კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შალვა თადუმაძე: „ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის უფროსი პოლიტპატიმარია“

24 თებერვალი, 2012

ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციის დაცვის უფროსი რევაზ მუმლაძე დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა და ამჟამად თბილისის #8 დაწესებულებაში იმყოფება. ადვოკატი შალვა თადუმაძე, რომელიც მუმლაძის ინტერესებს იცავს, გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და და საქმის გარემოებიდან გამომდინარე, იგი პოლიტპატიმარია. ამის შესახებ წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით „ადვოკატი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის უფროსი პოლიტპატიმარია“.

„რევაზ მუმლაძე ბორჯომში 14 თებერვალს ღამის საათებში დააკავეს. დაკავება მოხდა შემოსავლების საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს მიერ. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე და 201-ე მუხლების გათვალისწინებით. 186-ე მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე, 210-ე მუხლი ითვალისწინებს რამდენიმე სასჯელს - მათ შორის ჯარიმასა და თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით. ამ ბრალდებაში იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. სისხლის სამართლის საქმიდან და მისი პიროვნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური პატიმარია. აღმკვეთი ბრალდების ფაქტობრივ გარემოებაში არ იკვეთება, რომ რევაზ მუმლაძემ ჩაიდინა დანაშაული - უბრალოდ, მისი დაპატიმრება განპირობებულია იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციის დაცვის უფროსია“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა თადუმაძე.

„2010 წელს მოხდა მიწის ნაკვეთის შესყიდვა, რომელიც მდებარეობს ბაკურიანში. არანაირი კითხვები ამ ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებით არავის აწუხებდა. შემდეგ მოხდა ის, რომ გამყიდველმა აღიარა აღნიშნული დოკუმენტების გაყალბება, რის გამოც მას ბრალად წაუყენეს დოკუმენტების გაყალბება. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება - ძალაში შესული, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ გამყიდველმა გააყალბა აღნიშნული საბუთები და რომ რევაზ მუმლაძემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა ამის შესახებ. შესაბამისად, იგი ჩაითვალა კეთილსინდისიერ შემძენად და შესყიდვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა აღარ არსებობდა. ივანიშვილის პოლიტიკური განცხადების შემდეგ, ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რის შემდეგაც თითქოსდა გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ მუმლაძემ იცოდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბუთები გაყალბებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება“, - განმარტავს ადვოკატი.

„შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას ედავებიან, რომ ხელშეკრულებაში ნაკლები თანხა მიუთითა, გულისხმობს გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას. არადა, მიწის სამართლებრივი რეჟიმი აბსოლუტურად ათავისუფლებს როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს ყოველგვარი გადასახადის გადახდისგან. ასე რომ, შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ბრალდების ნაწილში საგამოძიებო ორგანოები ჩამოყალიბებული არ არიან და არც არანაირი ფაქტობრივი გარემოება არსებობს, რომ მუმლაძემ ეს ჩაიდინა. უბრალოდ, არსებობს პოლიტიკური ინტერესი“, - დასძენს შალვა თადუმაძე.

„მუმლაძეს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამჟამად იმყოფება თბილისი #8 დაწესებულებაში. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და რამდენიმე დღეში სააპელაციო სასამართლოდან იქნება პასუხი“, - აცხადებს რესპონდენტი და „რეზონანსის“ შეკითხვას - „ხომ არ ყოფილა მუმლაძის მიმართ ზეწოლის ფაქტები და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?“ - პასუხობს: „ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. თავს მხნედ გრძნობს. თავს დამნაშავედ არ ცნობს და აპირებს დაიცვას თავისი სიმართლე კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი საშუალებით“.

ინტერპრესნიუსის პრესის მიმოხილვის მიხედვით

ახალი ამბები