კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ტუღუში: „საზოგადოების ნაწილში ტოლერანტობის პრინციპებზე მყარი კონსენსუსი, სამწუხაროდ, მიღწეული არ არის“

5 მარტი, 2012

თამთა ბელიაშვილი

 საქართველოს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში 29 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი საიტის -http://www.religiebi.info-ს პრეზენტაციას დაესწრო. მან ასევე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ახალ ცვლილებებს ეხებოდა. სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა რელიგიური უმცირესობების პრობლემები და საკანონმდებლო ცვლილებებს წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. Humanrights.ge სრული სახით გთავაზობთ სახალხო დამცველის გამოსვლას.

„მინდა, გამოვხატო ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება ახალი საიტის შექმნის მიმართ. ვფიქრობ, არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება ამ მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი და მხარდასაჭერია. ბევრი ორგანიზაცია, მათ შორის ადამიანის უფლებათა ცენტრი, ყოველთვის უთმობდა გარკვეულ ყურადღებას რელიგიურ გაერთიანებებს და რელიგიის თავისუფლებას. თუმცა, ცალკე ვებ-რესურსის შექმნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით არცთუ ისე ხშირად შუქდება ის თემები და პრობლემატიკა, რაც უმცირესობებს უკავშირდება. თუმცა, ეთნიკურ უმცირესობებზე კიდევ შეიძლება გარკვეული ინფორმაციის მოძიება, განსხვავებით - რელიგიურისგან. ნებისმიერ ვებ-გვერდს, მითუმეტეს - ახალს, დაჭირდება დრო, შეივსოს და მიაწოდოს მნახველს ის ინფორმაცია, რაც მას ესაჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ ვებ-გვერდი http://www.religiebi.info/  სულ რამდენიმე დღისაა, უკვე საკმაოდ დიდი ინფორმაციით არის დატვირთული. დარწმუნებული ვარ, religiebi.info-ს მჭიდრო თანამშრომლობა ექნება ჩვენს საიტთან - http://www.tolerantoba.ge/, რომელიც ეთნიკური უმცირესობების საკითხებს აშუქებს. ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია და ავღნიშნოთ ერთმანეთის ბმულები ჩვენს ვებ-გვერდებზე.

რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსს და მასში შეტანილ ცვლილებებს, რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაცია საყოველთაოდ დამკვიდრებული და ერთი შეხედვით, მარტივი პროცედურაა. თუმცა, მათი რეგისტრაციის საკითხი საქართველოში ხანგრძლივი და მწვავე დისკუსიის საგანი გახდა. გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თემის სენსიტიურობა. საკითხს სირთულეს მატებდა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო დონეზე არ არის ჩამოყალიბებული რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციისა და მათი სტატუსისადმი ერთიანი უნიფიცირებული მიდგომა. არსებობს მხოლოდ ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც 2004 წელს მოამზადა ეუთოს რელიგიურ და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხების საკონსულტაციო ექსპერტთა საბჭომ, ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით. აღნიშნული დოკუმენტი რეგისტრაციისთვის საჭირო ზოგად სტანდარტებს ადგენს, მაგრამ არ აყალიბებს კონკრეტულ მიმართულებებს. რაც შეეხება საქართველოს, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2005 წლამდე რელიგიურ გაერთიანებებს არ ჰქონდათ არანაირი რეგისტრაციის შესაძლებლობა. 2005 წელს სამოქალაქო კოდექსის 1506-ე მუხლში შევიდა ცვლილება, რომელმაც რელიგიურ გაერთიანებებს მისცათ ფონდის ან კავშირის სახით დარეგისტრირების უფლება. მოგვიანებით, რეგისტრაციის წესი გამარტივდა და სამოქალაქო კოდექსში კავშირის და ფონდის ნაცვლად, არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირის შესახებ გაჩნდა ჩანაწერი. თუმცა, არაერთი რელიგიური გაერთიანება - კათოლიკე, სომეხთა სამოციქულო, ლუთერანული, ბაპტისტური ეკლესიები, იუდაური და მუსლიმთა თემები, სხვადასხვა მიზეზის გამო, უარს აცხადებდნენ იურიდიული პირის სტატუსით სარგებლობაზე. ამდენად, საკითხი წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩებოდა.

ამ მიმართულებით პრობლემების მოგვარების აუცილებლობა მუდმივად ხაზგასმული იყო სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში. აუცილებელია, აღინიშნოს ისიც, რომ თუკი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს მხოლოდ რამდენიმე რელიგიური გაერთიანება მიიღებდა, სხვებს კი ამა თუ იმ კრიტერიუმებით ბარიერი შეექმნებოდათ აღნიშნული სტატუსით სარგებლობაზე, ეს გახდებოდა უთანხმოების წარმოშობის წინაპირობა. მეორეს მხრივ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით რეგისტრაცია სახელმწიფოს მხრიდან რელიგიურ გაერთიანებებზე კონტროლის დაწესების საფრთხესაც შეიცავდა, რაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონით არის გათვალისწინებული. ავღნიშნავ, რომ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოში ამ საკითხის შესახებ, განსაკუთრებით, 2010-2011 წლებში ექსპერტების მონაწილეობით არაერთი დისკუსია გაიმართა. საბჭოს სხდომებზე, აგრეთვე, მიწვეულნი იყვნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, რომელთაც უარი თქვეს ამ ფორმატით საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე. საბოლოოდ, რელიგიათა საბჭოს წევრმა რელიგიურმა გაერთიანებებმა შეიმუშავეს საერთო პოზიცია და ერთობლივი მიმართვა საქართველოს ხელისუფლებასა და დიპლომატიურ კორპუსს გაუგზავნეს.

მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის თანასწორ საფუძვლებზე შესაძლებელი უნდა ყოფილიყო რეგისტრაციის გავლა და მათთვის მისაღები სტატუსის მოპოვება. ამას არ უნდა გამოეწვია რელიგიური გაერთიანებების იერარქიზაცია და განსხვავებული უფლებებისა და პრივილეგიების მინიჭება. რეგისტრაციის რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონოდა რელიგიური გაერთიანებების კონტროლის შესაძლებლობა. 2011 წლის 5 ივლისს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, რომელიც რელიგიურ გაერთანებებს არჩევანის საშუალებას აძლევს - მათ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. ამავე დროს, კანონის ეს ნორმა არ უზღუდავს მათ შესაძლებლობას, რომ ისინი კვლავ დარეგისტრირდნენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებად, ან საერთოდ არ გაიარონ რეგისტრაცია და იარსებონ არარეგისტრირებული კავშირის სახით. ცვლილებების მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად შეუძლია დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური გაერთიანებები და ისეთი მიმდინარეობები, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად. აღნიშნული ორი კრიტერიუმი საქართველოში არსებული კონფესიების საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რელიგიური გაერთიანება ვერ დააკმაყოფილებს ამ ორიდან რომელიმე ერთ პირობას, არსებითად, ეს მას უთანასწორო სამართლებრივ მდგომარეობაში არ ჩააყენებს, რადგან რელიგიურ გაერთიანებებს ასევე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებად.

უნდა ითქვას, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებაზე არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი და იგი კერძო სამართლის იურიდიული პირის შესახებ არსებული რეგულაციების სივრცეში რჩება. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილება ასახავს და ეხმაურება სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს მიერ შემუშავებულ პოზიციებს და რეკომენდაციებს.

საჯარო სამართლის რელიგიური პირის სტატუსი უკვე 7-მა რელიგიურმა გაერთიანებამ მოიპოვა. ხოლო, რამდენიმე კონფესია, როგორც ვიცი, ამზადებს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას.

პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებას არაჯანსაღი რეაქციები მოჰყვა საზოგადოების არაერთი ჯგუფის მხრიდან. გამოვლინდა ქსენოფობიის, კონკრეტულად - არმენოფობიის შემთხვევები. ყოველივე ამან დაგვანახა, რომ რელიგიური უმრავლესობის, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ზოგადად, საზოგადოების ნაწილში ტოლერანტობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე მყარი კონსენსუსი, სამწუხაროდ, არ არის მიღწეული.

ამავდროულად, ხაზგასასმელია და მისასალმებელია ისიც, რომ შეუწყნარებლობის ესკალაციის შესაჩერებლად საპატრიარქოს სინოდის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, უაღრესად პოზიტიური როლი შეასრულა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს ნებისმიერი ადამიანისა და რელიგიური გაერთიანებების კანონის წინაშე თანასწორობას და რელიგიის თავისუფლებას.

საბოლოოდ, რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვანი წინსვლა იყო თანასწორუფლებიანობის მიღწევის გზაზე. ცვლილებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და აშშ-ს საელჩო. ხოლო, რომის პაპმა ეს პროცესი რელიგიის თავისუფლების სფეროში დამაიმედებელ ნიშნად მიიჩნია.

დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ამ ცვლილების გარდა, ბოლო პერიოდში, რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით კიდევ ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა 2010 წლის 30 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ სასულიერო პირებს, პატიმართა მოთხოვნილებების შესაბამისად, საშუალება მიეცათ, დაუბრკოლებლად შევიდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. ხოლო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად ცნო სამხედრო-სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში არსებული დისკრიმინაციული ნორმა, რომელიც რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, გამორიცხავდა ალტერნატიული არასამხედრო შრომითი სამსახურის გავლის შესაძლებლობას. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ, რომლის რეკომენდაციებისა და ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღწეულია ზემოხსენებული პროგრესი.

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს არ გვაძლევს უფლებას განვაცხადოთ, რომ რელიგიის თავისუფლების დაცვისა და ტოლერანტული გარემოს განვითარების თვალსაზრისით, გადაიჭრა რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული ყველა პრობლემა. ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც, როგორც სახელმწიფოს, ისე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. მე ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანმა უნდა გააგრძელოს ერთობლივად მუშაობა იმ საკითხების მოსაგვარებლად, რაც დღემდე რჩება დღის წესრიგში.

ძალიან მალე საჯარო გახდება სახალხო დამცველის 2011 წლის საპარლამენტო ანგარიში, რომელშიც საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიც არის უმცირესობათა უფლებები. მათ შორის, რა თქმა უნდა, ცალკე იქნება გამოყოფილი რელიგიურ უმცირესობათა უფლებების თავი, რომელშიც ჩვენ არა მარტო პოზიტიურ, წინგადადგმულ ნაბიჯებზე ვისაუბრებთ, არამედ პრობლემებზეც, რომლებიც 2011 წელს გამოიკვეთა; ასევე, ყურადღებას გავამახვილებთ იმ საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის საკითხებზე, რომლებიც სამომავლოდ, ჯერ კიდევ დგას დღის წესრიგში“.

ახალი ამბები