპირა ზოლში ახალ სასტუმროებს ააშენებდა. 21 ძველი სასტუმროდან დევნილები მაშინ სპეცრაზმის ძალით იმიტომ გამოასახლეს, რომ ინვესტორს ახალი სასტუმროების აშენებაში ხელი არ შეშლოდა. მაშინ ინვესტორმა 17 მილიონი ლარი გადაუხადა სახელმწიფოს, აქედან 14 მილიონი დევნილების კომპენსაციას მოხმარდა. სასტუმროებიდან მხოლოდ „რედისონი“ აშენდა, დევნილების ნაწილი კი ახლაც უსახლკაროა და სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს.

აჭარის ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გაყიდული 21 სასტუმრო ეკუთვნის არა სილქ როუდ ჯგუფს, როგორც ეს პრეზიდენტმა თქვა, არამედ კომპანია Adjara Hirizonts Holding B.V -ს, რომელიც ჰოლანდიაში ამ ქონების ყიდვამდე 5 დღით ადრე დააფუძნეს და რომელსაც მხოლოდ თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს სილქ როუდ ჯგუფთან გაფორმებული. არავის უთქვამს, ამ კომპანიის დამფუძნებლები ვინ არიან.

ცხადია, არსებითად არაფერს ცვლის ის, თუ რომელი ეროვნების ინვესტორმა - ქართველმა თუ ყაზახმა, ვერ შეასრულა სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება, ანუ 2008 და 2011 წლისთვის ვერც ერთი სასტუმრო ვერ ააშენა (გარდა „რედისონისა“). პირობის დარღვევისთვის „სილქ როუდ ჯგუფის“ მიმართ, სხვა ბიზნესისგან განსხვავებით, სახელმწიფოს სანქცია არ გაუტარებია, უფრო პირიქით, როგორც ამ კომპანიის დირექტორმა გიორგი ნიკოლაიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, სასტუმროების აშენებისთვის ვადა 2019 წლამდე გაუგრძელეს.

ამ ნაწილში რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის „ბათუმელებს“ ზურაბ ჭურკვეიძე, ფინანსთა სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტიდან. მისი ინფორმაციით, „რაც შეეხება სილქ როუდ ჯგუფს, ანუ ვენტოს დამფუძნებელს, Adjara Hirizonts Holding B.V -ს, კომპანიის მიერ შესრულებული იქნა ერთ-ერთი ვალდებულება, კერძოდ, აშენებული და ექსპლუატაციაში გაშვებულია ყოფილი სასტუმრო „მედეას“ ტერიტორიაზე სასტუმრო „რედისონი“, ხოლო სხვა ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა ნასყიდობის ხელშეკრულების გადახედვის თაობაზე“.

(ხელშეკრულების პირობების დარღვევის დროს შეიძლება დაჯარიმება ან ნაყიდი ქონების ჩამორთმევა. სწორედ ასე მოექცა სახელმწიფო, მაგალითად, ცნობილ ფეხბურთელს კახა კალაძეს. მან 2008 წლის 15 სექტემბრიდან მოყოლებული სახელმწიფოს ყოველდღიურად, ჯარიმის სახით, 19 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს).

- რეგიონმა, რომელსაც 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი, ანუ სიღატაკის ზღვარზე 18 387 ოჯახი ჰყავს (აჭარაში სულ 96 ათასი ოჯახი ცხოვრობს), რატომ უნდა აჩუქოს 301 კვადრატული მეტრი მიწა ზღვის სანაპირო ზოლში კომპანიას, რომელიც ბაზარზე ერთ-ერთ მდიდარ მოთამაშედ მიიჩნევა და რომელსაც აქამდეც არაერთხელ მიანიჭა პრივილეგია სახელმწიფომ?

- ამ კითხვით მივმართეთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ვაჟა ბოლქვაძეს, რომლის უწყებაც ლევან ვარშალომიძის გადაწყვეტილებებს კანონიერ სახეს აძლევს. კითხვაზე „ბათუმელებს“ელექტრონულ ფორმატში სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტიდან ზურაბ ჭურკვეიძე პასუხობს. მის შეტყობინებაში ვკითხულობთ: „მოგეხსენებათ, დასრულდა ანბანის კოშკის და სკვერის მშენებლობა, ამასთან იგეგმება იახტკლუბის მოდერნიზაცია, რომელსაც სჭირდება დამატებითი კვების წყარო, გამომდინარე აქედან, პრივატიზება განპირობებულიყო იმისათვის, რომ ირგვლივ მდებარე სახელმწიფო ქონებაზე შესაძლებელიყოს ელექტროენერგიით მომარაგება“.

1 ლარად თითქმის ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი ზღვის სანაპიროზე აჭარის მთავრობისგან ზარიფა ჰამზაევასაც შეხვდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეს ქალი აზერბაიჯანში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ზარიფა ჰამზაევას ქართულმა სახელმწიფომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვეში 100-ნომრიანი თანამედროვე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და 100 მოქალაქის დასაქმება დაავალა. ჰამზაევასთან ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა სამინისტროს გასული წლის 17 ივნისს გაუფორმებია.

ბათუმში, მარინასა და აკვაპარკს შორის ასაშენებელი სასტუმროსთვის, ზარიფა ჰამზაევასთვის მიცემულ ტერიტორიაზე, ჯერ საძირკველიც კი არ არის გათხრილი, ანუ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქალიშვილის მეგობარსა და საქმიან პარტნიორს 100-ნომრიანი სასტუმროს ასაშენებლად 12 თვე აქვს დარჩენილი.

აზერბაიჯანულენოვანი რადიო  „თავისუფლების“ ცნობით, ზარიფა ჰამზაევა და პრეზიდენტ ალიევის ქალიშვილი საკმაოდ სკანდალური პიროვნებები არიან. რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ამ ორი ქალის საქმიანობას „თან ახლდა და ახლავს მთელი რიგი სამართალდარღვევები და კორუფციული ელემენტები“.

რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით (2010 წლის 13 აგვისტო), ალიევასა და ზარიფა ჰამზაევას ჰოლდინგში, რომელიც აზერბაიჯანის ნაციონალური ავიაგადამზიდავი ავიაკომპანიის - „აზალის“ პრეზიდენტის, ჯანგირ ასკეროვის ცოლია, 23 კომპანიაა გაერთიანებული და ავიაციის სფეროს მომსახურებაში დომინანტური როლი აქვს.

ზარიფას ბათუმში მიღებული საჩუქრის შესახებ აზერბაიჯანულ მედიაში არაფერი წერია. აზერბაიჯანელი მდიდარი ქალბატონისთვის საჩუქრის მიღების ცერემონიალს, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მისი ნდობით აღჭურვილი პირი ელნურ მამედოვი ესწრებოდა.

აჭარის მთავრობას 1 ლარად გაუყიდია 32 382 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ქობულეთის სოფელ ხუცუბანში. ეს ქონება, აჭარის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეკუთვნის შპს „LEGI“-ს. ამ კომპანიას 2011 წლის ბოლომდე უნდა აეშენებინა ბეტონის საწარმოო, რის ასაშენებლადაც მინიმუმ 1 მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა. კიდევ ერთი ვალდებულება: მომდევნო 3 წლის განმავლობაში 40 ადამიანის დასაქმება.

სოფელ ხუცუბნის რწმუნებულის, ზურაბ ბაჯელიძის ცნობით, ამ დროისთვის სოფელში საწარმო არ გახსნილა. მისივე ინფორმაციით, „ლეგი“ საწარმოს მდინარე კინტრიშთან ახლოს აშენებს. ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ამ მდინარიდან მომავალში ინერტული მასალების ამოღება იგეგმება.

გარემოსდამცველი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღებას თუ დაიწყებენ, შავი ზღვის ორაგული, რომელიც წითელ ნუსხაში შეყვანილი სახეობაა, საქვირითე მიგრაციას ვეღარ შეძლებს: „პროექტს არ ვიცნობ, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, კატასტროფა იქნება, რადგან ორაგულის საქვირითე მდინარეები, აფხაზეთის მდინარეების გამოკლებით, მაჭახელა და კინტრიშია. ვიცით, რომ მაჭახელაზე ჰესები უნდა აშენდეს, კინტრიში კი ორაგულისთვის ბოლო თავშესაფარია“.

ბათუმში, შავშეთისა და გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში, 1 ლარად ქონება შეხვდა კომპანია „მერსინ ტურიზმს“. ამ კომპანიას ლევან ვარშალომიძის ბრძანებით 5196 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 4707 კვადრატული მეტრი შენობა აჩუქეს.

25 ჰექტარი მიწა ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში 1 ლარად შეხვდა  „აგრო დეკორ სერვისსაც“. კომპანიამ 2014 წლის ბოლომდე ამ სოფელში სასათბურე მეურნეობა უნდა ჩამოაყალიბოს, სადაც მინიმუმ 20 ადამიანს დაასაქმებს.

გასულ წელს ქონება 1 ლარად, ძირითადად, უცხოეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს შეხვდათ, მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება: არის ობიექტები, რომლებიც სამინისტრომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაასხვისა და ისეთი შემთხვევაც არ არის ძალიან ცოტა, როცა მიწა ბათუმში სიმბოლურ ფასად გაიყიდა. მაგალითად, აჭარის ხელისუფლების ერთ-ერთ რჩეულ შპს სესაიდე-ს - 50 001 ლარად ბათუმის სხვადასხვა ქუჩაზე მთლიანობაში 1753 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მისცეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია კი სულ 2900 კვადრატული კილომეტრია.

ფოტოზე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე 1113 კვ.მ შენობა-ნაგებობა  და 1613 კვ.მ მიწა აჭარის მთავრობამ  1 ლარად გაყიდა

წყარო: ნეტგაზეთი

ახალი ამბები