კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იშვიათი შემთხვევა - შსს-მ პოლიციის მაღალჩინოსანი ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო გაათავისუფლა

21 თებერვალი, 2012

მაკა მალაყმაძე, აჭარა

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა ჯონი ბაკურიძემ „ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტს, თეონა თურმანიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ოპერატორს კამერა წაართვა. ფაქტიდან რამდენიმე საათში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაკურიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

16 თებერვალს TV 25-ის საინფორმაციო გადაცემის - „მაცნეს“ გამაღები ჯგუფი ბათუმში რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში პატრულის მიერ მძღოლების შერჩევით დაჯარიმების ფაქტს აფიქსირებდა. სწორედ ამ დროს აჭარის საპტრულო პოლიციის უფროსმა, ჯონი ბაკურიძემ ჟურნალისტ თეონა თურმანიძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. 

თეონა თურმანიძე, TV 25-ის ჟურნალისტი: „მივდიოდი სახალხო კრების ოფისში, რომელიც რუსთაველის 11-ში მდებარეობს. ტაქსი, რომელიც გვემსახურება, მოძრაობდა გამსახურდიას ქუჩით. ჩვენც და კიდევ რამდენიმე მძღოლი 50 ლარით დააჯარიმეს, რადგან საგზაო ნიშანი, რომელიც თურმე, 2 წელი არსებობს, არ დავიცავით. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე საპატრულო ჯგუფი, რომლებიც მძღოლებს შერჩევით აჯარიმებდნენ. ანუ, რამდენიმე მანქანა, რომელმაც ჩვენებრ მოძრაობის წესი დაარღვია, ჩვეულებრივ გაატარეს. ჩვენ უკვე ამის გადაღება დავიწყეთ და ერთი მძროლის ჩაწერას ვაპირებდით, რომელიც ამ ყოველივეს აპროტესტებდა. ამ დროს საიდანღაც გაჩნდა ჯონი ბაკურიძე - აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი. ის მივიდა ოპერატორთან და კამერა წაართვა. მან დაიწყო ყვირილი - გაგაქრობთ, აქედან წადითო. შემდეგ გინებაზე გადავიდა. ბაკურიძემ კამერა საპატრულო მანქანის სალონში დადო. მე შემოვუარე მანქანას, კარი გავაღე და კამერა ავიღე. ამ დროს 3 პატრული მომვარდა, ხელები გადამიგრიხეს და კამერა წამართვეს. 10-15 წუთში, რაღაც ზარის შემდეგ,  კამერა ისევ დააბრუნეს.

მომხდარის შესახებ ტვ 25-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსს ზურაბ გვენეტაძეს მალევე აცნობეს. მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე http://www.police.ge/ შსს-მ შემდეგი განცხადება გაავრცელა: „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა 2012 წლის 16 თებერვალს,  ქ. ბათუმში,  აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის ჯონი ბაკურიძისა და ტელეკომპანია ტვ 25-ის ჟურნალისტს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალები. გენერალური ინსპექციის ხელთ არსებული მასალები იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ ჯონი ბაკურიძემ ჩაიდინა პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედება და იგი განთავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოდიშს უხდის  TV 25-ის ჯურნალისტებს მომხდარი ფაქტის გამო და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პატივისცემას მათი საქმიანობის მიმართ“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღონია ჟურნალისტ თეონა თურმანიძის მონაყოლიდან გამომდინარე აცხადებს: „სავარაუდოდ, სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა) და 333-ე მუხლის (უფლებამოსილების გადამეტების) ფაქტები. ნორმები ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ასევე თავისუფლების აღკვეთას“.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ბათუმში, გიორგი ჩარკვიანმა აღნიშნა: „ჩვენმა აპარატმა დაიწყო ამ საკითხის შესწავლა. შევისწავლით ეს საქმე და კომენტარს გააკეთებს თავად სახალხო დამცველი ამის შესახებ“.

ინციდენტის დღესვე თეონა თურმანიძემ მომხდარის შესახებ აჭარის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. იგი დამნაშავე პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას დაყენებას ითხოვს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა რამდენჯერმე სცადა ჯონი ბაკურიძესთან დაკავშირება, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ხოლო ნეტგაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში იგი აცხადებს: „არ მიგინებია. მე კონფლიქტი არ მაქვს, არანაირი კონფილქტები და გულში ჩადებები არა მაქვს. შეურაცხყოფა მე მომაყენა, უზრდელურად დამელაპარაკა. კამერა არ წამირთმევია, აბსურდია. თანამშრომელი მძღოლს უწერს ოქმს და ვიღაც მივიდა და წარდგენის გარეშე დაიწყო ამის გადაღება. თუ ვინმეს რამე უნდა, 24 საათი ადგილზე ვარ და მოვიდეს. მე, პირადად, ინციდენტი არ მაქვს. თუ ოჯახში ხარ გაზრდილი, ადამიანებს თავაზიანად უნდა მიმართო. არ უნდა გამოიყენო მდგომარეობა შენი რაღაცეებისთვის“.

საინტერესოა, რომ ჟურნალისტის საქმიანობისათვის ხელშეშლის, მუქარისა და შანტაჟის არაერთი მაგალითი არსებობს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მსგავსი ინდიდენტების შემდეგ იშვიათად ისჯება დამნაშავე და მეტიც - ხშირად პოლიცია და პროკურატურა რეაგირებასაც არ ახდენს. ამ შემთხვევაში რა დაესიზმრა შინაგან საქმეთა სამინისტროს და რამ გამოიწვია მისი ასეთი სამართლიანი ოპერატიულობა, ჯერჯერობით გაუგებარი რჩება. ამ კითხვას პასუხი ალბათ მომავალში გაეცემა.  

ახალი ამბები