კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სააკაშვილისთვის მძიმე იყო ჩინოვნიკების სახლების ფოტოების აფრიალება“

1 მარტი, 2012

მანანა ნოზაძე, www.presage.tv 

28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შეფასება Presage.tv-მ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრ დავით ზურაბიშვილსა და ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს სთხოვა.

დავით ზურაბიშვილის თქმით, ეს იყო პარლამენტში პრეზიდენტის არა გამოსვლა, არამედ - დარბაზიდან გასვლა, გავარდნა და შემდეგ მისი მობრუნება, რაც ალბათ, ვიღაცის რჩევით მოხდა.

„ამ ადამიანმა ძალიან თვალნათლივ დაანახა ყველას, რომ იგი უკვე გუშინდელი დღე და წარსულია. მართალია, ძალიან ცდილობდა, ეთქვა, რომ მე არსად არ წავალ, მე დავრჩები, ჩემი გუნდი იქნება, მაგრამ მთელი მისი პათოსი, მისი რეაქცია იმ კრიტიკაზე, როდესაც ის რეაგირებდა კორუფციის თუ სხვა ფაქტებზე, თვალნათლივ მიუთითებდა, რომ იგი პოლიტიკური ნდობის რესურსით სრულიად ამოწურული ადამიანია. ვფიქრობ, მისი პარლამენტში მისვლა კარგი ნიშანია იმისა, რომ მან სრულიად ამოწურა შესაძლებლობები და წარმავალი ფიგურაა. ის გრძნობს მოახლოებულ სუნთქვას, რაც ბიძინა ივანიშვილის კოალიციის სახით მოდის,“ - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციის გამოსვლას, დავით ზურაბიშვილის აზრით, პრეზიდენტს „ქრისტიან-დემოკრატებისგან“ შეურაცხყოფა არ მიუღია და სიამტკბილობით რეაგირებდა მათ კრიტიკაზე. ცაგარეიშვილის გამოსვლაზე კი აშკარად მოეშალა ნერვები, რადგან სააკაშვილისთვის მძიმე იყო ჩინოვნიკების სახლების ფოტოების აფრიალება.

„მისთვის მძიმე იყო, როცა ჩინოვნიკების ქონების სურათები ანახეს და შემდეგ უკვე ნერვებაშლილს ჯონდი ბაღათურიას გამოსვლაზე კიდევ უფრო აეშალა ნერვები, წამოხტა და გაიქცა. მერე მოაბრუნეს, ეტყობა, დაამშვიდეს. ოპოზიციის გამოსვლა სააკაშვილმა მტკივნეულად განიცადა. პრაქტიკულად, სისულელეები უპასუხა, რომ მერაბიშვილი გაღლეტილია, ადეიშვილს სახლი არ აქვს და დაიწყო ასეთი სისულელეების ლაპარაკი“, - აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში მისვლის შეფასებისას.

პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტის შემდეგ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს შთაბეჭდილება დარჩა, რომ გუშინ ღიად გამოცხადდა ნაციონალების მზადყოფნა  ხელისუფლებაში ბოლომდე დასარჩენად. ექსპერტის აზრით, სწორედ ეს იყო არსებითი მესიჯი, რაც სააკაშვილმა დასავლელ პარტნიორებსაც გაუგზავნა.

„ამისთვის მზადყოფნა პრეზიდენტს არც დაუმალავს, როდესაც განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ნაციონალური მოძრაობა დარჩეს ხელისუფლებაში. ამის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამით სააკაშვილმა გამოწვევა გაუგზავნა არა მხოლოდ ქართველ ამომრჩეველს, არამედ დასავლელ პარტნიორებსაც. სულ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ძალიან მკვეთრი განცხადება მოვისმინეთ, როდესაც მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფართო შემადგენლობასთან შეხვედრისას პირდაპირ განაცხადა ორი რამ: ერთი, რომ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უმთავრესი პირობაა არჩევნების სამართლიანად, დემოკრატიულად ჩატარება, რომ ქართველ ხალხს უნდა მიეცეს თავისი ნების ობიექტურად გამოვლენის საშუალება. მეორეც, მან პირდაპირ დაუკავშირა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება 2012-13 წლებში საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას“.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ითქვა ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა, რომ, ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის სამხედრო მისიებში მონაწილეობა, სამხედრო აღმშენებლობა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, არმიამ დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისი როლი და ადგილი იცოდეს. კერძოდ, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თეზა ასეთია, რომ არმია უნდა იყოს აპოლიტიკური და ეს, არა თეორიულად, არამედ საკუთარ თავზე უნდა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ, ჯარი (ზოგადად შეიარაღებული ძალები) არ უნდა ჩაერიოს არჩევნების პროცესში რომელიმე პოლიტიკური მხარის სასარგებლოდ.

„ამ ფონზე, როდესაც ნაციონალური მოძრაობა, მისი ლიდერის სახით, აცხადებს სრულ მზადყოფნას იმისთვის, რომ სრული რესურსით ჩაებას ხელისუფლებაში დასარჩენად, მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის, არამედ დასავლელი პარტნიორების მიმართაც, რაც სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებს ქვეყანას. სხვათაშორის, 2003 წელსაც კი, არჩევნების წინა პერიოდში, მსგავსი სიმკვეთრის განცხადება აშშ-ს საქართველოს მისამართით არ გაუკეთებია“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაძიზემ.

ორიგინალი

ახალი ამბები