კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცენზურა ტელევიზიებში - არსად არ ახსენეს, რომ უბედური შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა

9 მარტი, 2012

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

6 მარტს თელავის რაიონის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლის ეზოში, სკოლის ყოფილი საქვაბის შენობის ჩამონგრევის შედეგად, მე-8 კლასის მოსწავლე, 14 წლის ბადრი ყველაიძე დაიღუპა, მე-10 კლასელი 15 წლის გიორგი თანდილაშვილი კი მძიმედ დაშავდა. ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“-მა, „იმედმა“ და „პირველმა არხმა“ მომხდარის გაშუქების დროს არსად არ ახსენეს, რომ უბედური შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა.

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა“-ში, სიუჟეტი ტიტრებით „კახეთში შენობა ჩამოინგრა“ 20:55 საათზე გავიდა. „უბედური შემთხვევა თელავის რაიონში. სოფელ რუისპირში მიტოვებული შენობის ნგრევას 14 წლის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა. მასთან ერთად შენობაში კიდევ 16 წლის მოზარდი იმყოფებოდა, რომელმაც სხეულის მცირე დაზიანებები მიიღო. შენობა ამორტიზირებული იყო“, - განაცხადა „ქრონიკის წამყვანმა“ ირინა ხიზანიშვილმა.

სიუჟეტის ავტორი სოფიო მაქაცარია აღნიშნავს: „უბედური შემთხვევა კახეთში დღეს მსხვერპლით დასრულდა. თელავის რაიონში მიტოვებული შენობა ჩამოინგრა, რასაც ერთი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, თუ რა გახდა სოფელ რუისპირში მიტოვებული შენობის ჩამონგრევის მიზეზი... ნაგებობა ამორტიზირებული იყო. უბედური შემთხვევის დროს შენობაში ორი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური სპეციალურ რეჟიმში მუშაობდა, 14 წლის ბადრი ყველაიძის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა“.

უბედური შემთხვევა „პირველმა არხმა“ საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ 20:06 საათზე გააშუქა. სიუჯეტი გავიდა ტიტრით: „ტრაგიკული შემთხვევა“. „უბედური შემთხვევა თელავის რაიონში. სოფელ რუისპირში მიტოვებული ამორტიზირებული შენობის ჩამონგრევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. ნანგრევებში ორი მოზარდი მერვეკლასელი - ბადრი ყველაიძე და მეათეკლასელი გიორგი თანდილაშვილი მოყვნენ. ყველაიძის გადარჩენა ვერ მოხერხდა,  გარდაცვლილის მეგობარს კი ფეხი აქვს მოტეხილი. დაშავებული მოზარდი თელავის საავადმყოფოდან თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს. გიორგი თანდილაშვილის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. რა ვითარებაში ჩამოინგრა მიტოვებული შენობა, მიზეზებს გამოძიება დაადგენს“, - აცხადებს „მოამბის“ წამყვანი.

სიუჟეტის ავტორი: „ნგრევის ხმა სოფელ რუისპირში დღის პირველის ნახევარზე გაისმა. მიტოვებული ამორტიზებული შენობა მაშინ ჩამოიშალა, როცა იქ ორი მოზარდი იმყოფებოდა. მერვეკლასელი ბადრი ყველაიძე და მეათეკლასელი გიორგი თანდილაშვილი ნანგრევებში მოყვნენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ბავშვების ნანგრევებიდან ამოყვანა მალევე შეძლეს, თუმცა ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბადრი ყველაიძე ადგილზევე გარდაიცვალა... მოზარდები დღეს მხოლოდ ორ გაკვეთილს დაესწრნენ, შემდეგ კი სკოლის შენობა დატოვეს. სად წავიდნენ მოსწავლეები, ამის შესახებ პედაგოგებმა არაფერი იცოდნენ. მათ ნგრევის ხმა მაშინ გაიგეს, როცა მე-4 გაკვეთილი სრულდებოდა. ნანგრევებიდან ამოყვანილი 15 წლის გიორგი თადილაშვილი მრავლობითი დაზიანებებით ჯერ თელავის საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი კატასტროფის ბრიგადამ ის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. მოზარდს ბარძაყის ძვალი აქვს მოტეხილი და ხერხემალი დაზიანებული. მაშველებმა დღის ბოლოსთვის რუისპირში ამორტიზებული შენობის დემონტაჟი დაასრულეს. რა ვითარებაში ჩამოინგრა მიტოვებული შენობა, ამას გამოძიება დაადგენს“.

„რუსთავის 2“-მა საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ რუისპირის სკოლაში მომხდარი უბედური შემთხვევა 21:34 საათზე გააშუქა. სიუჟეტი ეთერში გავიდა შემდეგი ტიტრით: „უბედური შემთხვევა რუისპირში - კახეთში გაუქმებული საქვაბის ჩამონგრევის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა“. გადაცემის წამყვანი აღნიშნავს: „ერთი ბავშვი დაიღუპა კახეთში გაუქმებული საქვაბის ჩამონგრევის შედეგად. მეორე მოზარდის მდგომარეობას კი ექიმები ამ დრომდე იკვლევენ. უბედური შემთხვევა სოფელ რუისპირში დღეს მოხდა. შემთხვევის ადგილი უკვე შეისწავლეს სამართალდამცველებმა. წინასწარი მოკვლევით ნგრევა ნაგებობის სიძველემ გამოიწვია... სამაშველო სამუშაოები თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ამ დროისთვის დასრულებულია. მაშველებმა ტერიტორია ნანგრევებისგან გაასუფთავეს. სოფლის საქვაბის გაუქმებული შენობა დღეს 13:00 საათისთვის ჩამოინგრა“.

სინამდვილეში, უბედური შემთხვევა რომ რუისპირის სკოლის ტერიტორიაზე მოხდა, სიუჟეტებში არსად არ აღნიშნეს. სკოლის ყოფილი საქვაბის შენობა კი, რომელიც სკოლის შენობიდან დაახლოებით 40 მეტრით არის დაშორებული, სოფელ რუისპირში მდებარე მიტოვებულ შენობად და სოფლის საქვაბის გაუქმებულ შენობად მოიხსენიეს.

თამარ მოსიაშვილი, ექსპერტი განათლების საკითხებში: „უსაფრთხო სკოლის კონცეფცია აუცილებლად უნდა გულისხმობდეს მოსწავლეებისა და პერსონალის უსაფრთხოებას ფართო გაგებით. ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების, მასწავლებლების ფიზიკური უსაფრთხოება, რომელიც გარკვეულწილად უკავშირდება სკოლის არქიტექტურას, ჯანსაღ კვებას, ინვენტარს, უცხო პირების სასკოლო ტერიტორიაზე შეშვებას. სამწუხაროდ, რაც რუისპირში მოხდა, ასეთი ტიპის შენობები პირადად მე ძალიან ბევრ სკოლაში მინახავს. სკოლის ტერიტორიაზე დგას ე.წ. საქვაბეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით არის შემორჩენილი. სასურველია, თუ სახელმწიფო დროულად მოაგვარებს ამ პრობლემას.

- ქალბატონო თამარ, როგორ ფიქრობთ, მომხდარზე ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

- არ ვიცი, რამდენად აქვს სკოლას უფლება, რომ დამოუკიდებლად მოახდინოს ასეთი ტიპის საქვაბეების დემონტაჟი, რომელიც მათ ქონებად ეთვლებათ. მე ვფიქრობ, რომ  მათ არა აქვთ ამის უფლება და ამიტომ იკავებენ თავს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრესაში იყო გაჟღერებული. თავად ამ დირექტორსაც მიუმართავს არაერთხელ, რომ ამ შენობის დემონტაჟის ნებართვა მიეცათ. ყველაზე მთავარი, ახლა, ამ საშინელი ფაქტის შემდეგ, მაინც ის მგონია, რომ მთელი საზოგადოება, სახელმწიფო და ა. შ. ყველა მიხვდეს, რომ ფიზიკური უსაფრთხოება ყურადსაღებია და უნდა მოხდეს ისეთი შენობების დემონტაჟი, რომელიც საფრთხეს ქმნის. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ის, რომ დროულად მომხდარიყო სკოლებში ასეთი ავარიული შენობების დემონტაჟი.

- სამივე საერთო ეროვნულმა ტელეკომპანიამ დამალა, რომ უბედური შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე, სკოლის ყოფილი საქვაბის ჩამონგრევის შედეგად მოხდა. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- არასწორი ინფორმაციის გავრცელება დღეს, როდესაც სოციალური მედია ასეა გააქტიურებული, ხშირ შემთხვევაში სასაცილოა ხოლმე ჩემთვის. სრულიად მიუღებლად მიმაჩნია არასწორი ინფორმაციის გავრცელება. რატომ გააკეთეს, არვიცი. ეს ფაქტი დამალვას არ ექვემდებარება. მოზარდი გარდაიცვალა და ხალხი არის შოკში. ლოგიკას არ ექვემდებარება ჩემთვის ასეთი ტიპის სიუჟეტები“.

ია ანთაძე, ჟურნალისტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი: „იმის მიუხედავად, რომ ეს არის უბედური შემთხვევა, ალბათ, დადგება იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც უნდა ეფიქრათ, რომ იქ შეიძლებოდა, ბავშვი მოხვედრილიყო.

- არც ერთმა საერთო ეროვნულმა ტელეკომპანიამ არ ახსენა, რომ უბედური შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა, ამას როგორ ახსნით?

- ეს შეიძლება იყო უბრალოდ არაპროფესიონალიზმის გამო. მეორეს მხრივ, იცით თქვენ, რომ განათლების სამინისტრო ნერგავს ახლა უსაფრთხო სკოლის პროგრამას და შუშის პოლიციის შენობისა არ იყოს, მთელი აქცენტი იმაზეა გადატანილი, რომ სკოლა არის უსაფრთხო და უცებ აღმოჩნდა, რომ სკოლა სულაც არ ყოფილა უსაფრთხო. შესაძლებელია ასეთი აქცენტიც ყოფილიყო, ვთქვათ, პოლიტიკური ნიშნით. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ტელეკომპანია „მაესტროში“, სადაც სულაც არ ცდილობენ ვინმეს ხელი დააფარონ, იქაც კი იყო ინფორმაცია, რომ ეს შენობა სკოლასთან არაფერ კავშირში არ არის, შეიძლება, ტელევიზიებშიც, ვთქვათ, არ იცოდნენ, ეს შენობა იყო თუ არა სკოლის ბალანსზე. თუ შენობა სკოლას ეკუთვნოდა, ამ შემთხვევაში უფრო რთულდება საქმე, რადგან პასუხისმგებლობის საკითხმა შესაძლოა, უფრო ზევით გადაინაცვლოს და არა, ვთქვათ, სკოლის დირექტორის დონეზე. ყველა შემთხვევაში ძალიან ცუდი ამბავია. მაშინ, როცა უსაფრთხო სკოლის პროგრამის ირგვლივ ასეთი აჟიოტაჟია ატეხილი, აღმოჩნდა რომ სინამდვილეში, თუნდაც ერთი კონკრეტული ბავშვის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ ის ადამიანები, ვისაც ეს ეხება, რომ მოაგვარონ ყველა საკითხი, რაც კი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს“.

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი, ექსპერტი მედიის საკითხებში: „როდესაც საქმე ეხება სასწავლო დაწესებულებას, იქ აუცილებლად სკოლის დირექტორს კითხვა უნდა დაუსვან და სკოლის დირექტორმა პასუხი უნდა გასცეს, რატომ იყო ამორტიზებული შენობა მის ტერიტორიაზე. განათლების სამინისტრომ აუცილებლად უნდა იცოდეს, რა ტიპის ქონებას ფლობენ სკოლები, რა შენობები არის იქ ავარიული და რა ხიფათი შეიძლება შეექმნას მოსწავლეს გადაადგილებისას. დღეს ისეთი წარმოდგენა აქვს განათლების სამინიტროს, რომ სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია ყველა მოსწავლის გადაადგილება აკონტროლოს სკოლაში. ასე, უბრალოდ არ ხდება. ბუნებრივია ბავშვი წავიდა, მივიდა შენობაში, რომელიც ამ სკოლის ტერიტორიაზეა, იმას სკოლის ტერიტორია არ დაუტოვებია ხომ? და მოხდა ასეთი უბედური შემთხვევა, იმიტომ, რომ ეს შენობა იყო ამორტიზებული. შეიძლებოდა შენობა ჩამონგრეულიყო ისე, რომ  შიგნით არავინ არ ყოფილიყო, მაგრამ საბედისწერო შემთხვევა იყო და მოკვდა ბავშვი. ბუნებრივია პასუხისმგებლობა აქ უნდა აიღოს განათლების სამინისტრომ და უნდა გადანაწილდეს ყველაზე. ერთის მხრივ დირექტორმა, რომელმაც დროულად უნდა გააფრთხილოს სამინისტრო და სამინისტრომ დროულად უნდა მიიღოს ზომები, რომ ამან არ გამოიწვიოს მომავალში ცალკეული მოსწავლეების, გნებავთ, პედაგოგების სხეულის დაზიანება ან მეტიც, სიკვდილიანობა. ტელეკომპანიებმა დამალეს ზუსტად იმიტომ, რომ მათ არ ეჩვენებინათ რეალური ბრალეულობა. სხვა ფორმის დანაშაული შეიძლება არ გამოიკვეთოს, გარდა დაუდევარი დამოკიდებულებისა ან არასწორი მართვისა, მაგრამ ფაქტია, რომ ამან გამოიღო სავალალო შედეგი, დაიღუპა ბავშვი. ამიტომაც მგონია, რომ სწორედაც საერთო ეროვნული არხები აუცილებლად დამალავდნენ, ამ შემთხვევაში განათლების სამინისტროს ამ ფორმის ბრალეულობას“.

ახალი ამბები