კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი მელაშვილი: ჩვენ რომ ამომრჩეველთა ზუსტი სია არა გვაქვს, ეს სახელმწიფო დანაშაულია

22 თებერვალი, 2012

კობა ბენდელიანი, ინტერპრესნიუსი

საარჩევნო კანონმდებლობასა და კოდექსში შესატან ცვლილებათა წინადადებებზე „ინტერპრესნიუსი“ კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“ წარმომადგენელს ექსპერტს საარჩევნო საკითხებში, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, დააკმაყოფილებს თუ არა პარლამენტი თქვენს მოთხოვნას საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით? თუ კი, ეს უფრო რისი შედეგი იქნება - თქვენი აქტიურობის, თუ ვაშინგტონისა და ბრიუსელის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის?

- საერთოდ, ქართველებს სულ გვინდა, რომ საქართველოში ყველაფერი სხვისი ხელით გაკეთდეს, მაგრამ ეს ასე არ იქნება. ვაშინგტონი და ბრიუსელი და ვერც ერთი სხვა პოლიტიკური ცენტრი ჩვენს მაგივრად კანონპროექტებს ვერ დაწერს, ჩვენს მაგივრად ვერ გამოიკვლევს იმას, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ცუდად დაწერილმა კანონებმა. ანუ, ეს ქართული ორგანზაციების გასაკეთებელი საქმეა. ამავე დროს, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანზიაცებთან. გვქონდა შეხვედრები საელჩოებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენ მათ ვაწვდით უამრავ მასალას, რათა მხარდაჭერილ იქნას იმ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ჩვენ პარლამენტში შეგვაქვს. ამიტომ, თუკი ცვლილებები განხორციელდა, ეს იქნება ორმხრივი მუშაობის შედეგი. ერთი მხრივ, ვგულისხმობ საერთაშორისო საზოგადოებისა და მეორე მხრივ, ჩვენი სამოქალაქო სექტორის აქტიურობას. საერთაშორისო საზოგადოებამ და ხელისუფლებამაც უნდა დაინახოს, რომ არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარება ქართული საზოგადოების მოთხოვნაა. თუ შედეგს მივაღწევთ, ეს საერთო ძალისხმევის შედეგი იქნება.

- რამდენად ხართ მზად, ხელისუფლებას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში და სხვა საარჩევნო კანონმდებლობაში თქვენი წინადადებები შესთავაზოთ?

- კანონში „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის კანცელარიას უკვე ჩავაბარეთ. სხვა კანონპროექტებზე მეც და ჩემი კოლეგებიც ვმუშაობთ. რაც შეეხება კანონებში შესატან ცვლილებათა მომზადების დონეს, გარწმუნებთ, რომ ეს არის საკმაოდ მაღალი ხარისხის დოკუმენტები, რომლის შემუშავებაში ძალიან ბევრი ექსპერტი იყო ჩართული. სხვათა შორის, ვითვალისწინებდით როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტების მოსაზრებებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა პარტიების დაფინანსება, თუ როგორი რეგულაციებია საფრანგეთში, გერმანიაში, დანიასა და სხვა ქვეყნებში. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი კანონპროექტი საკმაოდ მაღალ დონეზეა მომზადებული. ასევე ვფიქრობთ, რომ იმავე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელთა შემუშავების სურვილი გვაქვს, ასევე საკმაოდ მაღალ დონეზე იქნება შესრულებული და იმ ძირითადი პრობლემების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული, რაც არსებულ კანონმდებლობას ახლა აქვს.

- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები კოსმეტიკური ხასიათის არ იქნება?

- კოსმეტიკური ცვლილებების შეტანას ნამდვილად არ ვაპირებთ და ასეთი წინადადებები პარლამენტში არც წარგვიდგენია, წარდგენილ წინადადებებში მხარდაჭერა ნამდვილად გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი ნაწილი, როგორც თბილისის, ისე რეგიონების დამოუკიდებელი მედიის ფაქტობრივად მთელი შემადგენლობა ჩვენს პეტიციასა და მოთხოვნებს შეუერთდა. ასეთ ვითარებაში კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებებზე საუბარი წარმოუდგენელია.

- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პარტიების დაფინანსების გამჭვირვალეობის უზრუნველყოფისთვის, საკმარისია პარტიების ფინანსებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიებისთვის ანგარიშგების სწორი და ყველასათვის ერთიანი ფორმის შემუშავება, თქვენც ასე ფიქრობთ? თუ კი, როგორი უნდა იყოს ეს ფორმა?

- ჯერ უნდა ვთქვათ, რომ პარტიების ფინანსებთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხია გასარკვევი. ჯერ ერთი, ძალიან მკაფიოდ არის განსასაზღვრი წრე, თუ ვის შეუძლია პარტიების დაფინანსება. მეორე საკითხია, თუ რა ოდენობის შეიძლება იყოს შემოწირულობები, მესამე საკითხია, რამდენად გამჭვირვალე იქნება პროცედურები და მეოთხეა, ვინ და როგორ აწესებს ამ კანომდებლობის დარღვევაზე პარტიებისთვის სანქციებს. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ანგარიშგების ფორმები. თუმცა, ეს უფრო ტექნიკური საკითხია, ვიდრე - პოლიტიკური და სამართლებრივი. ახლა ჩვენ ძირითადი აქცენტი გადატანილი გვაქვს იმაზე, რომ სწორი პროცედურები ჩამოყალიბდეს, სწორად განისაზღვროს იმ ადამინთა წრე, ვისაც აქვს უფლება პარტიებს საჭირი თანხები გადასცენ და მოიხსნას ის ზედმეტი სანქციები, რომელიც მოქალაქეს, ან იურიდიულ პირს შეიძლება დაუწესდეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისას.

- ექსპერტთა და ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2011 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, მძიმე და გაუმართლებელ პასუხიმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს და განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებას ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას. გარდა ამისა, კანონით დაწესებული შეზღუდვები პრობლემებს უქმნის პარტიების საქმიანობას. თუ გაქვთ შემუშავებული კანონმდებლობაში შესატანი სერიოზული ცვლილებების წინადადებები, როგორია მათი არსი?

- რა თქმა უნდა, შემუშავებული გვაქვს. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ მოხდა პრობლემების შესწავლა, ანუ რა პრობლემებს ქმნის არსებული კანონმდებლობა. შემდეგ დაიწყო იმ ფორმულირებების შემუშავება, რომელიც გამოასწორებდა ამ ხარვეზებს. თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით დამუშავებულია ძალიან კონკრეტული წინადადებები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ამ წინადადებებს გაითვალისწინებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორია მათი კონკრეტიკა, ჩვენ ჩვენს მიერ ინიციირებულ თითოეულ წინადადებაზე კონკრეტულად შეგვიძლია საუბარი.

პირველ რიგში, ეს ეხება 26-ე მუხლის პრიმა მუხლს. ხელისუფლება საუბრობს, რომ ცდილობს ქართულ პარტიებში არალეგალური და შავი ფული შეზღუდოს. ეს იდეა, არა მარტო მისაღები, არამედ სწორედ ისაა, რასაც, სხვათა შორის, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ითხოვდა. მაგრამ, თუ მიღებულ კანონს კარგად დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ამ იდეის რეალიზაციასთან, ანუ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონის მუხლებს საერთო არაფერი აქვთ. როდესაც კანონმდებელი გვეუბნება, რომ იურიდიული პირი, რომლის წარმომადგენელი ამომრჩეველს რომელიმე პარტიის მხარაჭერისაგან თავის შეკავებას მოუწოდებს, ასეთი დაწესებულება შეიძლება მოხვდეს პარტიებზე დაწესებული შეზღუდვების ქვეშ, ისმის კითხვა - რა შუაშია "მოწოდება" და რა შუაშია "ფინანსირება"? თუ ჩვენ პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში იურიდიული პირების ფინანსურ მონაწილეობას ვზღუდავთ, ეს ერთია, მაგრამ ამ მუხლში დაფინანსებაზე საერთოდ არაფერი წერია და საუბარია მხოლოდ პოლიტიკური სიმპათიის ანაც ანტიპატიის გამოვლენაზე. ასეთ კანონში ასეთი მუხლები არ უნდა არსებობდეს და უნდა იყოს ამოღებული. ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც შეიძლება დაუკავშირდეს პირებს, რომლებიც კარგ ან უარყოფით დამოკიდებულებას გამოთქვამენ ამა თუ იმ პარტიის მიმართ, ჩვენთვის მიუღებელია. შეზღუდვა შეიძლება უკავშირდებოდეს პირებს, რომლებიც ამა თუ იმ პარტიებს აფინანსებებენ. ანუ ფულს ხარჯავენ პარტიების საქმიანობისთვის. ნებისმიერი შეზღუდვა უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ ხარჯებს და არა პოლიტიკური ნების გამოხატვას. პრინციპული სხვაობაა იმაში, რაც ახლა წერია კანონში და რასაც ახლა ჩვენ ვთავაზობთ.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას. გვესმის, რომ უნდა დაწესდეს შეზღუდვები იმაზე, რომ ერთი და იმავე ფიზიკურმა პირმა არ მოახდინოს პარტიების დაფინანსება, მაგრამ ეს უნდა იყოს ნორმალურად ჩამოყალიბებული და არ უნდა ჰქონდეს კონტროლის პალატას ან ნებისმიერ სხვა ორგანოს იმის უფლება, რომ მას ამ ფაქტის ძალიან ფართო ინტერპრეტაციის საშუალება ჰქონდეს.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- შემიძლია, ასეთი მაგალითი მოგიყვანოთ. ფიზიკურ პირს შეუძლია რამდენიმე პარტია ჯამურად 60 ათასი ლარით დააფინანსოს. ერთი ფიზიკური პირიდან პარტიას მხოლოდ 60 ათასი ლარის მიღება შეუძლია. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა ერთმა ფიზიკურმა პირმა სამ პარტიას გადაურიცხა 40-40 ათასი ლარი. სამივე პარტიას აქვს ამ თანხების ჩვეულებრივად მიღების უფლება, მათთვის კანონი დარღვეული არ არის, ვინაიდან შემოწირულობის ზედა ჭერი დაცულია. მაგრამ, მეორე და მესამე პარტიამ არ იცის, რომ იმავე პირს თანხები სხვა პარტიებისთვის აქვს გადარიცხული. გამოდის, რომ ვინც პირველმა მიიღო შემოწირულობა, მისთვის ეს კანონიერი შემოწირულობაა, მაგრამ მეორე და მესამე პარტიებისთვის ეს შემოწირულობა უკანონოა. რა ხდება ასეთ შემთხვევაში? კანონით, პარტიამ სამ დღეში უკან უნდა დააბრუნოს თანხა. მაგრამ, თუ ეს არ გააკეთა, ის პარტია ათმაგი ოდენობით ჯარიმდება. მაგრამ, როგორ შეიძლება პარტია დავაჯარიმოთ იმაზე, რაც მას არ შეიძლება სცოდნოდა?

ჩვენი წინადადება ასეთია - შემოწირულობებთან დაკავშირებით მთელი ინფორმაცია თავს უნდა იყრიდეს კონტროლის პალატაში. აქედან გამომდინარე, ვიდრე კონტროლის პალატა რომელიმე პარტიას რაიმე სანქციას დაუწესებს, კანონით უნდა იყოს ვალდებული, აცნობოს პარტიას დარღვევის თაობაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს სანქციებზე საუბარი, თუკი პარტია არ დაემორჩილება კანონიერ მოთხოვნას და არ გაასაჩივრებს კონტროლის პალატის ამ გადაწყვეტილებას. თუ მთელმა ინფორმაციამ თავი მოიყარა კონტროლის პალატაში, მაშინ, სანამ კონტროლის პალატა ვინმეს რაიმე საქციას დაუწესებს, არა აქვს მნიშვნელობა ეს ფიზიკური პირი იქნება თუ იურიდიული, ის ჯერ ვალდებული უნდა იყოს, დარღვევის შესახებ აცნობოს მათ და თუ მათ 5 დღის მანძილზე სასამართლოს არ მიმართეს, მხოლოდ ამის შემდეგ ექნება მათთვის სანქციების დაწესების უფლება.

- არაერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა და ექსპერტმა გააპროტესტა ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის, იურიდიული და ფიზიკური პირისთვის კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მიერ ყადაღის ერთპიროვნულად დაწესების უფლების დაკანონება. ამ საკითხში თქვენი წინადადებები როგორია?

- სისხლის სამართლის კოდექსის 354-ე პრიმა მუხლში წერია - ბავშვების გამტაცებლის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველთა ქონების შემძენის, რეკეტიორის ქონებაზე ყადაღის დასადებად პროკურორი ვალდებულია, სასამართლოს მიმართოს. ფორმალურად დაცულია შეჯიბრობითობის პრინციპი და ვინც არ უნდა იყოს ბრალდებული, მას სასამართლოში თავის დაცვისა და თავისი არგუმენტების წარდგენის საშუალება აქვს. ჩვენმა კანონმდებლობამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები ადამიანის გამტაცებელზე და რეკეტიორზე უფრო საშიშ ერთეულად მიიჩნია და ყოველგვარი სასამართლოს გარეშე მიანიჭა ერთ ადამიანს მათ ქონებაზე ყადაღის დაწესების უფლება. საუბარია კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელზე. აქამდე, არა მარტო ჩვენს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში ყადაღა იდებოდა მხოლოდ ქონების იმ ნაწილზე, რომელიც შესაძლოა, სადაო ყოფილიყო ამა თუ იმ ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ. ჩვენში მოქმედი კანონით, კონტროლის პალატის ერთ პირს აქვს მთელ ქონებაზე ყადაღის დადების უფლება. თუ საუბარი შეიძლება იყოს 1000-ლარიან გადაცდომაზე, ყადაღა შეიძლება დაედოს პარტიის მილიონიან ქონებასაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკური პარტია თუ იურიდიული პირი, პრაქტიკულად არსებობა უნდა შეწყვიტოს. ამიტომ, ჩვენ შემოგვაქვს მკაფიო ცნება იმის შესახებ, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ და მხოლოდ სადაო ქონებას. აქაც უნდა მუშაობდეს ის პრინციპი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, საუბარია კონტროლის პალატის მიერ ამ ტიპის დარღვევებზე პარტიების, იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე.

- ინტერვიუს დაწყებამდე თქვენ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილე პირთათვის ფინანსების ხარჯვის ზღვრის დაწესებაზეც საუბრობდით...

- პარლამეტმა გაუგონარი სისულელე ჩაიდინა, როცა პოლიტიკურ სუბიექებს არჩევნებში დახარჯვისთვის წლის განმავლობაში ზედა ზღვრად მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2 %-ის ოდენობა დაუწესა. იგივე ზედა ზღვარი აქვს დაწესებული მაჟორიტარულ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილე პირს. ყაზბეგის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილე პირს უფლება აქვს, ზუსტად იმდენი თანხა დახარჯოს, რაც - ერთ პარტიას მთელ საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა იმისა, რომ ეს აბსურდია, ეს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს იმ პირს, ვისაც პარტია იმავე რაიონში თავის კანდიდატად დაასახელებს. ამიტომ, დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატებისთვის ხელისუფლებას ფინანსების ხარჯვის ზედა ზღვრის დაწესებას ვთავაზობთ.

თუკი პარტიას მთელ საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ს დახარჯვა შეუძლია, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში 3 მილიონ 600 ათასი ამომრჩეველია, თანხა უნდა გაიყოს 3 მილიონ 600 ათასზე და შემდეგ ეს თანხა უნდა იქნას გადამრავლებული ამა თუ იმ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაზე. ამის ჯამი მოგვცემს ზუსტად იმის ზღავრს, რომლის დახარჯვაც დეპუტატობის მაჟორიტარულ კანდიდატს შეეძლება.

- საარჩევნო სიებთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ საკმაოდ შემაშფოთებელი სტატისტიკა წარმოადგინა. საარჩევნო სიების დაზუსტებასთან დაკავშირებით თუ გაქვთ შემუშავებული წინადადებები, რომელთა წარდგენასაც პარლამენტისთვის აპირებთ?

- „სამართლიანმა არჩევნებმა“ ძალიან კარგი მასალები წარმოადგინა. გამოდის, რომ ამომრჩეველთა მხოლოდ 58%-ის იდენტიფიცირება შეიძლება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სულ ტყუილა ამტკიცებს ცესკ-ო, რომ მას კარგი სიები აქვს. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ეს არ გახლავთ საარჩევნო კომისიის ბრალი. საქართველომ მილიონობით უცხოური დახმარება დახარჯა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო რეესტრი შექმნილიყო. ეს არის უთანამედროვესი ტექნიკით აღჭურვილი დაწესებულება, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვიცით, რამდენია ქვეყანაში მოსახლეობა და რამდენი ამომრჩეველი გვყავს. ჩვენ რომ ამომრჩეველთა ზუსტი სია არა გვაქვს, ეს სახელმწიფო დანაშაულია. ამის გამოსწორების ერთადერთი საშუალება ბიომეტრიაა. ბიომენტრია იძლევა ადამიანის იდენტიფიცირების საშუალებას და სიებში გაორებას გამორიცხავს.

- მოესწრება კი ბიომეტრიული პასპორტების შემოღება?

- საქართველოში ბიომეტრიის მოსწრებას სამი თვე სჭირდება, მაგრამ ამას პოლიტიკური ნება სჭირდება, რომელიც ხელისუფლებას არ გააჩნია. ამიტომ, გამოსავალია, დაიწყოს დიდი კამპანია. თითოეული მოქალაქე უნდა მივიდეს საარჩევნო უბანში დაარეგესტრიროს თავისი თავი და ოჯახის წევრები. ჩვენ კოლეგებთან გვექნება კონსულტაციები, თუ რამდენად შესაძლებელია ამგვარი კამპანიის დაწყება და შემდეგ წარმართვა.

ამგვარი კამპანიის განხორციელების შემთხვევაში ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ არჩევნებზე გაუმჯობესებული საარჩევნო სიები მივიღოთ. ამას სჭირდება ორგანიზება, რესურსები, რისი შესაძლებლობა არასამთავრობო ორაგიზაციებს არა აქვთ. კარგი იქნება, თუ მთელი საზოგადოება დაფიქსირდება და რეალობას საღად შეაფასებს. ეს ხელისუფლება საარჩევნო სიებს არასოდეს არ გამოასწორებს, ვინაიდან ასეთ პირობებში არჩევნებს ვერ მოიგებს. თუ საზოგადოებას ქვეყანაში ცვლილებები სურს, საარჩევნო სიების მოწესრიგებისთვის გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ამ საქმეში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

ახალი ამბები