კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2012 წლის 12 მარტი კონტროლის პალატამ ტოტალური დაჯარიმების დღედ გამოაცხადა!

13 მარტი, 2012

თამარ ლეფსვერიძე, გურია ნიუსი

„ნათია მოგელაძის სამსახურს არ სცალია!“ „დახურული თათბირები ტარდება!“ „თანამშრომლების ნახვას ვერც კი ვახერხებ!“ - ეს ის პასუხებია, რასაც დაახლოებით ერთი თვის მანძილზე იღებს „გურია ნიუსი“ კონტროლის პალატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ფატი მამიაშვილისგან.

ჩვენი არა ერთი მცდელობის მიუხედავად, კონტროლის პალატისგან ვერც ერთ კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. სამაგიეროდ, ყველა ჯერზე, ჩვენი კითხვების ნაცვლად გვთავაზობენ, ვეწვიოთ კონტროლის პალატის ვებგვერდს და გავეცნოთ ინფორმაციას ან „ქართული ოცნების“ ან „ქართუ ბანკის“ დაჯარიმების შესახებ.

როდის დასრულდება კონტროლის პალატის დახურული თათბირები და როდის შეძლებს ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას ნათია მოგელაძის უწყება - კონტროლის პალატის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს არც ამ კითხვაზე აქვს პასუხი: „შედით ჩვენს საიტზე და იქ ძალიან საინტერესო ინფორმაციას ნახავთ - „ქართუ ბანკის“ დაჯარიმების შესახებ“, - ასე დაგვაკვალიანა ფატი მამიაშვილმა, რომელსაც გურიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ვთხოვეთ კომენტარის გაკეთება. კერძოდ იმაზე, თუ სად უნდა მისულიყვნენ ის ფიზიკური პირები, რომლებმაც კონტროლის პალატისგან არარეგისტრირებული და უმისამართო წერილები მიიღეს.

უმისამართო და არარეგისტრირებული უწყება კონტროლის პალატისგან ზაალ მამალაძემაც მიიღო ჩოხატაურში. უწყების თანახმად, იგი მომდევნო დღეს წერეთლის ქუჩა #2-ში, პირველ სართულზეა დაბარებული, თუმცა, მითითებული არ არის - რომელ ქალაქში.

უწყება დევს კონვერტში, რომელსაც არ აწერია კონტროლის პალატის მისამართი, ხოლო თავად უწყება არ არის დაბეჭდილი კონტროლის პალატის ბლანკზე, არ არის მითითებული რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციაში გატარების თარიღი. უწყებას ხელს აწერს საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ამირანაშვილი.

ტექსტი, რომლითაც კონტროლის პალატა კონკრეტულ ფიზიკურ პირს იბარებს, თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს პროკურატურის უწყებას და ასე გამოიყურება: „საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად. ასევე, დამატებით გაცნობებთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 252-ე მუხლის საფუძველზე, გაქვთ უფლება, გაეცნოთ საქმის მასალებს, მისცეთ ახსნა-განმარტება, წარადგინოთ მტკიცებულებანი, განაცხადოთ შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოთ ადვოკატის იურიდიული დახმარებით. ისარგებლოთ თარჯიმნის მომსახურეობით, გაასაჩივროთ საქმის გამო მიღებული დადგენილება. საქართველოს კონტროლის პალატისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება კანონით. ახსნა-განმარტების მისაცემად უნდა მობრძანდეთ 2012 წლის 12 მარტს 12 საათზე მისამართზე: წერეთლის ქუჩა 2. 1-ელი სართული“.

ზაალ მამალაძის მსგავსად, ასეთი შინაარსის უწყება, მარტო ჩოხატაურში 50-მდე ადამიანმა, დასავლეთ საქართველოში კი დაახლოებით 100-მდე სუბიექტმა მიიღო.

ზაალ მამალაძე პროფესიით ექიმი-სტომატოლოგია და მას რაიმე პოლიტიკურ აქტივობებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. მაგრამ, არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც მის პერსონას უკავშირდება - ზაალ მამალაძე გახლავთ „გურია ნიუსის“ დამფუძნებლის, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარის, კომპანია „ეს შენ გეხება“-ს ერთ-ერთი ორგანიზატორისა და აქტივისტის, ია მამალაძის ძმა.

ასეთი გახლავთ ჩვენი პასუხი კონტროლის პალატის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ფატი მამიაშვილის კითხვაზე: თუ პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის, რატომ დაიბარესო?

ყველაზე პრობლემატური 26-ე პრიმა მუხლი დღეს მთელი დატვირთვით შევიდა ძალაში. შეგახსენებთ, რომ ამ მუხლის თანახმად, რა შეზღუდვებიც უწესდება პარტიას, იგივე შეზღუდვები მოქმედებს სხვა სუბიექტებზეც. ეს სუბიექტები არიან იურიდიული პირები, რომლებიც დაკავშირებულები არიან პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ.

კანონი იგივეს ამბობს ფიზიკურ პირზე, რომ ისიც ისევე იზღუდება როგორც პარტია და განსაზღვრავს, ვინ იზღუდება: 1) ეს არის ის, ვინც უშუალოდ განაცხადებს პარტიული ან საარჩევნო ამოცანების შესახებ. 2) ის, ვინც ამ განმცხადებელთან რაიმე ფორმით არის დაკავშირებული და ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, ნათესავი, მეგობარი, მეზობელი... 3) ის, ვინც საქმიან ურთიერთობაში იმყოფება მასთან.

კონტროლის პალატა რიგითი მოქალაქეებისა და მედიის მიზანმიმართულ კონტროლს რომ დაიწყებდა, ამის შესახებ "გურია ნიუსთან" რამდენიმე ხნით ადრე ექსპერტებიც საუბრობდნენ.

ლევან იზორია, იურისტი. პროფესორი: „ყველაფერი, მათ შორის - მედიის საქმიანობაც, პირდაპირ თუ ირიბად, დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან - პოლიტიკური პროცესების გაშუქებასთან, პოლიტიკურ სუბიექტებთან შეხვედრებთან, მათთან დისკუსიის გამართვასთან და ა. შ. რა იგულისხმება ტერმინში - „სხვა პოლიტიკური ამოცანები“, ეს არავინ უწყის, გარდა კონტროლის პალატისა. ამ უკანასკნელმა კი შეიძლება დღეს თვითნებურად გადაწყვიტოს, რომ ვთქვათ „გურია ნიუსმა“ რადგან საჯაროდ გამოაცხადა, რომ მიზანი აქვს, გამჭვირვალე გახადოს პოლიტიკური პროცესი, ეს ჩაგითვალოთ პოლიტიკურ მიზანში და ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის მიერ გადახდილი სარეკლამო მომსახურების თანხა საბაბად მიიჩნიოს თქვენი ხარჯვითი ნაწილის კონტროლისთვის.

ნამდვილად ტოტალური კონტროლის მექანიზმთან გვაქვს საქმე და გამოვყოფ მეორე უმთავრეს პრობლემასაც _ ეს გახლავთ კონტროლის პალატა და მისთვის მინიჭებული უფლებები. როდესაც კანონმდებელი კონკრეტულად არ განსაზღვრავს, ვინ არიან ის სუბიექტები, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კონტროლის პალატას თვითნებური გადაწყვეტილებების უფლებას აძლევს.

კონტროლის პალატა, კონსტიტუციურად უფლებამოსილი არ არის გააკონტროლოს პარტიის ფინანსები და მით უფრო არ არის უფლებამოსილი, გააკონტროლოს ფიზიკური პირების ანგარიშები - ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მას მხოლოდ სახელმწიფო ხარჯების კონტროლის უფლება აქვს“.

კონტროლის პალატის მიერ გამგეობის შენობებში დაბარებული მოქალაქეები ისე ტოვებენ იქაურობას, რომ კომენტარს არ აკეთებენ. მათი განცხადებით, ასეთი მითითება მათ კონტროლის პალატისგან აქვთ.

როგორც ჩანს, საქმე ნამდვილად გვაქვს ტოტალური კონტროლის მექანიზმთან, რომელიც გარდა შიშის ფაქტორისა, ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ამყოფებს ადამიანებს და აიძულებს მათ წინასაარჩევნოდ ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობაზე უარი თქვან.

რაც შეეხება ფატი მამიაშვილის „თხოვნას“, გავცნობოდით გაცილებით საინტერესო მასალას, ვიდრე ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია გახლდათ, შევასრულეთ ეს „თხოვნა“ და შესაბამისად, კიდევ ერთი ახალი დაჯარიმების შესახებ გავიგეთ: 12 მარტს, კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკი“ 822 040 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას თავად კონტროლის პალატა ავრცელებს.

ორიგინალი

ახალი ამბები