05:22, Thursday, 02.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კონტროლი ქუთაისელ მეტალურგებზე

12.03.2012

ანა ჭეიშვილი, ქუთაისი,ნეტგაზეთი

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა „ჰერკულესში“, რომლის მუშებიც გასული წლის სექტემბერში შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ, პროკურატურის თანამშრომლები პერიოდულად შედიან და მუშების დაკითხვას აწარმოებენ. ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ საქართველოს მეტალურგთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ მიაწოდა.

„კითხვები, ძირითადად, ასეთია: რა შეიცვალა გაფიცვის შემდეგ, კმაყოფილნი არიან თუ არა მუშები სამუშაო პირობებით, აგრძელებენ თუ არა პროფკავშირის წევრობას და ა.შ. მოკლედ, ერთგვარი კონტროლი აქვთ დაწესებული“, - აცხადებს დოლაბერიძე.

„იანვრის თვეში პროკურატორის თანამშრომლები საწარმოში 5 დღის განმავლობაში კითხავდნენ მათ, კერძოდ კი, ეკითხებოდნენ: მონაწილეობდნენ თუ არა ისინი გაფიცვაში, თანამშრომლობენ თუ არა დღეს პროფკავშირებთან და ა.შ.“ - ამბობს მალხაზ გოგიავა, რომელიც ქუთაისის მეტალურგიული ქარხნიდან სექტემბრის გაფიცვების შემდეგ დაითხოვეს.

„ქარხანაში მიმდინარეობდა გამოძიება და შესაძლოა, ამის ფარგლებში მართლაც იყო შესული პროკურატურა და აწარმოებდა დაკითხვებს. სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, რა უნდა პროკურატურას ქარხანაში?! პროკურატურა არ ერევა მსგავს ფაქტებში“, - აცხადებს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა იოსავა „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

ინფორმაციის გადამოწმებისა და ქარხნის მუშებთან გასაუბრების მიზნით „ნეტგაზეთი“ შეეცადა „ჰერკულესში“ შესვლას, თუმცა ქარხნის ერთ-ერთმა დირექტორმა რომან ლებანიძემ ქარხნის მფლობელის, კომპანია „ევრაზიანსთილსის“ ოფისში გადაგვამისამართა.

„სამთავრობო არხები - „პირველი არხი“, „იმედი“, „რუსთავი“, ან ნებისმიერი სხვაც კი, არავინ შემოდის ჩვენს ტერიტორიაზე, თუ არ თანხმდება ეს შემოსვლა და შემოსვლის მისია დამფუძნებლებთან, სათაო ოფისში“, - გვითხრა ლებანიძემ.

ქარხნის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვის მისაღებად „ნეტგაზეთი“ შპს „ევრაზიანსთილსის“ მენეჯერს, ირა გელაშვილს დაუკავშირდა, თუმცა - უშედეგოდ.

„ნეტგაზეთი“ ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთ მუშას ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. იგი ამბობს, რომ სექტემბრის გაფიცვების შემდეგ დირექციამ საწარმოში ყველა დააბრუნა, იმ სამი მუშის გარდა, რომლებიც პროფკავშირის წევრები და გაფიცვების დროს ყველაზე აქტიურები იყვნენ: „ჩვენ კი დაგვაწერინეს ხელწერილი, რომ პროფკავშირებთან აღარ ვითანამშრომლებდით და შიდა საქმეებში არავის ჩავრევდით“.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, გოჩა ალექსანდრიას თქმით, გაფიცვის დროს გაწევრიანებული 140 კაციდან, დღემდე არც ერთს არ მიუმართავს პროფკავშირისთვის ორგანიზაციის წევრობის დატოვების მოთხოვნით. „შესაბამისად, ისინი რჩებიან ჩვენი ორგანიზაციის წევრებად. ის ხელწერილი, რაც მუშებს დააწერინეს, უბრალოდ, იურიდიული ნონსენსია“, - ამბობს გოჩა ალექსანდრია.

„მუშები მალავენ პროფკავშირის წევრობას, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მათ სამუშაო ადგილს“, - აცხადებს მეტალურგთა პროფკავშირის თავმჯდომარე.

„ჰერკულესის“ ერთ-ერთი დირექტორი რომან ლებანიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მათ საწარმოში პროფკავშირების საქმიანობის აუცილებლობა არ არის: „პროფკავშირული საქმიანობა საერთოდ არ იყო საჭირო ჩვენს საწარმოში, რადგან პოლიტიკურად ანგაჟირებული საწარმო გახდა. არ ითხოვდა, არანაირი აუცილებლობით არ იყო ნაკარნახევი ის, რაც ჩვენს საწარმოში მოხდა“.

ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა “ჰერკულესის” თანამშრომლებმა შრომითი პირობების გაუმჯობესება ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში მოითხოვეს და ამ მიზნით ქარხანაში პროფკავშირი დააარსეს, რის შემდეგაც ქარხნიდან რამდენიმე მუშა დაითხოვეს.

გათავისუფლებული მეტალურგებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გასული წლის 13 სექტემბერს “ჰერკულესის” თანამშრომლები გაიფიცნენ. 15 სექტემბერს, საღამოს საათებში, გაფიცულების აქცია პოლიციამ დაშალა და მათი ნაწილი დააკავა, თუმცა რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც დაკავებულებს ხელწერილები დააწერინეს, პოლიციამ ისინი გაათავისუფლა. 18 სექტემბერს პოლიციამ „ჰერკულესის“ თანამშრომელთა გაფიცვის მონაწილე სამი მეტალურგი: ირაკლი იობიძე, ემილო გუმბერიძე, მალხაზ გოგიავა დააკავა,  სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩიელბლობის ბრალდებით. დაკავებულებს 10-10– დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

მალხაზ გოგიავა, ემელიანე გუმბერიძე და ირაკლი იობიძე საწარმოში დღემდე არ აღუდგენიათ. „ჩვენ რამდენჯერმე მივედით ქარხანაში და შევხვდით საწარმოს დირექტორს. მან გვითხრა, რომ შინაგანაწესი დავარღვიეთ და ამიტომ ვართ დათხოვილები სამსახურიდან, თუმცა ჩვენ ასეთი ბრძანება ხელთ ჯერ არ გვაქვს. ასევე, გვითხრეს რომ თუ პროფკავშირის წევრობას დავთმობდით, მაშინ აღგვადგენდნენ საწარმოში“, - აცხადებს ემელიანე გუმბერიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

„საწარმოდან გათავისუფლების ოფიციალური ბრძანება არც მე მიმიღია. ნოემბერსა თუ დეკემბერში ვიყავით მისულები ქარხანაში, სადაც რომან ლებანიძემ გვითხრა, დაწერეთ განცხადებები აღდგენის თაობაზეო. ჩვენც დავწერეთ, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია“, - ამბობს მალხაზ გოგიავა.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მეტალურგებს გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს შეგნებულად არ აძლევენ. „ეს იმიტომ ხდება, რომ მუშებს არ ჰქონდეთ საშუალება სასამართლოში სარჩელის შეტანის“, – აცხადებს თამაზ დოლაბერიძე.

შრომის კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით, გაფიცვა არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.

ქარხნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მეტალურგების შრომითი პირობები გაუმჯობესებულია, თუმცა ამას პროფკავშირებისა და მუშების გაფიცვის შედეგად არ თვლიან. „ნებისმიერ საწარმოში რაღაცა არის, რაღაცა უნდა გაკეთდეს დღეს, რაღაცა - ხვალ, რაღაცა - ზეგ. თუ ის დღეს არ იყო, არ შეიძლება ეს ვიღაცას ძალით და ყიჟინით გააკეთებინო. ეს პროგრამაში ისედაც იდო, რაც პერმანენტულად განვითარდა, გაკეთდა და დღეს თქვენ უნდა კითხოთ იმათ, ვისაც პრეტენზია ჰქონდა, რომ რაღაც ჩვენ არ მოგვწონს, ან არ გვაჭმევენ, ან არ გვახურავენ... ვისაც მუშაობა უნდა, მობრუნებულია, ყველა მუშაობს ჩვენს ქარხანაში“, - ამბობს რომან ლებანიძე.

„იმ პრობლემებიდან, რაც მაშინ დღის წესრიგში იდგა, ნაწილი მოგვარდა, მუშებს ტრანსპორტი ემსახურება, გაიხსნა სასადილო, რომელიც ისევ დაიხურა, რადგან საკვების მაღალი ფასის გამო იქ ქართული კონტიგენტი ვერ შედიოდა“, - ამბობს მალხაზ გოგიავა.

გაფიცვების შემდეგ ქარხნის ადმინისტრაციამ საწარმოში ექიმის კაბინეტი გახსნა; დღის წესრიგიდან ასევე მოიხსნა უსაფრთხოების დაცვის მიზნით საჭირო ტანსაცმლის საკითხიც. ამის მიუხედევად, მუშების თქმით, პრობლემად კვლავ რჩება  არასაკმარისი საშხაპე და კვამლის გამწოვების სიმცირე.

დღეისათვის ქარხანაში  540 ქართველი და ინდოელი მუშაა დასაქმებული. „ჰერკულესი“ ქართულ-ინდური კომპანია შპს „ევრაზიანსთილის“ საკუთრებაა.

ნეტგაზეთის ფოტო გადაღებულია სექტმბერის გაფიცვის დროს,
მარცხნივ მალხაზ გოგიავა

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC