კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფიკო ნიკოლაშვილმა ადვოკატი მამუკა ნოზაძე აიცილა

2 მარტი, 2012
ნინო კორაშვილი , კახეთის საინფორმაციო ცენტრი
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ექსკლუზიური ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებულმა ჟურნალისტმა სოფიკო ნიკოლაშვილმა, მის ერთ-ერთ ადვოკატს, მამუკა ნოზაძეს აცილება მისცა და საქმეს ჩამოაშორა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბრალდებულის მეორე ადვოკატმა მაგული ღვალაძემ განუცხადა, სოფიკო ნიკოლაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სცნო.
„სოფიკო ნიკოლაშვილს ვიცავ დღემდე. ვერ გეტყვით მამუკა ნოზაძეს აცილება რატომ მისცა. ეს მისი გადასაწყვეტია. მასთან რამდენჯერმე გასაუბრების დროს მე დავრწმუნდი, რომ ამ დანაშაულს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. სოფიკო ნიკოლაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - განაცხადა მაგული ღვალაძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი მამუკა ნოზაძესთან დაკავშირებას არაერთხელ შეეცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. სატელეფონო ზარები ასევე უპასუხოდ დატოვა სოფიკო ნიკოლაშვილს მამამ დავით ნიკოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ „კახეთის ხმის“ ყოფილი ჟურნალისტი, 20 წლის სოფიკო ნიკოლაშვილი შს გურჯაანის სამმართველომ 31 იანვარს დააკავა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი 23 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში წაუყენა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სოფიკო ნიკოლაშვილს პატიმრობა შეუფარდა. ის რუსთავის კოლონიაშია მოთავსებული.

სოფიკო ნიკოლაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის დავით ნიკოლაშვილის შვილია, გიორგი სიბაშვილი კი შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ - გამომძიებელია. მისი მამა გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა, ბიძა გიორგი სიბაშვილი კი კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილეა.

გამოძიებისთვის, ადვოკატის გარეშე მიცემულ პირველ ჩვენებაში სოფიკო ნიკოლაშვილი აღნიშნავს, რომ მას გიორგი სიბაშვილი უყვარდა. მისივე თქმით, 2011 წლის 2 ნოემბერს, სიბაშვილმა ძალის გამოყენებით მასთან გაუკუღმართებული სექსუალური კავშირი დაამყარა. სოფიკო ჩვენებაში ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ, შურისძიების მიზნით, სიბაშვილის მოკვლა გადაწყვიტა, 31 იანვარს, მამას, დავით ნიკოლაშვილს, სეიფიდან იარაღი მოპარა და სიბაშვილის მოკვლა სცადა.

თავის მხრივ, დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ სოფიკო ნიკოლაშვილთან ინტიმური ურთიერთობა არ ჰქონია, სოფიკო მას ცოლად შერთვას სთხოვდა, რაზედაც უარი უთხრა. სიბაშვილი ირწმუნება, რომ მკვლელობის მცდელობის დროს სოფიკო ნიკოლაშვილს იარაღი წაართვა, რის შემდეგაც ის პოლიციაში წაიყვანა.

საქმეს გურჯაანის პოლიცია იძიებდა. მას შემდეგ, რაც სოფიკო ნიკოლაშვილის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ მთავარ პროკურატურას განცხადებით რამდენჯერმე მიმართა და დარღვევებზე რეაგირება მოითხოვა, საქმე გამოსაძიებლად კახეთის საოლქო პროკურატურას გადაეცა. მამუკა ნოზაძის მოთხოვნით, პროკურატურამ სოფიკო ნიკოლაშვილი 24 თებერვალს განმეორებით დაკითხა. ადვოკატის თქმით, სოფიკო ნიკოლაშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი სიბაშვილმა ის გააუპატიურა, რა დროსაც ფოტოები გადაუღო, შემდეგ მას აშანტაჟებდა, სექსუალური ურთიერთობის გაგრძელებას და მამამისის, დავით ნიკოლაშვილის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა; სახლიდან იარაღი გაატანინა, გაისროლა და შემდეგ დააკავა. ამასთან, ადვოკატი ნოზაძე ითხოვდა, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობრივი უფლებამოსილება შეჩერებოდათ მამა - შვილს, გიორგი და გოჩა სიბაშვილებს.

23 თებერვალს ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ სოფიკო ნიკოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების მიზნით, მან ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს, პარლამენტარებსა და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს საქმის მონიტორინგი და დარღვევებზე რეაგირება სთხოვა.

სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 9 მარტს, 13:00 საათზეა დანიშნული. საქმეს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი განიხილავს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სოფიკო ნიკოლაშვილს 7-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მას პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.

ახალი ამბები