კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია და სემინარი რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე

5 მარტი, 2012

თამთა ბელიაშვილი

29 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრმა და „ოსლოს კოალიციამ რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ“ ახალი ვებგვერდის - religiebi.info-ს პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სემინარს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილებები რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ: მოლოდინები და შედეგები“. 

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რელიგიური უმცირესობებისა და ჯგუფების წარმომადგენლები, ასევე - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას ვრცელი სიტყვით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა და ოსლოს კოალიციის წარმომადგენელმა დაგ ნიგარდმა.

სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილება დარბაზში ყველამ მოიწონა. თუმცა, გამოითქვა აზრი, რომ დაჩქარებული წესით ამ კანონის მიღებამ გამოიწვია სხვადასხვა მედიასაშუალებებითა და ინტერნეტსივრცით ქსენოფობიური განცხადებების, წერილებისა თუ სტატიების გავრცელება. გამოჩნდა, რომ საზოგადოება არ იყო მზად ამ ცვლილებისთვის. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, უჩა ნანუაშვილის თქმით პრობლემა უფრო მეტად იყო საზოგადოების არაინფორმირებულობა: „პირადად მე შევხვდი ისეთ ადამიანებს, ვინც არ იცოდა, საერთოდ რა ცვლილებები შევიდა კოდექსში. საკითხის გაცნობის შემდეგ კი ხვდებოდნენ, რომ განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ცვლილება ძალიან კარგია, მაგრამ იგი არ არის საკმარისი. კიდევ ბევრია სამუშაო, რათა უმცირესობებმა არ ჩათვალონ თავი მეორეხარისხოვნად. გვინდა, სამომავლოდ უფრო მეტი მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია დაინტერესდეს ამ თემით და ვებრესურსიც, გარკვეულწილად, ამას ემსახურება“.

რეგისტრაციასთან დაკავშირებული თემა განავრცო „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წარმომადგენელმა, ნინო ღვედაშვილმა. მან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს მედიასთან ურთიერთობისას გახსნილობისკენ მოუწოდა, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი კითხვით მიმართა: რა შეღავათები ვრცელდება სტატუსის მიღების შემდეგ რელიგიურ უმცირესობებზე და ხომ არ არის ეს მხოლოდ ფორმალური ცვლილება, უმცირესობების რეალური უფლებების გარეშე?

რელიგიის საკითხებში ექსერტმა, ისტორიკოსმა ნუგზარ პაპუაშვილმა „მართლმადიდებლური ნაციონალიზმის“ პრობლემაზე ისაუბრა: „წლების განმავლობაში ხდება მოსახლეობის იდეოლოგიზაცია მართლმადიდებლური ნაციონალიზმის ნიშნით. ეს იდეოლოგია თითქმის სახელმწიფოს დონეზეა, რაზეც მიგვანიშნებს, ჯერ ერთი, კონსტიტუციის ის მუხლი, რომელშიც აღნიშნულია მართლმადიდებელი ეკლესიის დამსახურება საქართველოს ისტორიაში და მეორე - საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელიც, ფაქტობრივად, თვითონ კონსტიტუციაა. ამ შეთანხმების პრეამბულა პირდაპირ აკანონებს სახელმწიფოს იდეოლოგიად ქართულ მართლმადიდებლურ ნაციონალიზმს. ეს იდეოლოგია თანდათან მყარდება საზოგადოების ცნობიერებაში, რაც ბუნებრივად იწვევს იმ რეაქციებს, რაზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ. ასეთი იდეოლოგიის პირობებში, რელიგიური კუთხით მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობაზე საუბარი, ფაქტობრივად, შეუძლებელია“.

ნუგზარ პაპუაშვილმა წამოჭრა კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვადასხვა რელიგიური სასულიერო პირების შესვლასა და რიტუალების შესრულებას. მისი თქმით, საპატიმროებში შესვლის უპირატესი უფლებით მართლმადიდებლური ეკლესია სარგებლობს, სხვა კონფესიების წარმომადგენლებს კი წინ გარკვეული ბარიერები ხვდებათ და მხოლოდ საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ შეუძლიათ შეასრულონ ესა თუ ის რელიგიური საქმიანობა.

ციხეებში სხვადასხვა უმცირესობების სასულიერო პირების შესვლასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ თუ ადრე ამისთვის  საპატრიარქოს თანხმობა იყო საჭირო, ახლა, ეს საჭირო აღარ არის. თუმცა, ოფიციალური დოკუმენტაციის წარდგენა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, კვლავ აუცილებელია. 

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ბაია პატარაიამ ისაუბრა კონკორდატის შესახებ და განმარტა, თუ რატომ დაიდო საკონსტიტუციო ხელშეკრულება მაინც და მაინც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და არა სხვა კონფესიასთან. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა ისტორიულ წარსულს, რაც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, აკავშირებდა ამ რელიგიასთან.  „კონსტიტუციაში, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ მიიღო, მკაფიოდ ჩაიწერა, რომ სახელმწიფო რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას აღიარებს და ამავდროულად, აღნიშნავს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან“, - აღნიშნა ბაია პატარაიამ.

უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, მალხაზ ნარინდოშვილმა აღნიშნა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით სარგებლობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო თვითონ რელიგიური უმცირესობებისთვის. მისი თქმით, კანონში შეტანილი ცვლილების მთავარი მესიჯი იყო პოლიტიკური ხასიათის - სახელმწიფოს აღიარა, რომ ზრუნავს რელიგიურ უმცირესობებზე, მათი პრობლემების მოგვარებაზე და თანასწორუფლებიანობის მიღწევაზე.

შეხვედრის დასასრულს, უჩა ნანუაშვილმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს და აღნიშნა რელიგიური უმცირესობების თემატიკის განხილვის დიდი მნიშვნელობა. მან იმედი გამოთქვა, რომ http://www.religiebi.info-ს/ დახმარებით საზოგადოება უფრო ინფორმირებული იქნება უმცირესობების პრობლემებზე.

ახალი ამბები