დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლად შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი ვლადიმერ ბადაგაძე დაინიშნა.
„დღეს დაინიშნა გამგებლად. თუმცა, ამ დრომდე ვლადიმერ ბადაგაძის CV არ გვაქვს. ამ დღეებში მოიტანს“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ცარო საძაგლიშვილმა.
- CV თუ არ წარმოუდგენია, საკრებულომ როგორ განიხილა მისი კანდიდატურა?
- განვიხილეთ და დავამტკიცეთ. საბუთების საქმეს მერე მოაწესრიგებს“.
ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ ბადაგაძე 2007 წლამდე შიდა ქართლის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2007 წელს, უფროსთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ის გორში, თავდაცვის სამინისტროს კონტრდაზვერვის სამსახურში გადაიყვანეს. მოგვიანებით ბადაგაძე შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსად დაინიშნა, ხოლო შემდეგ ისევ თავდაცვის სამინისტროში მსახურობდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა ლაშა ჯანაშვილმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ თანამდებობა თავისი სურვილით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა.
ნატალია კოპაძე, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი