კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავის ქალთა კოლონიაში პატიმარი შიმშილობას აგრძელებს

21 თებერვალი, 2012

ნინო ცაგარეიშვილი

რუსთავის ქალთა კოლონიაში პატიმარი თამარ ტალიკაძე კვლავ აგრძელებს შიმშილობას. იგი საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს. რამდენიმე დღის წინ მას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი შეხვდა და მისი მოთხოვნები, ასევე საქმის გარემოებები მოისმინა.
 
თამარ ტალიკაძე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით 2008 წლის 16 აპრილს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის (საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით). სასჯელის შეკრებითობის პრინციპით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

თამალ ტალიკაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც თვითონ აცხადებს, 2007 წელს თურქეთიდან არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად საზღვარი გადმოკვეთა. იგი ქ. სტამბულში, აქსარაის მეტროსთან შეხვდა ვინმე „ეკას,“ რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ ფირმაში ავტოსადგურში ბილეთების გამყიდველად. მან „ეკას“ უთხრა, რომ მიდიოდა საქართველოში, რის შემდეგაც კიდევ ნახა ავტობუსში, რითაც იმგზავრეს ერთად თურქეთის საზღვრამდე.

თამარ ტალიკაძის თქმით, როცა ის თავის ნაცნობებს ესაუბრებოდა, „ეკამ“ დაუძახა მის შვილს და მისცა ვარდისფერი ხელჩანთა. იგივეს ადასტურებს მისი შვილი მარიამ ტალიკაძე, რომლის ჩვენების თანახმად, როდესაც ქ. სტამბულიდან ბრუნდებოდნენ საქართველოში, ავტობუსში მათთან ერთად მგზავრობდა ქალბატონი, რომლის სახელი არ იცის. თურქეთის მხარეს, საქართველოს საზღვარზე გადმოსვლამდე, იმ ქალბატონმა, რომელიც მათთან ერთად მგზავრობდა, მას გამოატანა პატარა ხელჩანთა და უთხრა, რომ ელოდებოდა მეგობრებს და როცა თვითონ გადმოვიდოდა, ჩანთას ჩამოართმევდა. როდესაც დედასთან ერთად გადმოვიდა საქართველოს საზღვარზე, დააკავეს და ჩაუტარეს ჩხრეკა, რა დროსაც მის ხელთ არსებული ხელჩანთიდან ამოიღეს ორი ცალი სუნამოს კოლოფი, რომლებშიც აღმოჩნდა 698.57 გრამი ჰეროინი. მან განაცხადა, რომ ჩანთა სხვა ქალბატონს ეკუთვნოდა და აღწერა ამ ქალბატონის გარეგნობა.

თამარ ტალიკაძე აცხადებს, რომ საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ როცა დააკავეს, „ეკამ“ მას ტელეფონზე დაურეკა და იგი მას სოდ-ის თანამშრომლების ნებართვით ელაპარაკა. სოდ-ის თანაშრომლების მითითებით, თამარმა მათ უთხრა: „ყველაფერი კარგად იქნება“. „ეკამ“ კი უთხრა, რომ საზღვარზე მალე გადმოვიდოდა. ისინი ფანჯარასთან დადგნენ და უთვალთვალებდნენ. თამარ ტალიკაძემ ითხოვა ქოლგებთან მიეყვანათ, რადგანაც იქ შეხვედრაზე იყვნენ შეთანხმებულნი. თუმცა, თამარ ტალიკაძის თქმით, სოდ-ის თანამშრომლებმა ეს არ გაითვალისწინეს.

თამარ ტალიკაძე აცხადებს, რომ სოდ-ის თანამშრომლებმა არ მიმართეს ყველა ზომას, მოეძებნათ და დაეკავებინათ პიროვნება, რომელმაც მის შვილს გადასცა გზავნილი. იგი ითხოვს საქმის ხელახლა გამოძიებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ არასრულწლოვან მარიამ ტალიკაძის დაკითხვა, რომელიც დაკითხვის მომენტში 12 წლის იყო, მოხდა იმჟამად მოქმედი საპროცესო ნორმების დარღვევით. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმჟამინდელი 306-ე მუხლის თანახმად,  არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა შესაძლებელი იყო მხოლოდ მისი პედაგოგის ან კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. მარიამ ტალიკაძე, რომელიც თბილისში სწავლობდა, დაიკითხა ხელვაჩაურის რაიონში მოქმედი სკოლის პედაგოგის თანდასწრებით, რომელიც არ წარმოადგენდა მის პედაგოგს.

ეკა ქობესაშვილის განცხადებით, თამარ ტალიკაძის ბრალის დასამტკიცებლად საკმარისი არ არის საქმეში წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულებები - სოდ-ის თანამშრომლების ჩვენებები, რომლებმაც მარიამ ტალიკაძის ჩხრეკა განახორციელეს და ხელჩანთიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ თამარ ტალიკაძე აცნობიერებდა მისი შვილის ხელჩანთით ნარკოტიკების გადმოტანის ფაქტს. საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ ფაქტს.

სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეკა ქობესაშვილის განცხადებით, აღნიშნული მტკიცებულებები არ წარმოადგენენ უტყუარ მტკიცებულებებს და წარმოქმნილი ეჭვი მოსამართლემ არ განმარტა ბრალდებულის სასარგებლოდ.

სსსკ-ის მე-18 მუხლი ნათლად განმარტავს, რომ საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. ეკა ქობესაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში წინასწარი გამოძიებამ სრულყოფილად არ გადაამოწმა დაკავებულების მიცემული განმარტებები და არ განახორციელა მოქმედებები ხელჩანთის ნამდვილი მეპატრონის ვინაობის დასადგენად. ადამიანის უფლებათა ცენტრი უახლოეს მომავალში მიმართავს გენერალურ პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით.

თამარ ტალიკაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 2010 წელსაც მიმართა. იგი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა საკასაციო საჩივრის მიღებაზე და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ახალი ამბები